... (Q-609), XIX ს.

391. დავაგდე მზღვარი ინდოთა: მევლო პაშტაი ხანია: რამაზის კაცი მემთხვია: ხატაეთის ზ~ა ხანია: მან მითხრა მოციქულობა: გულისა მოსაფხანია: ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ: თქვენნი ინდოთა თხანია:

392. მე შემამძღუნეს რამაზისგან: ძღვნად საჭურჭლე საშინელი: გვითხრეს გკადრებს ნუ ამოგვწყვეტ: არის შენგან არ საქნელი: ზენაარი გამოგვიღე: მით გვაბია ყელსა წნელი: მოურბევლად მოგახსენნეთ: თავნი შვილნი საქონელი:

393. რაცა შეგცოდეთ შეგვინდე: თვით ჩვენცა შეგვინანია: თუ ღ~თითა შეგვიწყალებდეთ: აქა ნუ მოვლენ სპანია: ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს: რისხვით არ დაგუტყუეს ცანია: შენ მოგცეთ ციხე ქალაქი: მოგყვენ ცოტანი ყმანია:

394. გვერცა დავისხენ ვაზირნი: ვიუბნეთ გავეზრახენით: მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი: ბერნი მით გკადრებთ გლახ ენით: არიან მეტად მუხთალნი: ჩვენ ერთხელ კულაცა ვნახენით: არამცა მოგკლან ღალატად: არამცა ვივაგლახენით:

395. ჩვენ ამას ვარჩევთ წახვიდე: კარგითა მართ მამაცითა: ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ: სცნობდენ ამბავსა კაცითა: გულ მართლად იყუნენ მიენდე: აფიცე ღ~თითა და ცითა: არ დაგმორჩილდენ შერისხდი: რისხვითა კვლა და კვლაცითა:

396. მეკეთა ესე თათბირი: ვაზირთა ნავაზირები: შევსთვალე რამაზ მეფეო: ვსცან შენი დანაპირები: სიკუდილსა გიჯობს სიცოცხლე: დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები: ლაშქართა დავყრი ცოტათა: წამოვალ შენ კერძ ვირები:

397. მათ ლაშქართაგან სამასნი: კარგი მოყმენი ქველანი: თანა წამომყვეს წაცაველ: დავჰყარენ სპანი ყველანი: დავედრე სადა მე მევლოს: ვლენით იგივე ველანი: ახლოს მამდევდით მიშველდით: გიხმობ თუ მინდა შველანი:

398. სამ დღე ვიარე მემთხვია: სხვა კაცი მისვე ხანისა: კულავ ეძღვნა უცხო მრავალი: შესამოსელი ტანისა: ებრძანა მწადსო სიახლე: შენ ლაღისა და ჯანისა: რა შეგეყარო მაშინ სცნა: შენ ძღნობა ამისთანისა:

399. კულაცა ეთქვა მართალია: აზომ ჩემი მონახსენი: მე თვით წინა მოგეგები: მესწრაფების ნახვა შენი: მოვახსენე დია ღ~თო: ბრძანება ვჰქნა მეცა თქვენი: ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი: ვიყვნეთ ვითა მამა ძენი:

400. მუნით წასული ჩამოვხე: ტევრისა რასმე კიდესა: კულავ მოციქულნი მოვიდეს: სალამად არ დამრიდესა: წინა ტურფათა ტაიჭთა: ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა: შენსა ნახუასა მეფენი: თქვეს მართლად ინატრიდესა:

401. მითხრეს მეფე მოგახსენებს: მეცა შენ კერძ ვიარები: სახლით ჩემით წამოსრული: ხვალე ადრე შეგეყრები: მოციქულნი დავაყენენ: ხარგა დავდგი არ მზირები: მეტად ამოდ უალერსე: ერდგან დაწვეს ვით მაყრები:

402. კარგი საქმე კაცსა ზ~ა: აზომ თურმე არ წაჴდების: ერთი კაცი უკმორესწთა: მოდგა მალვით მეუბნების: დიდი მაცო თქვენი ვალი: ჩემგან ძნელად გარდიხდების: გაწირვა და დავიწყება: ჩემგან თქვენი არ იქნების:

403. მე მამისა თქვენისაგან: ვარ ცოტაი განაზარდი: თქვენი მესმა საღალატო: საცნობელად გამოვარდი: მკუდარი მიმძიმ სანახავად: ტანი მჭევრი პირი ვარდი: ყველასავე მოგახსენებ: გამიგონე დამიწყნარდი:

404. რომე ცუდად არ მოღორდე: ისი კაცნი გღალატობენ: ერთგან შენთვის დამალულნი: სპანი ასჯერ ათასობენ: კულავ სხვაგან გითქს სამი ბევრი: ასრე ფიცხლად მით გიჴმობენ: აწვე თავსა არ ეწევი: ფათერაკსა შეგასწრობენ:

405. მეფე ცოტათ მოგეგებვის: ვის მჭურეტნი ვერ გელევიან: მალვით ჩაიცმენ აბჯარსა: მიენდო მით გეთნევიან: კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი: ყოველგნით მოგეხვევიან: რა ერთსა გცემენ ათასნი: ეგრეცა მოგერევიან:

406. მას კაცსა ამოდ ვეუბენ: და მადლსა გარდვიჴდიდია: რომე არ მოვჰკვდე შემოგზღო: შენ ამას ინატრიდია: აწ ამხანაგთა არ გიგრძნან: წადი მათთანა მიდია: თუ დაგივიწყო უთუოდ: მეცა [...] განაკიდია:

407. არვის გავენდევ სულდგმულსა: დავმალე ვითა ჭირია: რაცა იქნების იქნების: ყოვლი თათბირი სწორია: მაგრა სპათაკენ გავგზავნე: კაცი თუ გზაცა შორია: შევსთვალე ფიცხლად წამოდით: მოგრაგნეთ მთა და გორია:

408. მე დილასა მოციქულთა: სიტყუა ტკბილი შევუთვალე: რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი: მოდი მოვალ მეცა მალე: ნახევარ დღე სხვა ვიარე: ჭირსა თავი არ ვაკრძალე: განგებაა დღესცა მამკლავს: ქვემცა სადა დავიმალე:

409. ქედსა რასმე გარდავადეგ: მინდორს მტვერი დავინახე: ვთქვი თუ მოვა რამაზ მეფე: ჩემთვის უდგამს თუცა მახე: ჩემი გაჰკვეთს ჴორცსა მათსა: ჴრმალი ბასრი შუბი ახე: მაშინ უთხარ სპათა ჩემთა: სახე დიდი დაუსახე:

410. ვთქვი თუ ძმანო ისი კაცნი: ჩვენ ღალატსა გვიდგებიან: მკლავთა თქუენთა სიმაგრენი: ამისთვისმცა რად დალბიან: ვინცა მოკუდეს მეფეთათვის: სულნი მათნი ზეცას რბიან: აწ შევებნეთ ხატაელთა: ჴრმალნი ცუდად რას გვაბიან :