... (H-66), 1832 წ.

296. ხალვა მოსძულდა შეექნა: გულს კაეშანთა ჯარები თქვა წამიღია მტერთათვის: ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი: მაქვს ზეიმი და ზარები ბრძანა წავალ და მეფესა: ფარსადანს შევეწყნარები

297. ფარსადანს წინა დაასკვნა: გაგზავნა მოციქულისა შესთვალა შენ გაქვს მეფობა: ინდოეთისა სრულისა აწ მე მწადს თქვენსა წინაშე: მეცა ვსცნა ძალი გულისა სახელი დარჩეს ჩემისა: ერთგულად სამსახურისა

298. ფარსადან შექნა ზეიმი: ამა ამბისა მცნობელმან შესთვალა ღ~თსა მადლობა: შევსწირე ხმელთა მფლობელმან რადგან ეგე ჰქმენ მეფემან: ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი ასრე პატივ გცე: ვითა ძმამან მშობელმან

299. ერთი სამეფო საკარგყმო: უბოძა ამილბარობა თვით ამირბარსა ინდოეთს: აქვს ამირსპასალარობა მეფე რა დაჯდის არა სჭირს: ჴელისა მიუმცდარობა სხვათ პატრონია მართ ოდენ: არა აქვს კაისარობა

300. თვით მეფემან მამაჩემი: დაიჭირა სწორად თავსა თქვა ჩემებრი ამილბარი: ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა ლაშქრობდის და ნადირობდის: აძლევდიან მტერნი ზავსა მას არა ვგავარ ასრე ვითა: მე სხვა კაცი არა მგავსა

301. ძე არა ესვა მეფესა და: დედოფალსა მზისა დარსა ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო: მით აეხვნეს სპანი ზარსა ვაი კრული დღემცა იგი: მე მივეცი ამილბარსა მეფემან თქვა შვილად გავზრდი: თვით ჩემივე გვარი არსა

302. მეფემან და დედოფალმან: მიმიყვანეს შვილად მათად საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა: ლაშქართა და ქვეყანათად ბრძენთა მიმცეს სასწავლელად: ჴელმწიფეთა ქცევა ქნათად მოვიწიფე დავემზგავსე: მზესა თვალად ლომსა ნაკვთად

303. ასმათ მითხრობდი რაცა სცნა: ჩემგან ამბობა ცილისა ხუთისა წლისა შევიქმენ: მგზავსი ვარდისა შლილისა ჭირად არ მიჩნდის ლომისა: მოკლვა მართ ვითა სირისა არა გაოდის ფარსადანს: მისი არა სმა შვილისა

304. ასმათ შენცა ხარ მოწამე: ჩემისა ფერ მიხდილისა მზესა მე ვსჯობდი შვენებით: ვით ბინდსა ჟამი დილისა იტყოდეს ჩემი მჭვრეტელნი: მზგავსია ედემს ზრდილისა აწ მაშინდლისა ჩემისა: სახე ვარ ოდენ ჩრდილისა

305. მე ხუთისა წლისა ვიყავ: დაორსულდა დედოფალი ესე თქვა და ყმამან სულთქმნა: ცრემლით ბრძანა შობა ქალი დაბნედასა მიეწურა: ასმათ ასხა გულსა წყალი თქვა მაშინვე მზესა გვანდა: აწ მედების ვისგან ალი

306. ქება არ ითქმის ენითა: აწ ჩემგან ნაუბარითა ფარსადან შექმნა ხარებად: ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდეს მეფენი: ნიჭითა მრავალ გვარითა საჭურჭლე გასცეს აივსნეს: ლაშქარნი საბოძვარითა

307. საშობელი გაიყარა: ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა მართ მაშინვე გვანდა იგი: მზისა შუქთა ნასამალსა უყვარდით და სწორად უჩნდით: მეფესა და დედოფალსა აწ ვახსენებ ვისგან ჩემი: დაუდაგავს გული ალსა

308. ყმა დაბნდა რა სახელისა: ხსენებასა მიეწურა ავთანდილსცა აეტირა: მისმან ცეცხლმან გულსა მურა ქალმან სულად მოაქცია: მკერდსა წყალი მოაპკურა ვთქვა ისმენდი მაგრა ჩემი: სიკვდილისა დღე დასტურა

309. მას ქალსა ნესტან დარეჯან: იყო სახელად ხმობილი შვიდისა წლისა შეიქნა: ქალი წყნარი და ცნობილი მთვარისა მგზავსი მზისაგან: შვენებით ვერ შეფრობილი მისსა ვით გასძლებს გაყრასა: გული ალმასად წდობილი

310. იგი ასრე მოიწიფა: მე შემეძლო შესლვა ომსა მეფე ქალსა ვით ხედვიდა: მეფობისა ქმნისა მწთომსა მამასავე ჴელთა მიმცეს: რა შევიქენ ამა ზომსა ვბურთობდი და ვთამაშობდი: ვით კატასა ვჴოცდი ლომსა

311. მეფემან სახლი ააგო: შიგან სამყოფი ქალისა ქვად ფაზარი სხდა დათლილი: იაგუნდისა ლალისა ძირსა ბაღჩა და საბანლად: სარაჯი ვარდის წყალისა იგი მუნ იყვის მედების: ვისგან სახმილი ალისა

312. დღე და ღამე მუჯამრითა: ეკმევოდის ალვა თლილი ზოგჯერ კოშკს ჯდის ზოგჯერ ბაღჩას: ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი დავარ იყო და მეფისა: ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი მას სიბრძნისა სასწავლებლად: თვით მეფემან მისცა შვილი

313. სრა ედგა მოფარდაგული: ოქსინოთა და შარდითა ვერვინ ვხედევდით შეიქნა: პირითა მინა ვარდითა ასმათ და ორნი მონანი: ჰყვიან იმღერდის ნარდითა მუნ იზრდებოდის ტანითა: გაბაონს განაზარდითა

314. თხუთმეტისა წლისა ვიყავ: მეფე მზრდიდა ვითა შვილსა დღისით ვიყვი მას წინაშე: გამიშვებდის არცა ძილსა ძალად ლომსა თვალად მზესა: ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა სროლასა და ასპარეზსა: აქებდიან ჩემგან ქმნილსა

315. მოსრნის მხეცნი და ნადირნი: ისარმან ჩემგა რეულმან მერმე ვიბურთი მოედანს: მინდორით შემოქცეულმან შევიდი შევქმნი ნადიმი: ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან აწ საწუთროსა გამყარა: პირმან ბროლ ბალახშეულმან