... (S-2781), XIX ს.

195. ცხენსა მისცა საძოვარი ვირე მწვადი შეიწოდეს ექვსნი ვინმე ცხენოსანნი ნახა მისკენ მივიდოდეს ჰსთქუა თუ გვანან მეკობრეთა თვარა კარგი რამც იცოდეს აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს

196. ჴელთა ჰქონდა მშვილდისარი მათკენ მივა მხიარული ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული თავსა იყო დაკოდილი შეებნიდა სისხლსა გული სტიროდეს და იჭირვოდეს ცოტა ედგა მას გლახ სული

197. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ მეკობრეთა დაგამსგავსენ მათ მიუგეს დაგვიწყნარდი გვიშველე რა ცეცხლნი ავსენ ვერა გვარგო მოგვიმტკივნე ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ სატირელნი მოგვიტირენ ღაწვნი შენცა დაიმხავსენ

198. ავთანდილ მიდგა ეუბნა მათ კაცთა გულმდუღარეთა მათ უთხრეს თვისი ამბავი ტირილით მოუბარეთა ჩვენ ვართო ძმანი სამნივე მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა დია გვაქვს ციხექალაქი ხატაეთს არემარეთა

199. კარგი გვესმა სანადირო ნადირობას წამოვედით გუყვეს ლაშქარნი უთვალავნი წყლისა პირსა გარდავხედით სანადირო მოგვეწონა თუჱსა ერთსა არ წავედით ვხოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით

200. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანერთსა სამნიუჱ ჩვენ კიდე დავეცილენით მე უკეთ მოვჰკლავ მე გჯობო სიტყვანი ვავაქილენით ვერ გავაჩინეთ მართალი ვისარჩლეთ ვითაკილენით

201. დღეს ავჰყარენით ლაშქარნი სავსენი ირმის ტყავითა ვჰსთქვით გავაჩინოთ მართალი ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა თავსა ვეხალნეთ მარტონი დავდგეთ თავისა თავითა თჳთ დანახულსა მოვჰკლვიდეთ ნუ ვესრვით დამნახავითა

202. ჩვენ ვიახლენით სამთაუჱ სამნივე მეაბჯრენია ლაშქართა წასულა ვუბრძანეთ მით არას მოაზრენია მოვინადირეთ მინდორი ისი ტყენი და ღრენია დავხოცეთ მხეცი მფრინველი რაცა ზე გარდაგვფრენია

203. ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი პირგამქუშავია ზედა ჰსჯდა შავსა ტაიჭსა მერანი რამე შავია თავსა და ტანსა ემოსა გარეთმა ვეფხის ტყავია ჯერ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია

204. უჭვრიტეთ მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით ვსთქვით თუ მზეაო ქვეყნად ნუ ვეუბნებით ცად ენით მისი მოგვინდა შეპყრობა ვჰკადრეთ და შევეცადენით ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ ცრემლისა დადენით

205. მე უხუცესმან უმცროსთა კაცი გავსთხოვე ქენებით ჩემმა შემდეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა ვუალეთ ჩვენებით მივმართეთ იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით

206. ბროლმან ლალსა გარეულმან ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა არად გურაცხნა არცა დაგვსხნა ყოლა არად ამოგვკრიფნა მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა

207. უმცროსსა ძმასა მივეცით უფროსსა დავეზიდენით ხელი მოკიდა დადეგო ესეცა ჰკადრა კიდ ენით მან ხრმალსა ჴელი არ მიყო ჩვენ ამად დავერიდენით თავსა გარდაკრა მათრახი ვნახეთ სისხლისა კი დენით

208. მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა ვითა მკუდარი უსულო ქმნა ვითა მიწა დაამიწა მისი რასმე მკადრებელი სისხლ დადენით გაამიწა თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი კუშტი ამაყი წა

209. აღარ დაბრუნდა წავიდა წყნარად და აუჩქარებლად აგერა მივა ნახეო იგი მზეებრ და მთვარებლად შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად ოდენ ჰსჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად

210. აჰა მიხუდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არდათოვნა რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიხუდეს საწადელი რას ეძებდეს უნდა პოვნა მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა

211. უთხრა თუძმანო ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა აწ თქვენგან მივხუდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა

212. ვითა მე მივხუდი წადილსა ჩემის გულისა ნებასა აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა უჩვენა თვისი სადგომი მიდითო ნებანებასა ჩრდილსა გარდასვით მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა

213. ესე უთხრა და წავიდა ცხენი გაქუსლა დეზითა ან მთვარე მზისა შემყრელი მზე სინათლითა ზეზითა ვითა გავაზი გაფრინდა არ გაშვებული ხეზითა დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა

214. მიეწურა იგონებდა ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს ხამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს მოიძაგოს