... (H-403), 1818 წ.

430. რომე ცუდად არ მოღორდე: ისი კაცნი გღალატობენ჻ ერთგან შენთვის დამალულნი: სპანი ასჯერ ათასობენ჻ კვლავ სხვაგან გითქს სამი ბევრი: ასრე ფიცხლად მით გიჴმობენ჻ აწვე თავსა არ ეწევი: ფათერაკსა შეგასწრობენ჻

431. მეფე ცოტათ მოგეგებვის: ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან჻ მალვით ჩაიცმენ აბჯარსა: მიენდო მით გეთნევიან჻ კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი: ყოველგნით მოგეხვევიან჻ რა ერთსა გცემენ ათასნი: ეგრეცა მოგერევიან჻

432. მას კაცსა ამოდ ვეუბენ: და მადლსა გარდვიჴდიდია჻ რომე არ მოვკვდე შემოგზღო: შენ ამას ინატრიდია჻ აწ ამხანაგთა არ გიგრძნან: წადი მათთანა ვლიდია჻ თუ დაგივიწყო უთუოდ: მეცა ვარ განაკიდია჻

433. არვის გავენდევ სულდგმულსა: დავმალე ვითა ჭორია჻ რაცა იქნების იქნების: ყოვლი თათბირი სწორია჻ მაგრა სპათაკენ გავგზავნე: კაცი თუცა გზა შორია჻ შევსთვალე ფიცხლად წამოდით: მოგრაგნეთ მთა და გორია჻

434. მე დილასა მოციქულთა: სიტყვა ტკბილი შევუთვალე჻ რამაზს კადრეთ მოგეგებვი: მოდი მოვალ მეცა მალე჻ ნახევარ დღე სხვა ვიარე: ჭირსა თავი არ ვაკრძალე჻ განგებაა დღესცა მამკლავს: ქუემცა სადა დავიმალე჻

435. ქედსა რასმე გარდავადეგ: მინდორს მტვერი დავინახე჻ ვთქვი თუ მოვა რამაზ მეფე: ჩემთვის უდგამს თუცა მახე჻ ჩემი გაკუეთს ჴორცსა მათსა: ჴრმალი ბასრი შუბი ახე჻ მაშინ უთხარ სპათა ჩემთა: სახე დიდი დაუსახე჻

436. ვთქჳ თუ ძმანო ისი კაცნი: ჩვენ ღალატსა გვიდგებიან჻ მკლავთა თქუენთა სიმაგრენი: ამისთვისმცა რად დალბიან჻ ვინცა მოკუდეს მეფეთათვის: სულნი მათნი ზეცას რბიან჻ აწ შევებნეთ ხატაელთა: ჴრმალნი ცუდად რას გვაბიან჻

437. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა: ლაღმან სიტყვითა ჴაფითა჻ დავეკაზმენით საომრად: ჯაჭვ ჯავშანითა ქაფითა჻ რაზმი დავაწყევ მივმართე: წაველ დიდითა სწრაფითა჻ მას დღესა ჩემი მებრძოლი: ჩემანვე ჴრმალმან დაფითა჻

438. მივეახლენით შეგვატყვეს: მათ ტანსა აბჯარცმულობა჻ კაცი მოვიდა მამართვა: მეფისა მოციქულობა჻ ეთქუა თუ ჟამად გვაჩნია: ჩვენ თქუენი არ ორგულობა჻ აბჯრითა გხედავთ შეგქვნია: აწ ამად გულ ნაკლულობა჻

439. შევსთვალე თუ მეცა ვიცი: რაცა ჩემთვის გაგიგია჻ თქუენ რასაცა ჰსთათბირობდით: არ იქმნების არ იგია჻ ბრძანეთბ მოდით შემებენით: ვითა წესი და რიგია჻ მეცა თქუენთვის დასაჴოცლად: ჴელი ჴრმალსა დამიგია჻

440. რა მივიდა მოციქული: კულავმცა რადღა გამოგზავნეს჻ კვამლი შექნეს ლაშქართათვის: დამალული გაამჟღავნეს჻ გამოვიდნეს მოედანსა: თავნი ორგნით აქარავნეს჻ შეჰქმნეს რაზმი მრავალკეცი: თუცა ღ~თო ვერა მავნეს჻

441. შუბნი ვსთხოვენ ჴელი ჩავყავ: მუზარადის დასარქმელად჻ საომარად ატეხილი: ვიყავ მათად გამტეხელად჻ ერთსა წავსწვდი უტევანსა: წავგრძელდი და წაველ გრძელად჻ მათ ურიცხვთა რაზმი ეწყო: წყნარად დგეს და აუშლელად჻

442. ახლოს მიველ შემომხედნეს: შმაგიაო ესე თქვესა჻ მუნ მივმართე მკლავ მაგარმან: სად უფროსი ჯარი დგესა჻ კაცს შუბი ვჰკარ ცხენი დავეც: მართ ორნივე მიჰჴდეს მზესა჻ შუბი გატყდა ჴელი ჩავჰყავ: ვაქებ ჴრმალო ვინცა გლესა჻

443. შიგან ასრე გავერივე: გნოლის ჯოგსა ვითა ქორი჻ კაცი კაცსა შემოვჰტყორცე: ცხენ კაცისა დავდგი გორი჻ კაცი ჩემგან განატყორცი: ბრუნავს ვითა ტანაჯორი჻ ერთობ სრულად ამოვწყჳტე: წინა კერძი რაზმი ორი჻

444. ერთობილნი მამეხვივნეს: მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი჻ ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგის: სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი჻ ცხენსა კაცი გაკუეთილი: მანდიკურად გარდავჰკიდი჻ სითაც ვიყვი გამექციან: მათ შექნიან ჩემი რიდი჻

445. საღამო ჟამ დაიზახა: ქედით მათმან დარაჯამან჻ ნუღარა სდგათ წაედითო: კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან჻ მოვა მტვერი საშინელი: შეგვაშინა ამად ამან჻ ნუთუ სრულად ამოგვწყვიტნეს: უთვალავმან ბევრმან სპამან჻

446. ჩემნი ლაშქარნი რომელნი: წამომეტანნეს მე არა჻ რა ეცნა წამოსულიყუნეს: ღამე წამორთვით ეარა჻ ვერ დაიტევდა მინდორი: და არე მთათა იარა჻ გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა: ბუკმან ჴმა გაიზიარა჻

447. იგი ნახეს გასაქცევლად: გაემართნეს შევჰკივლენით჻ ველნი ჩვენგან ნაომარნი: ომითავე გარდავლენით჻ რამაზ მეფე ჩამოვაგდე: ერთმან ერთსა გავეხლმენით჻ მისნი სპანი ყუელანივე: დავიპყრენით არ მოვჰკლენით჻

448. უკანანიცა ლაშქარნი: მოესწრნეს მათ გაქცეულთა჻ დაუწყეს პყრობა ჩამოყრა: შეშინებულთა ძლეულთა჻ ძილისა მიხვდა ნაცვლი: ძილ მკრთალთა ღამე თეულთა჻ ტყუეთა მრთელთაცა არ აკლდა: კვნესა მართ ვითა სნეულთა჻

449. მას ადგილსა ნაომარსა: გარდაჰვჴედით მოსვენებად჻ ჴელსა ჴრმლითა დავეკოდე: წყლულად მაჩნდა არ ნაღებად჻ ჩემნი სპანი მოვიდიან: საჭვრეტლად და ჩემად ქებად჻ ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან: ქებასაცა მოხსენებად჻