... (Q-714), XIX ს.

569. მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქნათ ჩვენი მონახსენები჻ გავიყოთ კაცი ას ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები჻ სამთავე სამგნით მივმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები჻ მოგვეგებვიან ვემცრობით, ჩვენ ჴრმალსა მივსცემთ მძლედ ნები჻

570. ფიცხლავ შევებნეთ შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა჻ სამთაგან ერთი შეუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა჻ მან ერთმან შიგნით შიგანი, მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა჻ ჴელი კულავ ვხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნაჴმარებსა჻

571. ფრიდონ უთხრა შემიგია, გამიგია ვიცი მე რა჻ მაგა ცხენსა ჩემეულსა, მოასწრობენ კართა ვერა჻ ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა჻ თვარა ყოლა არ გვიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა჻

572. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს, საუბართა ესოდენთა჻ ამა ზედან გაიცინნეს, მათ წყლიანთა სიტყუა ბრძენთა჻ ერთმანეთსა ალაღობნეს, ლაღობათა მათთა ფერთა჻ გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა჻

573. კულავ ერთმანერთსა მიუგეს, სიტყვები არ პირ მკუახები჻ დაასკუნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები჻ გაიყუეს კაცი ას ასი, ყუელაი გმირთა სახები჻ ცხენებსა შესხდეს დაიღეს, მათ მათი ჩაბალახები჻

574. იგი ჭაბუკნი შუქითა, ვნახენ მზისაცა მეტითა჻ მათ სამთა შვიდნი მნათობნი, ჰფარვენ ნათლისა სვეტითა჻ ტარიელ შავსა ზედან ზის, ტანითა მით წერწეტითა჻ დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭურეტელნი ჭურეტითა჻

575. ჩემი აწ ესე ნათქუამი, მათი სახე და დარია჻ რა ზედა წვიმდეს ღრუბელი, და მთათა აღტყდეს ღვარია჻ მოვა და ჴევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია჻ მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია჻

576. თუცა ფრიდონ და ავთანდილ, სიკეთე მიუწდომნია჻ მაგრა ტარიას შემბმელნი, არვისგან მოსანდომნია჻ მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხმონია჻ აწ იყურებდით მსმენელნო, გესმნენ ფიცხელი ომნია჻

577. სამთავე სამად გაიყუეს, თჳთომან თჳთო კარები჻ თანა ჰყუა კაცი სამასი ,ყველაი გმირთა დარები჻ მას ღამით უქნეს სადარნო, უცრუო ანაჩქარები჻ გათენდა გაჩნდეს მიმართეს, თავის თავ ქონდა ფარები჻

578. პირველ ამოდ მიდიოდეს, მგზავრთა რათმე მაგიერად჻ მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახვდეს გულ ხმიერად჻ გულსა შიში არა ქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად჻ მიდგეს გარე მუზარადი, დაიხურნეს ჟამიერად჻

579. ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექნა წრიალი჻ რა ნახნეს კარნი გაახუნეს, ქალაქით გაჰჴდა ზრიალი჻ სამთავე სამგნით მიმართეს, თავსა მით უყვეს რიალი჻ იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქნა ბუკთა ტკრციალი჻

580. მაშინ ქაჯეთს მოიწია, უსაზომო რისხვა ღ~თისა჻ კრონოს წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა჻ მათვე რისხვით გარდუბრუნდა, ბორბალი და სიმგრგვლე ცისა჻ ველი მკუდართა ვერ იტევდა, გადიადდა ჯარი მკვდრისა჻

581. კაცსა უკრავად დაბნედდის, ჴმა ტარიელის ჴაფისა჻ აბჯარსა ფრეწდის გაცუდდეს, სიმაგრე ჯავშან ქაფისა჻ სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირი არ ნახეს კაფისა჻ რა ქალაქს შეჰჴდეს შეიქნა, სიხარკე ციხეს სწრაფისა჻

582. ავთანდილ და ლომი ფრიდონ, შიგნით ერთგან შეიყარნეს჻ მტერნი სრულად აეწყუიტნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს჻ უყივლეს და ერთმანერთი, ნახეს დიდად გაეხარნეს჻ თქუეს ტარიელ რა იქნაო, მისთვის ჭვრეტად თვალნი არნეს჻

583. ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიერისა჻ ციხისა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა჻ მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ჴმალთა წვერისა჻ ათი ათასი ნობათი, უსულო მსგავსი მტვერისა჻

584. ციხისა მცველნი ყუელაი, იდვა მართ ვითა სნეული჻ თავით ფერჴამდი დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული჻ ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული჻ ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქუეს საქმე არს ეს მისეული჻

585. გზანი დახვდეს შეკაზმულნი, ავიდეს და აძურეს ხვრელსა჻ ნახეს მზისა შესაყრელად, გამოეშვა მთვარე გველსა჻ მუზარადი მოეხადა, შვენის აკურა თმასა ლელსა჻ მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა჻

586. ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს჻ ამას გვანდეს ოდეს ერთგან, მუშთარ ზუალ შეიყარნეს჻ მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდენ და შუქნი არნენ჻ აქანამდის ჭირ ნახულთა, ამას იქით გაიხარნეს჻

587. მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ გარდაჭდობილნი ჻ კულავ შეეწებნეს ხშირ ხშირად, ვარდნი ბაგეთათ პობილნი჻ აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამივე ძმობილნი჻ მას მზესა მისცეს სალამი, წარდგეს მართ ვითა ხმობილნი჻

588. მზე მოეგება პირითა, ტურფითა მოცინარითა჻ აკოცა მისთა მშველელთა, ლაღმან ცნობითა წყნარითა჻ მათ მდაბლად მადლი უბრძანა, სიტყუითა მით ნარნარითა჻ ორნივე ერთგან უბნობდეს, ამოთა საუბარითა჻