... (Q-714), XIX ს.

474. აჰა ინიშნე ნიშანი, შენეულისა რიდისა჻ გარდმიკუეთია ალამი, ჩემო ერთისა კიდისა჻ ესეღა დაგრჩეს სანაცულოდ, მის იმედისა დიდისა჻ რისხვით მობრუნდა ბორბალი, ჩვენზედა ცისა შვიდისა჻

475. ესე წიგნი საყუარელსა, მისსა თანა მინაწერი჻ რა დაწერა გარდაკუეთა, მათ რიდეთა ერთი წვერი჻ თავ მოჴდილსა დაუშვენდა, სისხო თმათა სიგრძე წვერი჻ ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი჻

476. იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი჻ წამერთ მიჰჴდა ფატმანისსა, დღე იარა არ მრავალი჻ რა ავთანდილს გაუსრულდა, საქმე მისი სასურვალი჻ ჴელ აპყრობით ღმერთსა მადლობს, ცნობა სრული არა მთვრალი჻

477. ფატმანს უთხრა გამისრულდა, ჟამად საქმე საწადელი჻ დიდი შენი მოჭირვება, ჩემგან არის გარდუჴდელი჻ წავალ დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი჻ ქაჯეთს ფიცხლა მოვიყვანო, მათი მომსპობ ამწყვედელი჻

478. ხათუნმან უთხრა ჱე ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების჻ მოეშორვების ნათელსა, გული ამისთჳს ბნელდების჻ ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების჻ თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების჻

479. ყმამან ფრიდონის მონანი, უხმნა მასთანა ხლებულნი჻ უბრძანა მკუდარნი აქამდის, აწყა ვართ დაცოცხლებულნი჻ რაცა გჳნდოდა მისითა, სმენითა გაახლებულნი჻ ჩემთა მტერთანი გიჩვენნე, წყლულნი მით ვაგლახებულნი჻

480. მიდით და ფრიდონს უამბეთ, ამბავი არ ნაცქაფავი჻ მე ვერა ვნახავ ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი჻ მან გააჴაფოს ჴმა ჴაფი, კულავ უფრო გასაჴაფავი჻ თქუენ მოგცე ლარი ყუელაი, მე ჩემი ნაალაფავი჻

481. ჩემსა ზედა დიდი არის, ვალი თქუენგან დანადები჻ მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები჻ აწ წაიღეთ ყუელაკაი, მეკობრეთა წანაღები჻ ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი ამად გეძუნწები჻

482. სახლი არ მახლავს არ ძალმაქვს, გაცემა საბოძვარისა჻ მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა჻ უბრძანა წადით წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა჻ ფრიდონს მიართჳთ უსტარი, ჩემგან ძმად ნაფიცარისა჻

წიგნი ავთანდილისა ფრიდონის წინაშე჻

483. დაწერა ფრიდონ მაღალო, სვე სრულო მეფეთ მეფეო჻ ლომისა მსგავსო ძალგულად, მზეო შუქ მოიეფეო჻ მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო჻ უმცროსმან ძმამან შორი შორ, სალამი დავიყეფეო჻

484. ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა, ნაცვალი ჭირ ნახულისა჻ კარგა მოხდომა საქმისა, ჩემისა გაზრახულისა჻ მიცნია მართლად ამბავი, პირისა მზედ სახულისა჻ დამარჩენელი ლომისა, მის ქუესკნელს დამარხულისა჻

485. იგი მზე ქაჯთა მეფესა, ჰყავს ქაჯეთს პატიმარია჻ მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუცა გზა საომარია჻ ნარგიზთათ წვიმა ბროლისა, წვიმს ვარდი ნაწვიმარია჻ ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უომარია჻

486. გულ მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების჻ სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების჻ რაცა მოგინდეს უცილოდ, იქთ იგი არ აგცილდების჻ არ თურე კაცმან დაგიდგნა, ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების჻

487. აწ შემინდევ ვერა გნახე, შორს ამისთვის [წაგიარე]჻ გზა გზა ყოვნა აღარა მცალს, პატიმრადა იგი მთუარე჻ ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე჻ ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეჴმარე჻

488. ამა მონათა ჩემზედა, გარდაუჴდელი გულია჻ ამოდ მსახურეს თქუენიმცა, გული ამათთვის სრულია჻ ქება რად უნდა მას ვინცა, თქუენთანა ხანდაზმულია჻ მსგავსი ყველაჲ მსგავსსა, შობს ესე ბრძენთაგან თქმულია჻

489. ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წაცახვია მან჻ მისცა ფრიდონის მონათა, ვარდმან და ვითა იამან჻ შესთვალა ზეპირ რაც ჴამდა, სრულად მართ ვითა გია მან჻ მათ მარგალიტი უჩვენის, ძოწისა კარმან ღიამან჻

490. მონახა პოვა ავთანდილ, ნავი მისისა მხარისა჻ გამოემართა იგი მზე, პირითა სავსე მთვარისა჻ მაგრა დაგდება უმძიმდა, ფატმანის გულმწუხარისა჻ მისთა გამყრელთა ნაკადი, ჩასდის სისხლისა ღუარისა჻

491. ფატმან უსენ და მონანი, ტირან ცრემლითა ცხელითა჻ იტყუიან მზეო რა გვიყავ, დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა჻ რად დაგჳბნელენ შენისა, მოშორვებისა ბნელითა჻ დაცაგუმარხენო ჴელითა, ჩვენისა დამმარხველითა჻

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასვლა და ტარიელის შეყრა჻