... (Q-296), XVIII ს.

414. დავაგდე მზღვარი ინდოთა მევლო პაშტაი ხანია რამაზის კაცი მემთხვია ვინ ხატაეთის ხანია მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენი ინდოთა თხანია

415. მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი გითხრობს გკადრებს ნუ ამოგვწყვედ არის შენგან არსაქმნელი ზენაარი გამოგვიღე მით გვაბია ყელსა წნელი მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი შვილნი საქონელი

416. რაცა შეგცოდეთ შეგვინდევ თვით ჩვენვე შეგვინანია თუ ღმრთითა შეგვიწყალებდეთ აქა ნუ მოვლენ სპანია ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს რისხვით არ დაგვტყდეს ცანია შენ მოგცეთ ციხე ქალაქი მოგყვნენ ცოტანი ყმანია

417. გვერდცა დავისხენ ვაზირნი ვიუბნეთ გავიზრახენით მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი ბრძენნი მით გკადრებთ გლახ ენით არიან მეტად მუხთალნი ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით– არამცა მოგკლეს ღალატად არამცა ვივაგლახენით

418. ჩვენ ამას ვარჩევთ წახვიდე კარგითა მართ მამაცითა ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ სცნობდენ ამბავსა კაცითა გულ მართლად იყუნენ მიენდევ აფიცე ღმრთითა და ცითა არ დაგმორჩილდენ შერისხდი რისხვითა კულავ და კვლაცითა

419. მეკეთა ესე თათბირი ვეზირთა ნავაზირები შევსთვალე რამაზ მეფეო ვცან შენი დანაპირები სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები ლაშქართა დავყრი ცოტათა წამოვალ შენკერძ ვირები

420. მათ ლაშქართაგან სამასი კარგნი მოყმენი ქველანი თანა წამამყუეს წაცაველ დავჰყარენ სპანი ყველანი დავედრე სადა მე მევლოს ვლენით იგივე ველანი ახლოს მამდევდით მიშველეთ გიჴმობ თუ მინდენ შველანი

421. სამდღე ვიარე მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა ებრძანა მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა რა შეგეყარო მაშ სცნა შენ ძღნობა ამისთანისა

422. კულაცა ეთქვა მართალია ეზომ ჩემი მონახსენი მე თვით წინა მოგეგები მესწრაფების ნახვა შენი მოვახსენე დია ღმერთო ბრძანება ვჰქენ მეცა თქვენი ტკბილად ვნახნეთ ერთმანეთი ვიყვნეთ ვითა მამაძენი

423. მუნით წასრული ჩამოვჴე ტევრისა რასმე კიდესა კვლავ მოციქულნი მოვიდეს სალამად არ დამრიდესა წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა შენსა ნახვასა მეფენი თქვეს მართლად ინატრიდესა

424. მითხრეს მეფე მოგახსენებს მეცა შენ კერძ ვიარები სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები მოციქულნი დავაყენენ ხარგა დავდგი არ მაზრები მეტად ამოდ ვუალერსე ერთგან დაწვეს ვით მაყრები

425. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების ერთი კაცი უკმორესწყთა მოდგა მალვით მეუბნების დიდი მაცო თქვენი ვალი ჩემგან ძნელად გარდიხდების გაწირვა და დავიწყება ჩემგან შენი არ იქნების

426. მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი თქვენი მესმა საღალატო საცნობელად გამოვარდი მკვდარი მიმძიმს სანახავად ტანი მჭევრი პირი ვარდი ყველასავე მოგახსენებ გამიგონე დამიწყნარდი

427. რომე ცუდად არ მოღორდე ისი კაცი გღალატობენ ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ კვლავ სხვაგან გიდგს სამი ბევრი ასრე ფიცხლად მით გიხმობენ აწვე თავსა არ ეწევი ფათერაკსა შეგასწრობენ

428. მეფე ცოტად მოგეგებვის ვის მჭვრეტნი ვერ ელევიან მალვით ჩაიცმენ აბჯარსა მიენდო მით გეთნევიან კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან რა ერთსა გცემდენ ათასნი ეგრეცა მოგეხვევიან

429. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და ამადლსა გარდვიჴდიდია რომე არ მოვკვდე შემოგზღო შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან წადი მასთანა მიდია თუ დაგივიწყო უთუოდ მეცა ვარ განაკიდია

430. არვის გავენდევ სულდგმულსა დავმალე ვითა ჭორია რაცა იქმნების იქნების ყოვლი თათბირი სწორია მაგრა სპათაკენ გავგზავნენ კაცი გზაცა შორია შევსთვალე ფიცხლავ წამოდით მოგრაგნეთ მთა და გორია

431. მე დილასა მოციქულთა სიტყუა ტკბილი შეუთვალე რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი მოდი მოვალ მეცა მალე ნახევარ დღე სხვა ვიარე ჭირსა თავი არ ვაკრძალე განგებაა დღესცა მამკლავს ქუემცა სადა დავიმალე

432. ქედსა რასმე გარდავადექ მინდორს მტვერი დავინახე ვთქვი თუ მოვა რამაზ მეფე ჩემთვის უდგამს თუმცა მახე ჩემი გაჰკვეთს ჴორცსა მათსა ჴრმალი ბასრი შუბი ახე მაშინ უთხარ სპათა ჩემთა სახე დიდი დაუსახე

433. ვთქვი თუ ძმანო იგი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიენ მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვიცა რად დალბიენ ვინმცა მოკვდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიენ აწ შევებნეთ ხატაველთა ჴრმალნი ცუდად რად გვაბიენ