... (S-1727), 1837 წ.

315. მეფემან და დედოფალმან: მიმიყვანეს შვილად მათად჻ საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა: ლაშქართა და ქვეყანათად჻ ბრძენთა მიმცეს სასწავლელად: ჴელმწიფეთა ქცევა ქნათად჻ მოვიწიფე დავემზგავსე: მზესა თვალად ლომსა ნაკვთად჻

316. ასმათ მითხრობდი რაცა სცნა: ჩემგან ამბობა ცილისა჻ ხუთისა წლისა შევიქმენ: მგზავსი ვარდისა შლილისა჻ ჭირად არ მიჩნდის ლომისა: მოკლვა მართ ვითა სირისა჻ არა გაჴდის ფარსადანს: მისი არა სმა შვილისა჻

317. ასმათ შენცა ხარ მოწამე: ჩემისა ფერ მიხდილისა჻ მზესა მე ვსჯობდი შვენებით: ვით ბინდსა ჟამი დილისა჻ იტყოდეს ჩემი მჭვრეტელნი: მზგავსია ედემს ზრდილისა჻ აწ მაშინდლისა ჩემისა: სახე ვარ ოდენ ჩრდილისა჻

318. მე ხუთისა წლისა ვიყავ: დაორსულდა დედოფალი჻ ესე თქვა და ყმამან სულთქმნა: ცრემლით ბრძანა შობა ქალი჻ დაბნედასა მიეწურა: ასმათ ასხა გულსა წყალი჻ თქვა მაშინვე მზესა გვანდა: აწ მედების ვისგან ალი჻

319. ქება არ ითქმის ენითა: აწ ჩემგან ნაუბარითა჻ ფარსადან შექმნა ხარებად: ზეიმითა და ზარითა჻ ყოვლგნით მოვიდეს მეფენი: ნიჭითა მრავალ გვარითა჻ საჭურჭლე გასცეს აივსნეს: ლაშქარნი საბოძვარითა჻

320. საშობელი გაიყარა: ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა჻ მართ მაშინვე ჰგვანდა იგი: მზისა შუქთა ნასამალსა჻ უყვარდით და სწორად უჩნდით: მეფესა და დედოფალსა჻ აწ ვახსენებ ვისგან ჩემი: დაუდაგავს გული ალსა჻

321. ყმა დაბნდა რა სახელისა: ხსენებასა მიეწურა჻ ავთანდილსცა აეტირა: მისმან ცეცხლმან გულსა მურა჻ ქალმან სულად მოაქცია: მკერდსა წყალი მოაპკურა჻ ვთქვა ისმენდი მაგრა ჩემი: სიკვდილისა დღე დასტურა჻

322. მას ქალსა ნესტან დარეჯან: იყო სახელად ხმობილი჻ შვიდისა წლისა შეიქნა: ქალი წყნარი და ცნობილი჻ მთვარისა მგზავსი მზისაგან: შვენებით ვერ შეფრობილი჻ მისსა ვით გასძლებს გაყრასა: გული ალმასად წდობილი჻

323. იგი ასრე მოიწიფა: მე შემეძლო შესლვა ომსა჻ მეფე ქალსა ვით ხედვიდა: მეფობისა ქმნისა მწთომსა჻ მამასავე ჴელთა მიმცეს: რა შევიქენ ამა ზომსა჻ ვბურთობდი და ვნადირობდი: ვით კატასა ვჴოცდი ლომსა჻

324. მეფემან სახლი ააგო: შიგან სამყოფი ქალისა჻ ქვად ფაზარი სხდა კუბო დგა: იაგუნდისა ლალისა჻ პირსა ბაღჩა და საბანლად: სარაჯი ვარდის წყალისა჻ იგი მუნ იყვის მედების: ვისგან სახმილი ალისა჻

325. დღე და ღამე მუჯამრითა: ეკმევოდის ალვა თლილი჻ ზოგჯერ კოშკს ჯდის ზოგჯერ ბაღჩას: ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი჻ დავარ იყო და მეფისა: ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი჻ მას სიბრძნისა სასწავლებლად: თჳთ მეფემან მისცა შვილი჻

326. სრა ედგა მოფარდაგული: ოქსინოთა და შარდითა჻ ვერვინ ვხედევდით შეიქნა: პირითა მინა ვარდითა჻ ასმათ და ორნი მონანი: ჰყვიან იმღერდის ნარდითა჻ მუნ იზრდებოდის ტანითა: გაბაონს განაზარდითა჻

327. თხუთმეტისა წლისა ვიყავ: მეფე მზრდიდა ვითა შვილსა჻ დღისით ვიყვი მას წინაშე: გამიშვებდის არცა ძილსა჻ ძალად ლომსა თვალად მზესა: ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა჻ სროლასა და ასპარეზსა: აქებდიან ჩემგან ქმნილსა჻

328. მოსრნის მხეცნი და ნადირნი: ისარმან ჩემგა რეულმან჻ მერმე ვიბურთი მოედანს: მინდორით შემოქცეულმან჻ შევიდი შევქმნი ნადიმი: ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან჻ აწ საწუთროსა გამყარა: პირმან ბროლ ბალახშეულმან჻

329. მამა მამიკვდა მოვიდა: დღე სიკვდილისა მისისა჻ ქნა გაუცუდდა ფარსადანს: ნიშატისა და ნიშისა჻ მათ გაეხარნეს ვის ზარი: დალევდა მტრისა შიშისა჻ ერთგულთა შექნეს ვაება: მტერთა ხსენება იშისა჻

330. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე: საწუთრო გამწარებული჻ დღისით და ღამით ვაებდი: ვერვისგან სულ დაღებული჻ გაყვანად ხასნი მოვიდეს: მითხრეს მეფისა მცნებული჻ ებრძანა შვილო ტარიელ: ნუ ხარ შავითა ღებული჻

331. ჩვენ უფრო გვტკივის იგი ვინ: დაგვაკლდა სწორად თავისა჻ ასი ებოძა საჭურჭლე: ებრძანა ახდა შავისა჻ ბოძება მისეულისა: სრულისა საკარგავისა჻ შენ გქონდეს ამილბარობა: ქნა მისვე საურავისა჻

332. ავენთი დამწვეს მამისა: სახმილთა დაუშრტელთა჻ უკანით გამომიყვანეს: ხასთა მას წინა მდგომელთა჻ გამოსლვისათჳს ზეიმი: შექნეს ინდოეთს მფლობელთა჻ შორს მამეგებნეს მაკოცეს: პატივით ვითა მშობელთა჻

333. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს: პატივი მცეს ძისა დარად჻ მის ჴელისა საურავი: მათ ორთავე მითხრეს წყნარად჻ ურჩ ვექმენ და მისეულთა: წესთა ქცევა მიჩნდა ზარად჻ არ მამეშვნეს დავმორჩილდი: თაყვანის მცეს ამილბარად჻

334. აღარა ვიცი დამვიწყდეს: თუცა დიადი წელია჻ გიამბო ჩემი ამბავი: განა რაზომცა ძნელია჻ ცრუ და მუხთალი სოფელი: მიწყივ ავისა მქნელია჻ მისთა ნაკვეთსა წინწალი: დამეცეს ხანგრძლად მწველია჻