... (W-27), XVII ს.

312. შევსთვალე თუ მეცა ვიცი რაცა ჩემთვის გაგიგია თქუენ რასაცა სთათბირობდით არ იქმნების არ იგია აწ მოდით და შემებენით ვითა წესი და რიგია მეცა თქუენთვის დასაჴოცლად ჴელი ჴმალსა დამიგია

313. რა მივიდა მოციქული კულავცა რადღა გამოგზავნეს კუამლი შექნეს ლაშქართათვის დამალული გაამჟღავნეს სამალავით გამოვიდეს თავნი ორგნით აქარავნეს შექნეს რაზმი მრავალკეცი თუცა ღმერთო ვერა მავნეს

314. შუბნი ვთხოვე ჴელი ჩავჰყავ მუზარადის დასარქმელად საომარად ატეხილი ვიყავ მათდა გამტეხელად ერთსა წავსწუდი უტევანსა წავგრძელდი და წაველ გრძელად მათ ურიცხუთა რაზმი ეწყო წყნარად დგეს და აუშლელად

315. ახლოს მიველ შემომხედნეს შმაგიაო ესე თქუესა მუნ მივმართე მკლავ მაგარმან სად უფროსნი ჯარი დგესა კაცს შუბი ვჰკარ ცხენი დავეც მართ ორნივე მიჰჴდეს მზესა შუბი გატყდა ჴელი ჩავჰყავ ვაქებ ჴმალო ვინცა გლესა

316. შიგან ასრე გავერივე გნოლის ჯოგსა ვითა ქორი კაცი კაცსა შემოვსტყორცე ცხენკაცისა დავდგი გორი კაცი ჩემგან შენატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი ერთობ სრულად ამოვწყუიტე წინა კერძი რაზმი ორი

317. ერთობილნი მომეხვივნეს მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგნის სისხლსა მჩქეფრად დარდმოვღვრიდი ცხენსა კაცი გაკუეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი სითაც ვიყვი გამექციან მათ შექნიან ჩემი რიდი

318. საღამო ჟამ დაიძახნა ქედით მათმან დარაჯამან ნუღარა სდგათო წავედითო კვლა მოგუხედნა რისხვით ცამან მოვა მტვერი საშინელი შეგვაშინნა ამად ამან ნუთუ სრულად ამოგუწყვიტნა უთვალავმან ბევრმან სპამან

319. ჩემნი ლაშქარნი რომელნი წამომეტანნეს მე არა რა ეცნა წამოსულიყუნეს ღამე წამორთვით ეარა ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა იარა გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა ბუკმან ჴმა გააზეარა

320. იგი ვნახეთ გასაქცევლად გაემართნეს შევჰკივლენით ველნი ჩუენგან ნაომარნი ომითავე გარდავლენით რამაზ მეფე ჩამოვაგდე ერთმანერთსა გავეჴლმენით მისნი სპანი ყუელაკანი დავიპყრენით არ მოვჰკვლენით

321. უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა დაუწყეს პყრობა ჩამოყრა შეშინებულთა ძლეულთა ძილისა მიხუდა ნაცვალი ძილმკრთალთა ღამეთეულთა ტყუეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა მართ ვითა სნეულთა

322. მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად ჴელსა ჴლმითა დავეკოდე წყლულად მაჩნდა არნაღებად ჩემნი სწორნი მოვიდიან საჭურეტლად და ჩემად ქებად ვერ იტყუიან ვერ მიმხუდარნი ქებასაცა მოხსენებად

323. ერთსა კაცსა ეყოფოდეს დიდებანი რომე მჭირდეს ზოგთა შორით დამლოციან ზოგნი კოცნად გამიპირდეს რომელთაცა გავეზარდე დიდებულნი ამიტირდეს ჩემგან ჴმლითა გაკუეთილი ნახეს დიდად გაუკვირდეს

324. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი ალაფი ავაღებინე ერთობ სავსენი მოვიდეს თავიცა ვაალაღებინე ჩემთა მებრძოლთა სისხლითა მინდორი შევაღებინე არვინ ვაბრძოლე ქალაქთა უომრად ავაღებინე

325. რამაზს უთხარ შემიგნია საქმე შენი სამუხთალე აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე სიმაგრეთა ნუ ამაგრებ ყველა ჴელთა მომათვალე თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე

326. რამაზ მითხრა აღარაა ამის მეტი ჩემი ღონე ერთი ჩემი დიდებული მომეც ზედა მაბატონე ციხუანთა გაუგზავნო საუბარი გამიგონე ჴელთა მოგცემ ყუელაკასა გაღანამცა შენ გაქონე

327. მივეც ერთი დიდებული თანა სპანი წავატანენ ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყუანენ ჴელთა მომცეს სიმაგრენი ომნი ასრე შევანანენ საჭურჭლენი სიმრავლითა რასმცა ვითა დავაგუანენ

328. მაშინღა შეველ ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად კლიტენი საჭურჭლეთანი მომართუეს დაუმალავად ქუეყანა ჩავსხი უბრძანე იყუენით თქვენ უკრძალავად მზემან არ დაგუწუნეს იცოდით დაგყარენ გაუგვალავად

329. საჭურჭლენი გარდავნახენ თავის თავის კიდისკიდე უცხო ფერთა საჭურჭლეთა დავშურები თუ მოვსთვალვიდე ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე თუმც ნახენ სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე

330. ვერა შევიგენ რა იყო ანუ ნაქმარი რაულად ვისცა უჩუენი უკუირდის ღ~თისაგან თქუის საწაულად არცა ლარულად გდებოდა მას ქსელი არ ორხაულად სიმტკიცე უგავს ნაჭედსა ვთქუი ცეცხლთა შენართაულად

331. იგი საძღუნოდ მისად დავდევ ვისი შუქი მანათობდა მეფისათვის დავარჩივე საარმაღნოდ რაცა სჯობდა ჯორ აქლემი ათჯერ ასი ყუელაკაი წვივმაგრობდა დატვირთული გავუგზავნე ამბავსაცა კარგსა სცნობდა