... (W-27), XVII ს.

408. მე ლმობიერად დამიტკბა გამწყრალი გამქისებული ახლოს დამისვა მაღირსა აქამდის არღირსებული ანუ მზე იყო ქვეყანად ან მთვარე პირგავსებული მეუბნებოდა დამივსო ცეცხლი ამითა გზებული

409. მიბრძანა თუ გონიერი ჴამს აროდეს არ აჩქარდეს რაცა სჯობდეს მოაგვაროს საწუთროსა დაუწყნარდეს თუ სასიძო არ მოუშვა ვა თუ მეფე გაგვიმწარდეს შენ და იგი წაიკიდოთ ჰინდოეთი გარდაჰქარდეს

410. კულავ თუ სიძე შემოუშვა მე შემირთავს იყოს ასდენ ერთმანერთსა გავეყარნეთ ძოწეულნი გაგვიფლასდენ მათ მორჭმულთა მოივლინონ ჩუენ პატიჟნი გაგვიასდენ ესე ამბვად არ ეგების რომე სპარსნი გაგუიხასდენ

411. მე ვჰკადრე ღ~თნ აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა რა შემოვიდენ ინდოეთს შევიგნა მათი გმირობა უჩუენო ჩემი ძალგული და ჩემი მეომარობა ასრე დავჰჴოცნე შეეძლოს აღარას არ საჴმარობა

412. მიბრძანა თუ ჴამს დიაცი დიაცურად საქმე დედლად დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ ვერ ვიქნები შუა კედლად რა მოვიდეს სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყუეტლად ქნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ჴმელსა ნედლად

413. ასრე ქენ ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო მიპარვით მოკალ სასიძო ლაშქართა ნუ მოირთაო მისთა სპათაცა ნუ დაჰჴოც ზროხათა ვითა ვირთაო დიადი სისხლი უბრალო კაცმანცა ვით იტვირთაო

414. იგი რა მოჰკლა ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქ ინდოეთისა ჭამასა ჩემია მკუიდრი მამული არ მივსცემ არცა დარასა არ დამეჴსნები გაგიჴდი ქალაქსა ვითა ტრამასა

415. ჩემი ყოლე ნურა გინდა სიყვარული არცა ნდომა ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა ქნას მეფემან ყელმოტეხით შემოხვეწა შემოკდომა ჴელთა მოგცეს თავი ჩემი შეგვფეროდეს ერთგან სხდომა

416. ესე მეტად მამეწონა თათბირი და გამორჩევა ჩემთა მტერთა დავაცადე დასაჴოცლად ჴმლისა ქნევა მერმე ავდეგ წამოსავლად მან დამიწყო ქუე ქუე წვევა მწადდა მაგრა ვერ შევმართე შეჭიდება შემოხუევა

417. ხანი დავჰყავ გავეყარე მაგრა გავჴევ ვითა ხელი ასმათ წინა ჩამომიძღვა ჩამდიოდა ცრემლი ცხელი ჭირი ბევრჯელ ვაათასე ლხინი ჩემი ვაერთხელი მერმე წასულა არა მწადდა ამად მივალ არ ფიცხელი

418. გარე ვაქციე ასმათი მუნ ჩემი ჩამოყოლილი ღამით უჭვრეტდი ვარსკვლავთა მე საწოლს ვერ დაწოლილი გულსა დამესვის ლახვარი შავთა წამწამთა სროლილი მისმან შუქმან დამალურჯა დამალება დამდვა წყლული

აქა ხუარაზმშას შვილის სასიძოდ მოსულა და ტარიელისაგან სიკუდილი

419. ხუარაზმშით გამოემართა რამადან მეფის შვილიო მენავეთაცა უბრძანა მოჰკაზმეთ ყოვლგნით ნავიო მთვარე კირჩხიბსა ზედან ზის ჩაუწყუეთ სამძიმარიო მათსა ქებასა ვინ იტყუის ენამ იკრძალოს თავიო

420. მოვიდა კაცი სასიძო მოვაო მოსლვა გვახარა მაგრა თუ ღ~თი რას უზამს არა იცოდა გლახ არა მეფესა მიხუდა სიამე არ სიტყუა ივაგლახა რა მიბრძანა ახლოს მიმიხმო მოდიო თავი დახარა

421. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია გარდავიჴადოთ ქორწილი ჴამს ვითა დასასრულია კაცი გავგზავნოთ მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ სიძუნწე უმეცრულია

422. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი სასიძოცა მოგვივიდა იყუნეს ხანსა არდამზმელნი შიგნით ჩუენნი გაეგებეს გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ველნი

423. მაედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა მოვიდა სიძე გარდაჴდა დღე გვანდა არ აღვსებისა შეიქმნა გასლვა შიგანთა ჯარია მუნ ხასებისა მუნ იყო დგომა ლაშქართა თემთემად დასდასებისა

424. მე დავშური ვითა წესია საურავ გარდაჴდილისა შინა წამოველ მაშურალსა ქნა მომდომოდა ძილისა მონა მოვიდა მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა ადრე მოდიო გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა

425. ცხენისაგან არ გარდავჴე წაველ ფიცხლად დავმორჩილდი ქალი დამხუდა ნატირები ვჰკითხე ცრემლსა რასა მილდი მითხრა შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი გაუწყვედლად ვით გამართლო როგორამცა გავექილდი

426. შევედით ვნახეთ წარბშერჭმით ბალიშსა ზედა მჯდომარე მზე ვეღარას იქს მის მეტსა მას გაენათლა რომ არე წავდეგ მიბრძანა რასა სდგა დღე მიგიჩს წინ საომარე ანუ გამწირე მიტყუე და კულაცა მომიცდომარე