ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

252. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი: “ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი. წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა ჩამოსთესი, და აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.

253. “მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე, არ ეგების, ამას იქით თუცა თავი არ გამონე, არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნიე, დაგაღონე; და შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე.

254. “აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები, რასაცა ეძებ, მიხვდები, უცილოდ არ ასცილდები; თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომცა ცრემლსა მილდები, და მოგხუდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გაცასწბილდები”.

255. ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა: ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა, უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა, და ზედ წაადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ ვასა.

256. “ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე, წავალ თოკთა მოსახუმელად, მწადსო, თუცა ამოგზიდე”; მას ქუეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე, და შემოჰყივლა: “არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე!”

257. “აწ, დაო, შენთა ჴელთაა ჩემი საბელი ყელისა, სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ჴელისა; რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა, და თუარა ვისმც ექნა გორლითა შეკურა თავისა მრთელისა!”

258. ქალმან უთხრა: “მამეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი; ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი და რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.

259. “იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვების; თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან დაგეყოვნების მოილოდინე, მოვიდეს, რაზომმცა დაგეყოვნების, და დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.

260. “გითხრობ, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა; მე ასმათ მქუიან, რომელსა წვა მჭირს ცეცხლისა ცხელისა, და სულ თქვა სულ თქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

261. “ამის მეტსა ვერას გითხრობ სხვა ამბავსა ამისთანსა: ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა, ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა ჴორცსა მისგან მონატანსა, და აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

262. “ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო; რა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვითა მოვაგვარო; ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო, და თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”.

263. ქალსა ყმამან მოუსმინა, დამორჩილდა, დართო ნება. ამა ზედა მოიხედნეს, ჴევით ესმა ჩხაპუნება; მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოვანება, და უკუ რიდეს და აღარა ქნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

264. ქალმან უთხრა: მოგცა, ყმაო, ჟამად, ღმერთმან რაცა გინა, მაგრა თავი უჩინო ჰქენ, დამალული იყავ შინა; იმა ყმისა მეუნებლე ჴორციელი არავინა; და ნუთუ ვითა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”.

265. ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან მალვით მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა, შვენოდა კაპარჭ ჴრმალითა, ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესრთავითა, და ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

266. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან; შეჴსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან; და დადუმდეს, ცრემლნი მოჰკუეთნა შავმან გიშრისა დანამან.

267. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყუე, საკნით ნააზატები. მან ქალმან ქუეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები; მაზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ მონამატები, და სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

268. მან ქალმან ჴელჰყო კუესითა გზება ცეცხლისა ნელისა, ეგონა ჭამა ჴორცისა შემწურისა, შეუქმნელისა; მიუპყრა, ერთი აჴლიჩა, ქნაა საქმისა ძნელისა, და ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

269. ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი; შეჰკრთა, დიდი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი, იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი. და ცალკე ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენაჭვრეტი.

270. “რად დაბრუნდი? — მოაჴსენა, — “მითხარ, რაცა წაგეკიდა!” მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, ჰყუეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, და იგი მინდორს ნადირობდა, იფანჩოდა მარეკი და.

271. “სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე: არ მივეო ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე, მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე”. და დღეს ნუთუცა უკუ მრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე”.