ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

331. “მამა მომიკუდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა; ქნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა; მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა; და ერთგულთა შექნეს ვაება, მტერთა ჴსენება იშისა.

332. “მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო გაცუდებული, დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ დაღებული; გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული, და ებრძანა: “შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

333. “ჩვენ უფრო გუტკივის იგი, ვინ დაგუაკლდა სწორად თავისა”. ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა აჴდა შავისა, ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა: და “შენ გქონდეს ამილბარობა, ქნა მისვე საურავისა”.

334. ავენთი, დამწვეს მამისა საჴმილთა დაუშრეტელთა; უკუნის გამომიყვანეს ხასთა მათ წინა მდგომელთა; გამოსლვისათვის ზეიმი შექნეს ინდოეთს მფლობელთა, და შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

335. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცეს ძისა დარად. მის ჴელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად; ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად; და არ მომეშუნეს, დავმორჩილდი, თაყვანი ვეც ამილბარად.

336. “აღარ ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია; გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია. ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია, და მისთა ნაკვეთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია”

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა

337. კვლა დაიწყო თქმა ამბვისა მან, რა ხანი მოიტირა: – დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა; მიბრძანა, თუ: “ქალი ვნახოთ”, ჴელი ჴელსა დამიჭირა. და მის ჟამისა მჴსენებელი მე სულდგმული არ გიკუირა?

338. “ბახჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა: მფრინველთაგან ჴმა ისმოდა უამესი სირინოსა; მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა. და კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

339. “მეფემან აჴმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა, გამოუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა; მაშინ დავიწყე გარდაჴდა მე საწუთროსა ვალისა, და ალმასისა ჴამს ლახვარი ლახურად გულისა სალისა!

340. “ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა, მე გარეთ ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა; ვერას ვხედევდი, ოდენ ჴმა მესმოდა საუბარისა. და ასმათს უბრძანა გამოჴმა დურაჯთა ამირბარისა.

341. ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარეთ ვდეგ მოფარდაგულსა; ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა, მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა. და ვაიმე, მას აქეთ საჴმილსა დაუწვავ ნიადაგულსა! –

342. “აწ წარჴდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!” მისი ვერ გასძლო ჴსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი; ყმა და ასმათი ტიროდეს, ჴმას სცემდეს იგი არენი. და ჭმუნვით თქვეს: “მკლავნი ცუდ ქმნილანი, ვაი, გმირთა მემუქარენი!”

343. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა, დარია; დაჯდა და მწარედ სულთ ითქუნა, ცრემლი მიწასა გარია, და თქვა: – “ჩემგან მისი ჴსენება, ვაიმე, რა დიდი ზარია!

344. მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან; იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან. და ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან.

345. “დურაჯნი მთხოვეს, გავიღე სხვა ვერა გზა ღა თავისა, დავეცი, დავბნდი, წამიჴდა ძალი მჴარსა და მკლავისა, რა სულად მოველ, შემესმა ჴმა ტირილისა და ვისა; და გარე მომრტყმოდა ჯალაბი, ვითა ჩამსხდომი ნავისა.

346. “შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა, ზე დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა, პირსა იხოკდეს ჴელითა, ღაწვისა გამპობელითა. და მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.

347. “მე რა მნახა თვალ-აჴმული, მეფე ყელსა მომეხვია; ცრემლით მითხრა: “შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ ღა სიტყვა თქვიაა!” მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთია დია და კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

348. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარეშემო მცვიდიან; მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან; მტერ დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან. და სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

349. აქიმნიცა იკუირვებდეს: “ესე სენი რაგვარია? სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია”. ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია, და დედოფალი, ზღვასა შეიქს, მას რომ ცრემლი დაუღვრია”.