... (Q-714), XIX ს.

ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა჻

378. ვაჲ საწუთროო სიცრუვით, თავი სატანას ადარე჻ შენი ვერავინ ვერა სცნა, შენი სიმუხთლე სად არე჻ პირი მზისაებრ საჩინო, სად უჩინო ჰყავ სად არე჻ მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა, ოხრად სჩანს ყოვლი სად არე჻

379. ფატმან იტყუის მამეშორა, მზე მნათობი სრულად ჴმელთა჻ სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ჴელთა჻ მას უკანით გაუწყუეტლად, დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა჻ ვერ გავაჴმე თვალთა ჩემთა, მონადენთა წყარო ველთა ჻

380. სახლი და შვილი მამძულდეს, ვჯდი უგულოთა გულითა჻ მას ვიგონებდი მღუიძარე, რა მიმეძინის ლულითა჻ უსენ გამტეხი ფიცისა მიჩნს, უსჯულოთა სჯულითა჻ ვერ მიმიახლოს საახლოდ, კრულმან პირითა კრულითა჻

381. დღესა ერთსა საღამო ჟამ, ჩასლვა იყო ოდენ მზისა ჻ წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა჻ ვიგონებდი სევდა მკლვიდა ,მისისავე გონებისა჻ ვთქუი კრულია ზენაარი, ყოვლისამცა მამაცისა჻

382. მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყუსითა სამითა჻ მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა჻ სასმელ საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა჻ სმიდეს სჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა჻

383. მე უყურებდი უჭვრეტდი, თქუეს ამოდ გავიხარენით჻ მაგრა ჩვენ აქა მოყუასნი, უცხონი შევიყარენით჻ არცა ვიცით ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით჻ ჴამს ერთმანერთსა ამბავი, ჩუენიცა უთხრათ ბარ ენით჻

384. მათ სხვათა მათი ამბავი, თქუეს ვითა მგზავრთა წესია჻ მონამან უთხრა ჱე ძმანო, განგება რამე ზესია჻ მე მარგალიტსა მოგიმკი, თქუენ ქურიმი დაგითესია჻ ჩემი ამბავი ამბავთა, თქუენთაგან უკეთესია჻

385. მე ვარო მონა მეფისა, მაღლისა ქაჯთა მფლობლისა჻ მათ მიხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა჻ მოგუიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა ჻ აწ შვილთა მისთა და მისი, ზრდის უკეთესი მშობლისა჻

386. დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე ვითა ლოდია჻ ვისცა არ დაჰკოდს ყმა მისი, ვერავის დაუკოდია჻ მას უსხენ წვრილნი ძმისწულნი, როსან და ერთი როდია჻ აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ, ქუე ზის მორჭმული წოდია჻

387. გვესმა ამბავი ზღვათ იქით, სიკუდილი დისა მათისა჻ შეიჭირვებდეს ვეზირნი, დაშალეს ქნა ხალვათისა჻ ვითა ვკადროთო დავსება, პირისა ჴმელთა მნათისა჻ როშაქ მონაა თავადი, მონისა ბევრ ათასისა჻

388. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს, მე ტირილსა არ დავხვდები჻ მინდორს წავალ ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები჻ შინა მოვალ შოვებული, ადრე ზედა მოვესწრები჻ მეფე დისა დატირებად, წავიდოდეს წაცავჰყვები჻

389. გჳთხრა მისთა ხელისათა, წავალ თანა წამომყევით჻ წაგჳტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით჻ დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით჻ დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკე გარდმოვდევით჻

390. მინდორ მინდორ მოვდიოდით, ჩუენ ღამესა დია ბნელსა჻ დიდნი რამე სინათლენი, გამოგჳჩნდეს შუა ველსა჻ ვთქუით თუ მზეა ნუთუ ზეცით, ჩამოჭრილა ზედან ჴმელსა჻ დაბნეულნი მივეცენით, გონებასა ჩვენსა მსჯელსა჻

391. ზოგთა თქუეს არის ცისკარი, ზოგთა თქვეს არის მთვარეო჻ მას დარაზმულთა მივმართეთ, ახლოსმცა ვნახეთ ბარეო჻ შორს მოუარეთ მივედით, შემოვადეგით გარეო჻ მით ნათლიდაღმა გამოჰჴდა, ჴმა ჩვენი მოუბარეო჻

392. გჳთხრა ვინ ხართ ცხენოსანნო,თქვენ სახელნი თქვენი თქვენით჻ გულანშაროთ მოციქული, ქაჯეთს მივალ მერიდენით჻ ესე გვესმა მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით჻ პირმზე რამე ცხენოსანი, გავიცადეთ თვალით ჩვენით჻

393. უჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მოელვარებსა჻ მისი ციმციმი მზისაებრ, ეფინებოდა არებსა჻ ძვირ ძვირად გვეუბნებოდა, სიტყუასა რასმე წყნარებსა჻ კბილთაგან შუქი შეადგა, ზედან გიშრისა სარებსა჻

394. კულავ ვეუბენით მას მზესა, ტკბილ მოუბრითა ენითა჻ არ მონა იყო ტყუოდა, ჩუენ ესე შევიგენითა჻ როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაადგა ცხენითა჻ აღარ გავუშვით დაჭირვა, ვჰკადრეთ ენითა ჩვენითა჻

395. კულა ვკითხეთ გვითხარ მართალი, საქმე შენ მზებრ ნათელისა჻ ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ, მანათობელი ბნელისა჻ მან არა გჳთხრა გაუშვა, წყარო ცრემლისა ცხელისა჻ რა საბრალოა გავსილი, მთვარე ჩანთქმული გველისა჻

396. არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი჻ არა არ გჳთხრა ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი჻ ქუშ ქუშად გვეუბნებოდა, კუშტი თავისა მკრძალავი჻ ვითა ასპიტი მჭვრეტელთა, მისით თვალითა მლალავი჻