... (S-1727), 1837 წ.

430. მე დილასა მოციქულთა: სიტყვა ტკბილი შევუთვალე჻ რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი: მოდი მოვალ მეცა ხვალე჻ ნახევარ დღე სხვა ვიარე: ჭირსა თავი არ ვაკრძალე჻ განგებაა დღესცა მამკლავს: ქვემცა სადა დავიმალე჻

431. ქედსა რასმე გარდავადეგ: მინდორს მტვერი დავინახე჻ ვთქვი თუ მოვა რამაზ მეფე: ჩემთჳს უდგამს თუცა მახე჻ ჩემი გაჰკვეთს ჴორცსა მათსა: ხრმალი ბასრი შუბი ახე჻ მაშინ უთხარ სპათა ჩემთა: სახე დიდი დაუსახე჻

432. ვთქვი თუ ძმანო იგი კაცნი: ჩვენ ღალატსა გვიდგებიან჻ მკლავთა თქვენთა სიმაგრენი: ამისთჳსმცა რად დალბიან჻ ვინცა მოკვდეს მეფეთათჳს: სულნი მათნი ზეცას რბიან჻ აწ შევებნეთ ხატაელთა: ხრმალნი ცუდად რას გვაბიან჻

433. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა: ლაღმან სიტყვითა ხაფითა჻ დავეკაზმენით საომრად: ჯაჭვ ჯავშანითა ქაფითა჻ რაზმი დავაწყევ მივმართე: წაველ დიდითა სწრაფითა჻ მას დღესა ჩემი მებრძოლი: ჩემანვე ხრმალმან დაფითა჻

434. მივეახლენით შეგვატყვეს: მათ ტანსა აბჯარცმულობა჻ კაცი მოვიდა მამართვა: მეფისა მოციქულობა჻ ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია: ჩვენ თქვენი არ ორგულობა჻ აბჯრითა გხედავთ შეგქვნია: აწ ამად გულ ნაკლულობა჻

435. შევსთვალე თუ მეცა ვიცი: რაცა ჩემთჳს გაგიგია჻ თქვენ რასაცა სთათბირობდით: არ იქმნების არ იგია჻ აწ მოდით შემებენით ვითა წესი და რიგია჻ მეცა თქვენად დასახოცლად: ჴელი ჴრმალსა დამიგია჻

436. რა მივიდა მოციქული: კვლავმცა რადღა გამოგზავნეს჻ კვამლი შექნეს ლაშქართათჳს: სამალავით გამოვიდნეს჻ გამოვიდნეს მოედანსა თავნი ორგნით აქარავნეს჻ შეჰქმნეს რაზმი მრავალკეცი: თუმცა ღ~თო ვერა მავნეს჻

437. შუბნი ვსთხოვენ ჴელი ჩავჰყავ: მუზარადის დასარქმელად჻ საომარად ატეხილი: ვიყავ მათად გამტეხელად჻ ერთსა წავსწუდი უტევანსა: წავგრძელდი და წაველ გრძელად჻ მათ ურიცხვთა რაზმი ეწყო: წყნარად დგეს და აუშლელად჻

438. ახლოს მიველ შემომხედნეს: შმაგიაო ესე თქვესა჻ მუნ მივმართე მკლავ მაგარმან: სად უფროსი ჯარი დგესა჻ შუბი ვჰკარ და ცხენი დავეც: მართ ორნივე მიჰჴდეს მზესა჻ შუბი გატყდა ჴელი ჩავჰყავ: ვაქებ ხრმალო ვინცა გლესა჻

439. შიგან ასრე გავერივე: გნოლის ჯოგსა ვითა ქორი჻ კაცი კაცსა შემოვსტყორცე: ცხენ კაცისა დავდგი გორი჻ კაცი ჩემგან განატყორცი: ბრუნავს ვითა ტანაჯორი჻ ერთობ სრულად ამოვწყვიტე: წინა კერძი რაზმი ორი჻

440. ერთობილნი მამეხვივნეს: მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი჻ ვკარ რასაცა ვერ დამიდგნის: სისხლსა მჩქეფრსა ამოვღურიდი჻ ცხენსა კაცი გაკვეთილი: მანდიკურად გარდავკიდი჻ სითაც ვიყვი გამექციან: მათ შეჰქნიან ჩემი რიდი჻

441. საღამო ჟამ დაიზახა: ქედით მათმან დარაჯამან჻ ნუღარა სდგათ წაედითო: კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან჻ მოვა მტვერი საშინელი: შეგვაშინა ამად ამან჻ ნუთუ სრულად ამოგვწყვიტნეს: უთვალავმან ბევრმან სპამან჻

442. ჩემნი ლაშქარნი რომელნი: წამომეტანნეს მე არა჻ რა ეცნა წამოსულიყვნეს: ღამე წამორთვით ეარა჻ ვერ დაიტევდა მინდორი: დარე მთათა ეარა჻ გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა: ბუკმან ხმა გაიზიარა჻

443. იგი ნახეს გასაქცევლად: გაემართნეს შევჰკივლენით჻ ველნი ჩვენგან ნაომარნი: ომითავე გარდავლენით჻ რამაზ მეფე ჩამოვაგდე ერთმან ერთსა გავეჴლმენით჻ მისნი სპანი ყუელანივე: დავიპყრენით არ მოვჰკლენით჻

444. უკანანიცა ლაშქარნი: მოესწრნეს მათ გაქცეულთა჻ დაუწყეს პყრობა ჩამოყრა: შეშინებულთა ძლეულთა჻ ძილისა მიხვდა ნაცვლი: ძილ მკრთალთა ღამე თეულთა჻ ტყუეთა მრთელთაცა არ აკლდა: კვნესა მართ ვითა სნეულთა჻

445. მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად჻ ჴელსა ჴრმლითა დავეკოდე: წყლულად მაჩნდა არ ნაღებად჻ ჩემნი სპანი მოვიდიან: საჭვრეტლად და ჩემად ქებად჻ ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან: ქებასაცა მოხსენებად჻

446. ერთსა კაცსა ეყოფოდეს: დიდებანი რომე მჭირდეს჻ ზოგთა შორით დამლოციან: ზოგნი კოცნად გამიპირდეს჻ რომელთაცა გავეზარდე: დიდებულნი ამიტირდეს჻ ჩემგან ხრმლითა განაკვეთნი: ნახეს მეტად გაუკვირდეს჻

447. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი: ალაფი ავაღებინე჻ ერთობ სავსენი მოვიდეს: თავი ვაალაღებინე჻ სისხლითა მძებნელთა ჩემთასა: მინდორი შევაღებინე჻ არ ვბრძოლე კარი ქალაქთა: უომრად გავაღებინე჻

448. რამაზს ვარქვი შემიგნია: საქმე შენი სამუხთალე჻ აწ ეგრეცა შეპყრობილმან: თავი გამოიმართალე჻ სიმაგრეთა ნუ ამაგრებ: ყველა ჴელთა მამათვალე჻ თვარე შენი შეცოდება: მემცა ზედა რად წავსთვალე჻

449. რამაზ მითხრა აღარა არის: ამის მეტი ჩემი ღონე჻ ერთი ჩემი დიდებული: მომეც ზედა მაპატრონე჻ ციხოვანთა გაუგზავნო: საუბარი გამიგონე჻ ჴელთა მოგცემ ყველაკასა: გაღანამცა შენ გაქონე჻