... (H-302), 1803 წ.

333. შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვჰტყორცე, ცხენ კაცისა დავსდგი გორი, კაცი ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი, ერთობ სრულად ამოვწყვიტე, წინა კერძი რაზმი ორი-

334. ერთობილნი მამეხვივნეს, მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი, ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი, ცხენსა კაცი გაკუეთილი, მანდიკურად გარდავკიდი, სითაც ვიყვი გამექციან, მათ შექნიან ჩემი რიდი-

335. საღამო ჟამ დაიზახა, ქედით მათმან დარაჯამან, ნუღარა სდგათ წაედითო, კულავ მოგვხედნა რისხვით ცამან, მოვა მტუჱრი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან, ნუთუ სრულად ამოგვწყვიტნეს, უთვალავმან ბევრმან სპამან-

336. ჩემნი ლაშქარნი რომელნი, წამომეტანნეს მე არა, რა ეცნა წამოსულიყუნეს, ღამე წართვითა ეარა, ვერ დაიტევდა მინდორი, და არე მთათა იარა, გამოჩნდეს ჰსცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ჴმა გაიზიარა-

337. იგი ჰნახეს გასაქცევლად, გაემართნეს შევჰკივლენით, ველნი ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავლენით, რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმან ერთსა გავეჴლმენით, მისნი სპანი ყუელანივე, დავიპყრენით არ მოვჰკლენით-

338. უკანანიცა ლაშქარნი, მოესწრნეს მათ გაქცეულთა, დაუწყეს პყრობა ჩამოყრა, შეშინებულთა ძლეულთა, ძილისა მიხვდა ნაცვლი, ძილ მკრთალთა ღამე თეულთა, ტყუეთა მრთელთაცა არ აკლდა, კუნესა მართ ვითა სნეულთა-

339. მას ადგილსა ნაომარსა, გარდაჰვჴედით მოსვენებად, ჴელსა ჴრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა არ ნაღებად, ჩემნი სპანი მოვიდიან, საჭვრეტლად და ჩემად ქებად, ვერ იტყვიან ვერ მიმხუდარან, ქებასაცა მოხსენებად-

340. ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს, ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს, რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი ამიტირდეს, ჩემგან ჴრმლითა განაკუჱთნი, ნახეს მეტად გაუკვირდეს-

341. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე, ერთობ სავსენი მოვიდეს, თავი ვაალაღებინე, სისხლითა მძებნელთა ჩემთასა, მინდორი შევაღებინე, არ ვბრძოლე კარი ქალაქთა, უომრად გავაღებინე-

342. რამაზს ვარქვი შემიგნია, საქმე შენი სამუხთალე, აწ ეგრეცა შეპყრობილმან, თავი გამოიმართალე, სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ჴელთა მამათვალე, თუარე ესდენ შეცოდება, მემცა ზედა რად წავსთვალე-

343. რამაზ მითხრა აღარა არის, ამის მეტი ჩემი ღონე, ერთი ჩემი დიდებული, მომეც ზედა მაპატრონე, ციხოვანთა გაუგზავნო, საუბარი გამიგონე, ჴელთა მოგცემ ყველაკასა, გაღანამცა შენ გაქონე-

344. მივეც ერთი დიდებული, თანა სპანი წავატანენ, ციხოვანნი ერთობილნი, ჩემს წინაშე მოვიყვანენ, ჴელთა მომცეს სიმაგრენი, ომი ასრე შევანანენ, საჭურჭლენი სიმრავლითა, რასამცა ვით დავაგვანენ-

345. მაშინღა შეველ ხატაეთს, მოვლად და მოსათვალავად, კლიტენი საჭურჭლეთანი, მომართვეს დაუმალავად, ქვეყანა ჩავსხი უბრძანე, იყვენით თქვენ უკრძალავად, მზემან არ დაგწვენ იცოდით, დაგყარე გაუგვალავად-

346. საჭურჭლენი განვიხილენ, თავის თავის კიდის კიდე, უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავჰშურები თუ მოვსთვალვიდე, ერთგან ვნახე საკვირველი, ყაბაჩა და ერთი რიდე, თუმცა ნახენ სახელისა, ცოდნასაცა ინატრიდე-

347. ვერა შევიგენ რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად, ვისცა უჩვენი უკვირდის, ღ~თისაგან თქვის მან სასწაულად, არცა ლარულად ჰგებოდა, მას ქსელი არ ორხოულად, სიმტკიცე ჰგუანდის ნაჭედსა, ვთქვი ცეცხლთა შენართაულად-

348. იგი საძღვნოდ მისად დავჰხსენ, ვისი შუქი მანათობდა, მეფისათვის დავარჩივე, საარმაღნოდ რაცა სჯობდა, ჯორ აქლემი ათჯერ ასი, ყველაკაი წვივ მაგრობდა, დატვირთული გაუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა-

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა ხატაელთა ზედა

349. წიგნი დავსწერე მეფეო, სვემცა არს თქვენი სვიანად, მე ხატაელთა მიმუხთლეს, თუცა მათ ეცა ზიანად, ჩემი ამბავი დასტური, ამად გაცნობე გვიანად, მეფე შევიპყარ მოგივალ, მე ალაფიან ტყვიანად-

350. რა ყუჱლაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე, წამოვიხუენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე, ვერ კმა მეყო აქლემითა, აზავრები ვააზავრე, მოვირჭუენ და მოვივლინე, რაცა მწადდა აგრე ვყავრე-

351. ხატაეთისა ჴელმწიფე, მომყვანდა შეპყრობილია, ჲინდოეთს მიველ მეგება, ჩემი გამზრდელი ტკბილია, რა ქება მითხრა არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია, ჴელი გამიხსნა შემაკრა, მან სახვეველი ლბილია-