... (S-2781), XIX ს.

314. თჳთ მეფემან მამაჩემი დაიჭირა სწორად თავსა სთქუა ჩემებრი ამირბარი ნაძლევი ვარ ვისმცა ჰყავსა ლაშქრობდის და ნადირობდის აძლევდიან მტერნი ზავსა მას არა გავ ასრე ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა

315. ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო მით აეხვნეს სპანი ზარსა ვა კრულია დღემცა იგი მე მივეცი ამირბარსა მეფემ ბრძანა შვილად გავზრდი თვით ჩემივე გვარი არსა

316. მეფემან და დედოფალმან მიმიყუანეს შვილად მათად საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ჴელმწიფეთა ქცევაქმნათად მოვიწიფე დავემსგავსე მზესა თვალად ლომსა ნაკვთად

317. ასმათ მითხრობდი რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკულვა მართ ვითა სირისა არა გაოდა ფარსადანს მისი არა სმა შვილისა

318. ასმათ შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერმიხდილისა მზესა მე ვსჯობდი შვენებით ვით ბინდსა ჟამი დილისა იტყოდეს ჩემი მნახავნი მსგავსია ედემს ზრდილისა აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა

319. მე ხუთისა წლისა ვიყავ დაორსულდა დედოფალი ესე რა სთქუა ყმამან სულთქნა ცრემლით ბრძანა შობა ქალი დაბნედასა მიეწურა ასმათ ასხა გულსა წყალი სთქუა მაშინვე მზესა გუანდა აწ მედების ვისგან ალი

320. ქება არ ითქმის ენითა აწ ჩემგან ნაუბარითა ფარსადან დასჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალგუარითა საჭურჭლე გასცეს აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა

321. საშობელი გაიყარა ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა მართ მაშინვე ჰგუანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა უყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა აწ ვახსენებ ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა

322. ყმა დაბნდა რა სახელისა ხსენებასა მიეწურა ავთანდილსცა აეტირა მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა ქალმან სულად მოაქცია მკერდსა წყალი დააპკურა სთქუა ისმენდი მაგრამ ჩემი სიკუდილისა დღე დასტურა

323. მას ქალსა ნესტანდარეჯან ერქუა სახელად ხმობილი შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი მთოვარისა მსგავსი შვენებით მზისაგან ვერშეფრობილი მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი წთობილი

324. იგი ასრე მოიწიფა მე შემეძლო შესლვა ომსა მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა მამასავე ჴელთა მიმცეს რა შევიქმენ ამა ზომსა ვბურთობდი და ვნადირობდი ვით კატასა ვხოცდი ლომსა

325. მეფემან სახლი ააგო შიგან სამყოფი ქალისა ქუად ფაზარი სხდა კუბო დგა იაგუნდისა ლალისა ძირსა ბაღჩა საბანლად სარაჯი ვარდისწყალისა იგი მუნ იყვის მედების ვისგან სახმილი ალისა

326. დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი ზოგჯერ კოშკს სჯდის ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი დავარ იყო და მეფისა ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი

327. სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა ვერვინ ვხედევდით შეიქნა პირითა მინავარდითა ასმათ და ორნი მონანი ახლდენ იმღერდის ნარდითა მუნ იზრდებოდის ტანითა გაბაონს განაზარდითა

328. თხუთმეტისა წლისა ვიყავ მეფე მზრდიდა ვითა შვილსა დღისით ვიყვი მას წინაშე გამიშვებდის არცა ძილსა ძალად ლომსა თვალად მზესა ტანად ვგუანდი ედემს ზრდილსა სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა

329. მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან მერმე ვიბურთი მოედანს მინდორით შემოქცეულმან შევიდი შევქმნი ნადიმი ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლბადახშეულმან

330. მამა მომიკვდა მოვიდა დღე სიკუდილისა მისისა ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა მათ გაეხარნეს ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა ერთგულთა შექმნეს ვაება მტერთა ხსენება იშისა

331. მე წელიწდამდის ბნელსა ვსჯე საწუთროგაცუდებული დღისით და ღამით ვვაებდი ვერვისგან სულდაღებული გაყვანად ხასნი მოვიდეს მითხრეს მეფისა მცნებული ებრძანა შვილო ტარიელ ნუ ხარ შავითა ღებული

332. ჩვენ უფრო გვტკივის იგი ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა ასი ებოძა საჭურჭლე ებრძანა ახდა შავისა ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა შენ გქონდეს ამილბარობა ქმნა მისვე საურავისა

333. ავენთი დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა უკუნით გამომიყვანეს ხასთა მათ წინამდგომელთა გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა შორს მომეგებნეს მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა