... (H-302), 1803 წ.

274. გავგზავნე კაცი ხატაეთს, და წიგნი ჩემაგიერი, მივსწერე მეფე ჲინდოთა, არს ღთისა მიერ ძლიერი, მათი ერთგული გაძღების, ყოველი კაცი მშიერი, ვინცა ურჩ ექმნას იქმნების, თავისა არ მადრიერი-

275. ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიწბილები, ესე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით, თქვენ თუ არ მოხუალთ ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით, სჯობს რომე გუნახოთ თავისა, სისხლთ ნუ ეზიარებით-

276. კაცნი გავგზავნენ მე გულსა, მომეცა უფრო ლხინები, დარბაზს ვიშუჱბდი დამევსო, ცეცხლი წვად მოუთმინები, მაშინ სოფელმან საწუთრო, მიუხვის რაცა ვინები, აწ ჴელ მქმნა რომე საახლოდ, მჴეცთაცა მოვეწყინები-

277. პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაჰსწყნარდეს ცნობანი, ჩემთა ჰსწორთაგან იყვნიან, ჩემს წინა დარბაზობანი, მაგრამ დამშლიდეს ლხინთაგან, სურვილთა დიადობანი, ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვჰთქვენი საწუთროს გმობანი-

278. დღესა ერთსა საწოლს მოველ, მეფის სრითა წამოსრული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული, წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული, კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული-

279. მონააო ასმათისი, საწოლს უთხარ შემოყუანა, მოეწერა გიბრძანებსო, ვისი მესვა გულსა დანა, ლხინმა ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა, წაველ მონა წავიტანე, რამცა უთხარ ამისთანა-

280. ბაღჩა შევვლე არა დამხუდა, კაცი ჩემი მოუბარი, ქალი წინა მამეგება, მხიარული მოცინარი, მითხრა ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი, მოდი ნახე ვარდი შენი, უფურჭკნელი და დაუმჭკნარი-

281. აზიდნა ქალმან ფარდაგი, მძიმე თავისა ძალითა, სადა ჰსდგას კუბო შემკული, ბალახშითა და ლალითა, შიგან ჰსჯდა იგი პირითა, მზისაებრ ელვა მკრთალითა, მე შემომხედის ლამაზად, მის მელნის ტბისა თვალითა-

282. დიდხან ვდეგ და არა მითხრა, სიტყვა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედის, ვითამც რამე შინაურსა, ასმათ უჴმო მოიუბნეს, ქალი მოდგა მითხრა ყურსა, აწ წადიო ვერას გითხრობს, მე კულავ მიმცა ალმან მურსა-

283. ასმათ გამომყუა წამოველ, ფარდაგი გამოვიარე, ვჰსთქუი საწუთროო ვის წეღან, გული დარმანთა მიარე, მაშინ გლახა მომეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე, გულმან გაყრისა სიძნელე, კულავ უფრო დაიტიარე-

284. ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი, მითხრა ეგრე წასვლისათვის, ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დაჴაშ, სიხარულის კარი აღი, სირცხვილი აქუს საუბრისა, მერმე თავსა კრძალავს ლაღი-

285. მე უთხარ დაო შენგან ვეჭუ, ამა გულისა წამალსა, ზენაარ სულთა ნუ გამყრი, ამბვითა მშრეტდი ამ ალსა, ჩემთანა წიგნსა ნუ გაჰსწყუეტ, შენ ზედა ზედა მავალსა, თუ რას სცნობ ჩემთვის არ ვეჭუ, მე შენგან არ დანამალსა-

286. შევჯე წამოველ მჰდიოდა, ნაკადი ცრემლთა მილისა, საწოლს შემოვე ჴელ ქმნილსა, ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ, მე ულურჯესი ლილისა, ღამე მერჩია მეწადა, არ გათენება დილისა-

287. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსულისა დრონია, სიტყუანი შემოეთვალნეს, ლაღნი და უკადრონია, არცა რამ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არ ციხე უმაგრონია, ვინ არის თქუენი ჴელმწიფე, ჩვენზედა რა პატრონია-

წიგნი ხატაველთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად

288. მოეწერა რამაზ მეფე, წიგნს გიწერსა ტარიელსა, გამიკუირდა რა ეწერა, წიგნსა შენგან მონაწერსა, რაგუარა თუ მანდა გეჴმე, ვინ ჰპატრონობ ბევრსა ერსა, ამის მეტსა ნუღა ვნახავ, კულავღა წიგნსა შენ მიერსა-

289. ვუბრძანე წუჱვა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია, იგი ვარსკულავთა ურიცხვი, მოკრბეს ჰინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყუელანი, მართ ჩემკენ მონასხრპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო, მინდორი კლდე კაპანია-

290. ფიცხლა მოვიდეს არ ექნა, მათ შინა ხანდაზმულობა, აღლუმი ვნახე მეკეთა, ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიტურფე, აბჯართა ხვარაზმულობა-

291. ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა, ლაშქრითა უთვალავითა, თავსა ვჰსტიროდი ვიტყოდი, ბედითა მეტად ავითა, მზე თუ არ ვნახო არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა-

292. შინა მიველ დაღრეჯილსა, გულსა სევდა მიიეფდა, თვალთა ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა, ბედი ჩემი უბედური, ვჰსთქუი ჯერთაცა ვერ გამეფდა, ჴელმან ვარდი რად იხელთა, რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა-