ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

311. ხალვა მოსძულდა, შეექნა გულს კაეშანთა ჯარები. თქვა: “წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები, ყოვლგნით გამისჴმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები”; და ბრძანა: “წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები”.

312. “ფარსადანს წინა დაასკუნა გაგზავნა მოციქულისა, შესთვალა: “შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა; აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვსცნა ძალი გულისა, და სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა”.

313. “ფარსადან შექნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან. შესთვალა: “ღმერთსა მადლობა შევსწირე ჴმელთა მფლობელმან, რადგან ეგე ჰქენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან. და აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან”.

314. “ერთი სამეფო, საკარგყმო, უბოძა ამილბარობა. თვით ამილბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა. მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ჴელისა მიუმცთარობა; და სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

315. “თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა. თქვა: “ჩემებრი ამილბარი, ნაძლევი ვარ, ვისცა ჰყავსა!” ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. და მას არა ვგავარ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

316. “ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხუნეს სპანი ზარსა. ვაი, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამილბარსა! და მეფემან თქვა: “შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა”.

317. “მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად, საპატრონოდ ზრდა დამიწყეს ლაშქართა და ქვეყანათად, ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ჴელმწიფეთა ქცევა ქნათად; და მოვიწიფე, დავემგზავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკუთად.

318. ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა. ხუთისა წლისა შევიქენ მგზავსი ვარდისა შლილისა; ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკვლა, მართ ვითა სილისა; და არ ჰგაოდის ფარსადანს მისი არა სმა შვილისა.

319. “ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერმიჴდილისა, მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა; იტყოდეს ჩემნი მნახავნი: “მგზავსია ედემს ზრდილისა”. და აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.

320. “მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”. ესე რა თქვა, ყმამან სულთქნა, ცრემლით ბრძანა: “შობა ქალი”. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი: და თქვა: “მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!

321. “ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა; ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ გვარითა. და საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.

322. “საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა. მართ მაშინვე გუანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა. უყვარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა. და აწ ვაჴსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა.–

323. ყმა დაბნდა, რა სახელისა ჴსენებასა მიეწურა; ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა მურა; ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა. და თქვა: – “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ ა.

324. “მას ქალსა ნესტან დარეჯან იყო სახელად ჴმობილი. შვიდისა წლისა შეიქნა ქალი წყნარი და ცნობილი, მთვარისა მგზავსი, შვენებით მზისაგან არ შეფლობილი და მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წთობილი!

325. “იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესვლა ომსა; მეფე ქალსა თვით ხედვიდა მეფობისა ქნისა მწთომსა, მამასავე ჴელთა მიმცეს, რა შევიქენ ამა ზომსა; და ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

326. “მეფემან კოშკი ააგო, შიგან საყოფი ქალისა; ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა თვალისა, ძირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა; და იგი მუნ იყუის, მედების ვისგან საჴმილი ალისა

327. დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი; ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქურივი, ქაჯეთს გათხოვილი, და მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

328. “სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა; ვერვინ ვხედევდით, შეიქნა პირითა მინა ვარდითა; ასმათ და ორნი ხადუმნი ჰყუიან, იმღერდის ნარდითა; და მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

329. “თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა; დღისით ვიყუი მის წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა; ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა, და სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქნილსა.

330. “მოსრნის მჴეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან; მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან; შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან; და აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!