... (H-741), XIX ს.

450. მივეც ერთი დიდებული: თანა სპანი წავატანენ: ციხოვანნი ერთობილნი: ჩემს წინაშე მოვიყვანენ: ხელთა მამცეს სიმაგრენი: ომი ასრე შევანანენ: საჭურჭლენი სიმრავლითა: რასამცა ვით დავაგვანენ:

451. მაშინღა შეველ ხატაეთს: მოვლად და მოსათვალავად: კლიტენი საჭურჭლეთანი: მომართვეს დაუმალავად: ქვეყანა ჩავსხი უბრძანე: იყვენით თქვენ უკრძალავად: მზემან არ დაგწვენ იცოდით: დაგყარე დაუგვალავად:

452. საჭურჭლენი გარდავნახენ: თავის თავის კიდის კიდე: უცხო ფერთა საჭურჭლეთა: დავშურები თუ მოვსთვალვიდე: ერთგან ვნახე საკვირველი: ყაბაჩა და ერთი რიდე: თუმცა ნახენ სახელისა: ცნობასაცა ინატრიდე:

453. ვერა შევიგენ რა იყო: ანუ ნაქმარი რაულად: ვისცა უჩვენი უკვირდის: ღვთისაგან თქვის მან სასწაულად: არცა ლარულად ჰგებოდა: მას ქსელი არ ორხოულად: სიმტკიცე გვანდის ნაჭედსა: ვსთქვი ცეცხლთა შენართაულად:

454. იგი საძღვნოდ მისად დავხსენ: ვისი შუქი მანათობდა: მეფისათვის დავარჩივე: საარმაღნოდ რაცა სჯობდა: ჯორ აქლემი ათჯერ ასი: ყველაკაი წვივ მაგრობდა: დატვირთული გაუგზავნე: ანბავსაცა კარგსა სცნობდა:

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა ხატაელთა ზედა:

455. წიგნი დავსწერე მეფეო: სვემცა არს თქვენი სვიანად: მე ხატაელთა მიმუხთლეს: თუმცა მათ ეცა ზიანად: ჩემი ანბავი დასტური: ამად გაცნობე გვიანად: მეფე შევიპყარ მოგივალ: მე ალაფიან ტყვიანად:

456. რა ყველაი დავიურვე: ხატავეთით გავემგზავრე: წამოვიხვენ საჭურჭლენი: სახელმწიფო დავიავრე: ვერ მოვეყავ აქლემითა: აზავრები ვააზავრე: მოვირჭვენ და მოვივლინე: რაცა მწადდა აგრე ვყავრე:

457. ხატაეთისა ხელმწიფე: მომყვანდა შეპყრობილია: ჰინდოეთს მიველ მეგება: ჩემი გამზრდელი ტკბილია: რა ქება მითხრა არ ითქმის: ჩემგან სათქმელად წბილია: ხელი გამიხსნა შემიკრა: მან სახვეველი ლბილია:

458. დგანან ტურფანი კარავნი: მოედანს ჩამოდგომილსა: საუბრისა და ჭვრეტისა: ჩემისა მას მონდომილსა: მას დღესა ედვა ნადიმი: მას შიგან გარდაჴდომილსა: მიალერსებდეს მიჭვრეტდა: წინაშე ახლოს ჯდომილსა:

459. მას ღამე ვსხედით ნადიმად: მუნ ამოდ გავიხარენით: დილასა ქალაქს შევედით: მოედნით ავიყარენით: მეფემან ბრძანა ლაშქარნი: უხმენით შემოსჯარენით: დღეს ხატაელნი მიჩვენეთ: ტყვენიცა შემამგვარენით:

460. რამაზ მეფე მას წინაშე: შეპყრობილი მოვიყვანე: ტკბილად ნახა ჴელმწიფემან: ვითა შვილი სააკვანე: ორგული და მოღალატე: ნამსახურსა დავაგვანე: ესე არის მამაცისა: მეტის მეტი სიმგულვანე:

461. მას მეფესა ხატაველსა: უმასპინძლა უალერსა: ჟამიერად უბრძანებდის: საუბარსა მათსა ფერსა: ცისკრად მიხმეს მიბრძანებდეს: მე სიტყუასა ლმობიერსა: შეუნდობო ხატაელსა: მას აქამდის შენამტერსა:

462. მე ვკადრე ღ~თი ვინადგან: შეუნდობს შეცოდებულსა: უყავით თქვენცა წყალობა: მას ღონე გაცუდებულსა: რამაზს უბრძანებს იცოდი: გაგზავნი შეწყალებულსა: მაგრამ ნუ გნახავთ კვლამცაღა: ჩვენს წინა გაწბილებულსა:

463. ხარაჯა დასდვეს შეჰკვეთეს: დრაჰკანი ასჯერ ასია: კვლავ ხატაური ათასი: სხვა სტავრა სხვა ატლასია: მერმე ყველაი დამოსა: იგი და მისი ხასია: შეწყალებული გაგზავნა: უყო რისხვისა ფასია:

464. ხატაელმან დაუმადლა: მოდრკა მდაბლად ეთაყვანა: მოახსენა ორგულობა: თქვენი ღთ~ნ შემანანა: თუღა ოდეს შეღაგცოდო: მაშინ მამკალ მემცა განა: წავიდა და ყველაკაი: მისი თანა წაიტანა:

465. მოვიდა კაცი მეფისა: ცისკრობს არ დანაღამია: ებრძანა შენგან გავჰყრილვარ: მას აქეთ თვეო სამია: მინდორს მოკლული ისრითა: ნადირი არ მიჭამია: არ დამაშვრალხარ წამოდი: თუცა დაშრომის ჟამია:

466. შევეკაზმე დარბაზს მიველ: დამხვდა ჯარი ავაზისა: შავარდნითა სავსე იყო: სრულად არე დარბაზისა: მეფე ქვე ჯდა შეკაზმული: შვენებითა მსგავსი მზისა: გაეხარნეს მოსვლა ჩემი: ტურფისა და ლამაზისა:

467. იდუმალ ცოლსა ეუბნა: მართ ჩემგან უცოდნელია: ომით მოსრული ტარიელ: საჭვრეტად სასურველია: მან გაანათლოს მჭვრეტელთა: გული რაზომცა ბნელია: რაცა დაგვედრო საქნელად: ქენ არა საზოზღნელია:

468. აწ მითქვამს საქმე უშენოდ: შენცა ცან ესე მცნებული: რადგან ქალია სამეფო: ჩვენგანვე სახელ დებული: ვინცაღა ნახავს აწ ნახოს: აჰა დღე ედემს ხლებული: გვერდსა დაისვი ორნივე: სრას დამხვდით მოვალ შვებული: