... (S-1727), 1837 წ.

276. ქალმან კვლავ ჰკადრა გაგსაჯე: მეტითა შეგონებითა჻ მაგრა თუ კაცი მოგგვარო: მოგყვეს თავისა ნებითა჻ იგი გიახლოს ილხენდე: მისითა შემეცნებითა჻ ფიცე არ მოჰკლა არ იყო: არ სავნებლისა ვნებითა჻

277. მან უბრძანა თუ მაჩვენებ: ვნახავ დიდად გავიხარებ჻ სიყვარულმან მისმან ვისთჳს: ჴელი მინდორს თავსა ვარებ჻ არას უზამ უგემურსა: არათ ოდეს გავამწარებ჻ რაცა ჩემგან იამების: ვაამებ და შევიყვარებ჻

278. ქალი ადგა და წავიდა: მის ყმისა მოსაყვანებლად჻ არ ეწყინაო უამბობს: არს მისად მაგულვანებლად჻ ჴელი მოჰკიდა მოჰყვანდა: ვით მთვარე მოსავანებლად჻ იგი რა ნახა ტარიელ: თქვა მზისა დასადარებლად჻

279. გამოეგება ტარიელ: მართებს ორთავე მზე დარად჻ ანუ ცით მთვარე უღრუბლოდ: შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად჻ რომე მათთანა ალვისა: ხეცა ვარგიყოს ხედ არად჻ გვანდეს შვიდთავე მნათობთა: სხვადმცა რისა ვთქვა მე დარად჻

280. მათ აკოცეს ერთმანერთსა: უცხოობით არ დარიდეს჻ ვარდსა ხლეჩდეს ბაგეთაგან: კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს჻ ყელი ყელსა გადააჭვდეს: ერთმანერთსა აუტირდეს჻ ქარვად შექნეს იაგუნდი: მათნი თუმცა ლალად ღირდეს჻

281. მობრუნდა ყმამან ავთანდილს: ჴელი შეუპყრა ჴელითა჻ ერთგან დასხდეს და იტირეს: დიდხან ცრემლითა ცხელითა჻ ასმათი სულსა უღებდა: სიტყვითა საკვირველითა჻ თავთა ნუ დაჰჴოცთ ნუ ბნელ იქთ: მზესა თქვენისა ბნელითა჻

282. ტარიელის ვარდი იყო: დათრთვილული არ დაზრული჻ ყმასა უთხრა მესწრაფების: მითხარ შენი დაფარული჻ ვინ ხარ ანუ სით მოსულხარ: სადაური სით მოსრული჻ მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ: ვარ მისგანცა გაწირული჻

283. ავთანდილ გასცა პასუხი: სიტყვები ლამაზებია჻ ლომო და გმირო ტარიელ: ვის თავი გინაზებია჻ მე ვარ არაბი არაბეთს: არს ჩემი დარბაზებია჻ მიჯნურობითა დამწვარვარ: ცეცხლი უშრეტი მგზებია჻

284. მე პატრონისა ჩემისა: ასული შემყვარებია჻ თჳთ მეფედ მათად მას ხედვენ: მონები მკლავ მაგრებია჻ თუმცა არ მიცნობ გინახავ: თავი ვით გიაზრებია჻ გახსოვსცა ოდეს დაჰჴოცე: მონები არ საპყრებია჻

285. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი: ჩვენ ზედა გარდგეკიდენით჻ პატრონი ჩემი გაგიწყრა: ჩვენ ჴაფად წაგეკიდენით჻ გიჴმეთ არ მოხველ ლაშქარნი: უკანა გამოგკიდენით჻ შენ ველნი წითლად შეღებნე: სრულად სისხლისა მიდენით჻

286. ყველაკასა მათრახითა: თავი უჴრმლოდ გარდაჰკვეთეთ჻ მეფე შეჯდა დაგვეკარგე: კვალი შენი ვერ მოვჰკუეთე჻ ვითა ქაჯი დაიმალე: მონებიცა დავაფეთეთ჻ ამან უფრო დაგვაშეთა: თავი სრულად გავაშეთეთ჻

287. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით: ჴელმწიფე ნებიერია჻ მოგნახეს გძებნეს ვერ გპოვეს: მათ რუკა დაუწერია჻ ვერ ნახეს შენი ნახული: ვერცა ყმა ვერცა ბერია჻ აწ გამომგზავნა რომელსა: არ მზე ჰგავს ვერ ეთერია჻

288. მიბრძანა მიცან ამბავი: მის მზისა წარჴდომილისა჻ მაშინ ვარ მქმნელი საქმისა: მის შენგან მონდომილისა჻ სამ წლამდის მითხრა დადენა: უმისოდ ცრემლთა მილისა჻ არ გიკვირს გავსძელ ვერ ჭვრეტა: მისისა მე ღიმილისა჻

289. აქანამდის მნახავიცა: კაცი შენი არ მენახა჻ ქურდნი ვნახენ რომე თქვენთვის: სიტყვა რამე გაემკვახა჻ მათრახითა ჩამოგეგდო: ერთი მკვდართა დაგესახა჻ მათ მასწავლეს ძმა რომელსა: სულ მობრძავი სამე გლახა჻

290. ტარიელსცა მოეგონა: ომი მათი მაშინდელი჻ იტყვის მახსოვს ეგე საქმე: თუცა არის ადრინდელი჻ ერთგან გნახენ ნადირობას: შენ და შენი მე გამზრდელი჻ მით ვსტიროდი მომეგონა: მე გლახ ჩემი მდგმელი჻

291. რას მაქნევდით რა გინდოდათ: ერთმანერთსა რითა ვგვანდით჻ თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით: ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით჻ რა მონანი მამწიენით: შესაპყრობლად გაგულვანდით჻ აწ ვეჭვ რომ ჩემად ნაცვლად: თანა მკვდართა მიიტანდით჻

292. მოვიხედე მომეწია: რა პატრონი შენი ვნახე჻ ჴელმწიფობით შემებრალნეს: ამად ჴელი არ შევახე჻ თვალთა წინა გამოვექეც: მეტი არა შევუზრახე჻ ჩემი ცხენი უჩინოსა: გავს და სხვასა რასმცა დავასახე჻

293. კაცმან ვერ ასწრას თვალისა: დაფახვა დაწამწამება჻ მას გავექცევი ვისგანცა: ჩემი არას ვსცნა ამება჻ მათ თურქთა მიღმარ გამეგო: მე არას არ შეწამება჻ ავად შვენოდა მორევნა: და ჩემი დათამამება჻

294. აწ ვაშად მოხველ მეამა: ნახვა შენისა პირისა჻ ტანად სარო და პირად მზე: მამაცად მგზავსი გმირისა჻ მაგრა გარჯილხარ არა ხარ: გარდაუხდელი ჭირისა჻ ძნელია პოვნა კაცისა: ღ~მრთვ ზეცით განაწირისა჻

295. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ: საქები ბრძენთა ენისა჻ მაგისად ნაცვლად რამცა ვთქვი: ღირსი ქებისა თქვენისა჻ სახე ხარ მზისა ერთისა: ზეცით მნათისა ზენისა჻ რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი: ეგზომთა ცრემლთა დენისა჻