ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

292. ტარიელსცა აეჴსენა ომი მათი მაშინდელი, თქვა თუ: “მაჴსოვს იგე საქმე, თუცა არის ადრინდელი; ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი; და მით ვტიროდი, მამეგონა მე, გლახ, ჩემი წამწყმედელი.

293. “რას მაქნევდით, რად გინდოდი, ერთმანერთსა რათა ვგვანდით? თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვსა ვჰბანდით. რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით, და აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით”.

294. “მოვიხედენ, მომეწია, რა პატრონი შენი, ვნახე, ჴელმწიფობით შემებრალნეს, ამად ჴელი არ შევახე, თვალთა წინა გამოგექეც, მეტი არა შეუზრახე. და ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს და სხვასა რასმცა დავასახე!

295. “კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება, მას გავექცევი, ვისგანცა ჩემი არა ვსცნა ამება; მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება, და ავად შვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.

296. “აწ ვაშად მოხველ, მიამა ნახვა შენისა პირისა, ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მგზავსი გმირისა, მაგრა გარჯილ ხარ, არა ხარ გარდაუჴდელი ჭირისა: და ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა”!

297. ავთანდილ უთხრა: “ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა? მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა! სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა, და რადგან ვერ შეგცულის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.

298. “ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა; დამიგდია სამსახური მისი, იქნას, რაცა გინდა; იაგუნდი რაზომცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა, და შენ გიახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!

299. ტარიელ უთხრა: “მე შენი გული აწ მემჴურვალების; მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების! მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების, და შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების!

300. “წამოსრულ ხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად; ღმერთმან ქნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილ ხარ მამაცურად. მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილ ვარ ასრე თუ რად! და მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქს ალად, მურად”.

301. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაალებული; ასმათს უბრძანა: “მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული; რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული და კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დასოვლებული.

302. “კაცმან ვით ჰპოოს, ღმრთისაგან რაცა არ დანაბადია! მით გული ჩემი, საჴმილმან აწ ასრე დანაბადია, კვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია; და აწ ჴელთა, ნაცვლად ლინისა, ჩალა მაქვს და ნაბადია.

303. “მაგრამ ღმერთმან მოწყალემან, მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მამცა ამა გზითა: პირველ, შეჰყრის მოყვარეთა ჩემით რითმე მიზეზითა, და კვლა, ნუთუცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა.’’

304. ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ჴამსო, მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს: ღმერთმან ერთი რათ აცხონოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს და შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაღა გინდა წამეკიდოს”.

305. ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მოიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე; მკვდარი მნახო, დამიტირე, სულ-თქმა გაათანისთანე, და მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკუანე”.

306. ღილ-ჩაჴსნილი საამბობლად დაჯდა, მჴარნი ამოყარნა; ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა; ვერ გაახუნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა, და მერმე სულთქვნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოღვარნა.

307. მოსთქვამს: “აჰი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო, იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო, ვინ მოგკუეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო! და ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო!

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა.ოდეს ავთანდილს უამბო პირველი.

308. ისმენდი, მოეც გონება ჩემთა ნათქვამთა სმენასა, საუბართა და სიტყვათა, ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა, იგი, ვინ ხელ მქნის, მოველი მისგან აროდეს ლხენასა, და ვისგან შეუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.

309. “ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექუსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი, უხვი, მდაბალი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, და ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.

310. “მამა-ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი; ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერც ცხადი, ვერცა მპარავი; და ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.