... (A-656), XIX ს.

373. ბედითი ბნედა სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია სჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია აწ მათი ჯავრნი ჩვენ ზედა ჩვენგან არ დასათმონია

374. შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მნდომია მაგრა აქამდის საუბრად კვლავ ჟამი არ მომხდომია ძოღან ხელქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია მანდა ყველაი მასმია რაცა შენ გარდაგხდომია

375. მართლად გითხრობ მომისმინე ესე რაცა მოგახსენე წა შეები ხატაელთა თავი კარგად გამაჩვენე გიჯობს ცუდად ნუღარა სტირ ვარდი კვლავმცა რად დასტენე მზემან მეტი რაღა გიყოს აა ბნელი გაგითენე

376. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად არ მეკრძალვოდა ჩემი რა გითხრა რა ვიყავ ლხინი რა დამეთვალვოდა გული მი და მო მიარდა კრთებოდა და მემალვოდა მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გაილალვოდა

წიგნი ტარიელისა საყვარელისა თანა მიწერილი პირველი

377. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია პასუხად ვსწერდი მთვარეო შენმცა მზე ვით მოგერია მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს რაცა არ შენი ფერია სიზმრად მგონია დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია

378. ასმათს უთხარ მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები ესე ჰკადრე რადგან მზეო ჩემთვის ნათლად აღმოხდები აჰა მკვდარი გამაცოცხლე ამას იქით აღარ ვბნდები რასაცაღა სამსახურსა ვტყუი თუღა ვერიდები

379. ასმათ მითხრა მე მიბრძანა ესე ვქმნათო ესე სჯობდეს ვინცა გნახოს ჩემგან მისსა საუბნარსა ვერა სცნობდეს ჩემად ნახვად მოვიდოდეს შენ ვითამცა გაშიკობდეს დაცამვედრა ამირბარსა უთხარ ასრე ნამუსობდეს

380. მეკეთა ესე თათბირი სიბრძნე გულისა მისისა მისი მზესაცა რიდება ქონდის ნახვისა ვისისა მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა ვისთა შუქთაგან უკუნსა გვანდის სინათლე დღისისა

381. ასმათს მოვართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა არა არ მინდა ვარ გამაძღარი ამითა ერთი აიღო ბეჭედი მართ აწონილი დრამითა ესე კმა ნიშნად სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა

382. ქალი ადგა წამოვიდა მე ლახვართა გულსა მრიდეს ლხინმან ბნელი გამინათლა დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს შეველ დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა სმიდეს მხიარულმან საბოძვარი გავეც ზამი გაადიდეს

წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა მიწერილი და კაცის გაგზავნა

383. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემმაგიერი მივსწერე მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი ვინცა ურჩ ექმნას იქმნების თავისა არმადლიერი

384. ჩვენნო ძმანო და პატრონნო თქვენგან არ გავიმწარებით ესე რა ნახოთ ბრძანება აქამცა მოიარებით თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ ზედა არ მოგეპარებით სჯობს რომე გვნახნეთ თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით

385. კაცი გავგზავნენ მე გულსა უფრო მომეცა ლხინები დარბაზს ვიშვებდი დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის რაცა ვინები აწ ხელმქმნა რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები

386. პირველ გაჭრისა პირებამერმე დაწყნარდეს ცნობანი ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი ზოგჯერ შემცვიან სევდათა ვთქვნი საწუთროსა გმობანი

387. დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული ვიჯე და მასვე ვიგონებდი არ მიეცა თვალთა რული წიგნი მქონდა საიმედო ამად ვიყავ მხიარული კარის მცველმან მონა უხმო უთხრა საქმე დაფარული

388. მონააო ასმათისი საწოლს უთხარ შემოყვანა მოეწერა გიბრძანებსო ვისი მესვა გულსა დანა ლხინმან ბნელი განმინათლა ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა წავე მონა წავიტანე რამცა უთხარ ამისთანა

389. ბაღნი შეველ არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი ქალი წინა მომეგება მხიარული მოცინარი მითხრა ვაშად ამოგიღე არ გასვია გულსა ნარი მოდი ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი

390. ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვამკრთალითა მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა