... (H-403), 1818 წ.

315. ერთი სამეფო საკარგყმო: უბოძა ამილბარობა჻ თვით ამირბარსა ინდოეთს: აქუს ამირსპასალარობა჻ მეფე რა დაჯდის არა სჭირს: ჴელისა მიუმცდარობა჻ სხვად პატრონია მართ ოდენ: არა აქუს კეისარობა჻

316. თვით მეფემან მამაჩემი: დაიჭირა სწორად თავსა჻ თქუა ჩემებრი ამილბარი: ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა჻ ლაშქრობდის და ნადირობდის: აძლევდიან მტერნი ზავსა჻ მას არა ვჰგავ ასრე ვითა: მე სხვა კაცი არა მგავსა჻

317. ძე არა ესვა მეფესა და: დედოფალსა მზისა დარსა჻ ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო: მით აეხვნეს სპანი ზარსა჻ ვაი კრული დღემცა იგი: მე მივეცი ამილბარსა჻ მეფემან თქუა შვილად გავზრდი: თვით ჩემივე გვარი არსა჻

318. მეფემან და დედოფალმან: მიმიყუანეს შვილად მათად჻ საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა: ლაშქართა და ქუეყანათად჻ ბრძენთა მიმცეს სასწავლელად: ჴელმწიფეთა ქცევა ქნათად჻ მოვიწიფე დავემზგავსე: მზესა თვალად ლომსა ნაკუთად჻

319. ასმათ მითხრობდი რაცა ჰსცნა: ჩემგან ამბობა ცილისა჻ ხუთისა წლისა შევიქენ: მსგავსი ვარდისა შლილისა჻ ჭირად არ მიჩნდის ლომისა: მოკლვა: მართ ვითა სირისა჻ არა გაოდის ფარსადანს: მისი არა სმა შვილისა჻

320. ასმათ შენცა ხარ მოწამე: ჩემისა ფერ მიჴდილისა჻ მზესა მე ვჯობდი შვენებით: ვით ბინდსა ჟამი დილისა჻ იტყოდეს ჩემნი მნახავნი: მზგავსია ედემს ზრდილისა჻ აწ მაშინდლისა ჩემისა: სახე ვარ ოდენ ჩრდილისა჻

321. მე ხუთისა წლისა ვიყავ: დაორსულდა დედოფალი჻ ესე რა თქვა ყმამან სულთქმნა: ცრემლით ბრძანა შობა ქალი჻ დაბნედასა მიეწურა: ასმათ ასხა გულსა წყალი჻ თქვა მაშინვე მზესა გვანდა: აწ მედების ვისგან ალი჻

322. ქება არ ითქმის ენითა: აწ ჩემგან ნაუბარითა჻ ფარსადან დაჯდა ხარებად: ზეიმითა და ზარითა჻ ყოვლგნით მოვიდეს მეფენი: ნიჭითა მრავალ გვარითა჻ საჭურჭლე გასცეს აივსნეს: ლაშქარნი საბოძვარითა჻

323. საშობელი გაიყარა: ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა჻ მართ მაშინვე გვანდა იგი: მზისა შუქთა ნასამალსა჻ უყვარდით და სწორად უჩნდით: მეფესა და დედოფალსა჻ აწ ვახსენებ ვისგან ჩემი: დაუდაგავს გული ალსა჻

324. ყმა დაბნდა რა სახელისა: ჴსენებასა მიეწურა჻ ავთანდილსცა აეტირა: მისმან ცეცხლმან გულსა მურა჻ ქალმან სულად მოაქცია: მკერდსა წყალი მოაპკურა჻ თქვა ისმენდი მაგრა ჩემი: სიკუდილისა დღე დასტურა჻

325. მას ქალსა ნესტან დარეჯან: იყო სახელად ჴმობილი჻ შვიდისა წლისა შეიქნა: ქალი წყნარი და ცნობილი჻ მთვარისა მგზავსი მზისაგან: შვენებით ვერ შეფრობილი჻ მისსა ვით გასძლებს გაყრასა: გული ალმასად წდობილი჻

326. იგი ასრე მოიწიფა: მე შემეძლო შესლვა ომსა჻ მეფე ქალსა ვით ხედვიდა: მეფობისა ქნისა მწთომსა჻ მამასავე ჴელთა მიმცეს: რა შევიქენ ამა ზომსა჻ ვბურთობდი და ვნადირობდი: ვით კატასა ვხოცდი ლომსა჻

327. მეფემან სახლი ააგო: შიგან სამყოფი ქალისა჻ ქვად ფაზარი სხდა დათლილი: იაგუნდისა ლალისა჻ პირსა ბაღჩა და საბანლად: სარაჯი ვარდის წყალისა჻ იგი მუნ იყვის მედების: ვისგან სახმილი ალისა჻

328. დღე და ღამე მუჯამრითა: ეკმევოდის ალვა თლილი჻ ზოგჯერ კოშკს ჯდის ზოგჯერ ბახჩას: ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი჻ დავარ იყო და მეფისა: ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი჻ მას სიბრძნისა სასწავლებლად: თვით მეფემან მისცა შვილი჻

329. სრა ედგა მოფარდაგული: ოქსინოთა და შარდითა჻ ვერვინ ვხედევდით შეიქნა: პირითა მინა ვარდითა჻ ასმათ და ორნი მონანი: ჰყუიან იმღერდის ნარდითა჻ მუნ იზრდებოდის ტანითა: გაბაონს განაზარდითა჻

330. თხუთმეტისა წლისა ვიყავ: მეფე მზრდიდა ვითა შვილსა჻ დღისით ვიყვი მას წინაშე: გამიშვებდის არცა ძილსა჻ ძალად ლომსა თვალად მზესა: ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა჻ სროლასა და ასპარეზსა: აქებდიან ჩემგან ქნილსა჻

331. მოსრნის მხეცნი და ნადირნი: ისარმან ჩემგან რეულმან჻ მერმე ვიბურთი მოედანს: მინდორით შემოქცეულმან჻ შევიდი შევქმნი ნადიმი: ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან჻ აწ საწუთროსა გამყარა: პირმან ბროლ ბალახშეულმან჻

332. მამა მამიკუდა მოვიდა: დღე სიკუდილისა მისისა჻ ქნა გაუცუდდა ფარსადანს: ნიშატისა და ნიშისა჻ მათ გაეხარნეს ვის ზარი: დალევდა მტრისა შიშისა჻ ერთგულთა შექნეს ვაება: მტერთა ხსენება იშისა჻

333. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე: საწუთრო გაცუდებული჻ დღისით და ღამით ვაებდი: ვერვისგან სულ დაღებული჻ გაყუანად ხასნი მოვიდეს: მითხრეს მეფისა მცნებული჻ ებრძანა შვილო ტარიელ: ნუ ხარ შავითა ღებული჻

334. ჩვენ უფრო გუტკივის იგი ვინ: დაგვაკლდა სწორად თავისა჻ ასი ებოძა საჭურჭლე: ებრძანა ახდა შავისა჻ ბოძება მისეულისა: სრულისა საკარგავისა჻ შენ გქონდეს ამილბარობა: ქნა მისვე საურავისა჻