... (Q-714), XIX ს.

455. მე რომ მჭირს კმარის ნუ მამკლავს, ამისითავე სწორითა჻ მას მკუდარსა ვნახავ მოვკუდები, მე სიკუდილითა ორითა჻ ვერას ვინ მარგებს დასტურად, ვიცი არ რამე ჭორითა჻ არ დაგმორჩილდეს დამქოლე, შავისა ქვითა ყორითა჻

456. გეთქუა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია჻ მისეულთავე რიდეთა, ნაკვეთი გამიგზავნია჻ ესენი ჩემთჳს მის გამო, ტურფანი სანახავნია჻ [თუცა] თუ ფერად ბედისა, ჩემისა მსგავსად შავნია჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა ჻

457. აწ საყუარელსა მიუწერს, გულ ამოსკუნილი მტირალი჻ მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდა ვის ალი჻ დაწერა წიგნი მსმენელთა, გულისა გასაგმირალი჻ ვარდი გააპის გამოჩნდის, მუნ ბროლი გამომჭვირვალი჻

458. ჱე ჩემო ესე უსტარი, არს ჩემგან მონაღვაწები჻ ტანი კალმად მაქუს, კალამი ნაღველსა ამონაწები჻ მე გული შენი ქაღალდად, გულსავე ჩემსა ვაწები჻ გულო შავგულო დაბმულხარ, ნუ აეჴსნები აწ ები჻

459. ხედავცა ჩემო სოფელი, რათა საქმეთა მქმნელია჻ რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთჳს ეგრეცა ბნელია჻ ბრძენნი იცნობენ სწუნობენ, მით მათგან საწუნელია჻ უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე რა დიდი ძნელია჻

460. ხედავ ჩემო ვით გაგუყარნა, სოფელმან და ჟამმან კრულმან჻ ვეღარ გნახე საყუარელი, მხიარული მხიარულმან჻ ნეტარ რა ქნას უშენომან, გულმან შენგან დალახრულმან჻ გაგიცხადა დამალული, გონებამან დაფარულმან჻

461. შენმან მზემან აქანამდის, შენ ცოცხალ არ მეგონე჻ ჩემი მეთქუა გარდასრულდა, სიცოცხლე და ყოვლი ღონე჻ აწ რა მესმა შემოქმედი, ვადიდე და ღ~თსა ვმონე჻ ჩემი ყუელა აქანამდისი, ჭირი ლხინსა შევაწონე჻

462. შენი სიცოცხლე მეყოფის, ჩემად იმედად გულისად჻ გულისა ერთობ წყლულისა, და ასრე დადაგულისად჻ მამიგონებდი გახსოვდე, მე შენთვის დაკარგული სად჻ ვზი მზრდელი სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად჻

463. სხვად ჩემო ჩემი ამბავი, ჩემგან არ მოგეწერების჻ ენა დაშვრების მოსმენით,არვისგან დაიჯერების჻ ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების჻ აწ კულავ ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების჻

464. აწ სოფელმან უარესი, ჭირი ჭირსა მომისართა჻ არ დასჯერდა ბედი ჩემი, მას პატიჟთა მრავალ გვართა჻ კულაცა მიმცა შესაპყრობლად, ქაჯთა ძნელად საომართა჻ ბედმან გჳყო ყველაკაი, ჩემო რაცა დაგუემართა ჻

465. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან჻ გზა გჳრაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან჻ დღისით და ღამით მოყმენი, ნობათსა არ დასცდებიან჻ მათთა შემბმელთა დაჰჴოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან჻

466. ნუთუ ესენი გეგონნეს, სხვათა მებრძოლთა წესითა჻ ნუცა მე მამკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა჻ შენ მკუდარსა გნახავ დავიწვი, ვითა აბედი კვესითა჻ მოგშორდი დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა჻

467. შენ საყუარელო ნუ სჭმუნავ, ჭმუნვითა ამისთანითა჻ ჩემი სთქუა სხვათა მიხვდების, იგი ალვისა ტანითა჻ არამ სიცოცხლე უშენოდ, ვარ აქამდისცა ნანითა჻ ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა჻

468. შენმან მზემან უშენოსა, ვერვის მიხვდეს მთვარე შენი჻ შენმან მზემან ვერვის მიხვდეს, მოცავიდენ სამნი მზენი჻ აქა თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი჻ სული ჩემი შეივედრე, ზეცით მამხვდენ ნუთუ ფრთენი჻

469. ღ~თსა შემვედრე ნუთუ კულა, დამხსნა სოფლისა შრომასა჻ ცეცხლსა წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა჻ მამცნეს ფრთენი და აღვფრინდე, მივხვდე მას ჩემსა ნდომასა჻ დღისით და ღამით ვხედვიდე, მზისა ელვათა კრთომასა჻

470. მზე უშენოდ ვერ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი჻ განაღამცა მას იახელ, მისი ეტლი არ თუ წბილი჻ მუნა გნახო მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი჻ თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკუდილიმცა მქონდა ტკბილი჻

471. მე სიკუდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რადგან სულსა჻ მაგრა შენი სიყუარული, ჩავიტანე ჩამრჩა გულსა჻ მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა჻ ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო ჩემსა სიყუარულსა჻

472. წადი ინდოეთს მიმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა჻ მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ჴელ აუპყრობელსა჻ გულსა ალხინე ჩემისა,მოშორვებისა მთმობელსა჻ მომიგონებდი მტირალსა, შენთჳს ცრემლ შეუშრობელსა჻

473. რაცა ვიჩივლე ბედისა, ჩემისა კმა საჩივარად჻ ცან სამართალი მართალი, გულისა გულსა მივა რად჻ შენთჳს მოვჰკუდები გავხდები, ყორანთა დასახივარად჻ ვირე ცოცხალ ვარ გეყოფი, სატირლად და სატკივარად჻