... (H-66), 1832 წ.

177. ყოვლნი არსნი ცასა ქვეშე ერთობ სრულად მომივლიან მაგრამ საქმე მის კაცისა: ვერა სადა შემიგნიან უღონიოდ მართალ იყვნეს: რომელთაცა ქაჯად თქვიან აწ ტირილი არას მარგებს: ცუდად ცრემლნი რასა მდიან

178. მთით ჩამოვიდა ავთანდილ: გავლო წყალი და ტყენია მინდორს აცორვებს ტაიჭსა: შეჟღრენით მონაწყენია გასცუდებოდეს მკლავნი და: მისი სიამაყენია ბროლისა ველსა სტურფობდეს: გიშრისა მუნ საყენია

179. მობრუნება დააპირა: სულთქნა მერმე ივაგლახა მას მინდორსა დაემართა: გზა თვალითა გამოსახა თვესა ერთსა სულიერი: კაცი არსად არ ენახა მხეცნი იყვნეს საშინელნი: მაგრა არა შეუზახა

180. თუცა მხეცქმნილი ავთანდილ: გულამოსკვნით და კვნესითა ეგრეცა ჭამა მოუნდის: ადამის ტომთა წესითა ისრითა მოკლის ნადირი: როსტომის მკლავუგრძესითა შამბისა პირსა გარდახდა: ცეცხლი დააგზო კვესითა

181. ცხენსა მისცა საძოვარი: ვირე მწვადი შეიწოდეს ექვსნი რამე ცხენოსანნი: ნახა მისკენ მოდიოდეს თქვა თუ გვანან მეკობრეთა: თვარა კარგი რამც იცოდეს აქა კაცი ხორციელი: კვლავ ყოფილა არაოდეს

182. ჴელთა ჰქონდა მშვილდი ისარი: მათკენ მივა მხიარული ორთა კაცთა წვეროსანთა: ყმა მოჰყვანდა უწვერული თავსა იყო დაკოდილი: შეებნიდა სისხლსა გული ტიროდეს და იჭიროდეს: ცოტა ედგა მას გლახ სული

183. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ: მეკობრეთა დაგამგზავსე მათ მიუგეს დაგვიწყნარდი: გვიშველე რა ცეცხლნი ავსე ვერა გვარგო მოგვიმატენ: ჭირი ჭირთა მოგვისავსე სატირელნი მოგვიტირენ: ღაწვნი შენცა დაიმხავსე

184. ავთანდილ მიდგა ეუბნა: მათ კაცთა გულ მდუღარეთა მათ უთხრეს მათი ანბავი: ტირილით მოუბარეთა ჩვენ ვართო ძმანი სამნივე მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა დია გვაქვს ციხე ქალაქი: ხატაეთს არე მარეთა

185. კარგი გვესმა სანადირო: ნადირობას წამოვედით გჰვყვეს ლაშქარნი უთვალავნი: წყლისა პირსა გარდავჴედით სანადირო მოგვეწონა: თვესა ერთსა არ წავედით ვხოცეთ მხეცი უსაზომო: მინდორით და მთით და ქედით

186. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა: მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანერთსა სამნივე: ჩვენ კიდე დავეცილენით მე უკეთ მოვკლავ მე გჯობო: სიტყვანი ვავაქილენით ვერ გავაჩინეთ მართალი: ვისარჩლეთ ვითაკილენით

187. დღეს ავყარენით ლაშქარნი: სავსენი ირმის ტყავითა ვთქვით გავაჩინოთ მართალი: ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა თავსა ვახელებთ მარტონი: დავსდგეთ თავის თავითა თვით დანახულსა მოვკლვიდეთ: ნუ ვესვრით დამნახავითა

188. ჩვენ ვიახლენით სამთავე: სამნივე მეაბჯრენია ლაშქართა წასლვა უბრძანეთ: მით არას მოაზრენია მოვინადირეთ მინდორი: ისი ტყენი და ღრენია ვხოცეთ მხეცნი ფრინველი: არცა ზე გარდაგვფრენია

189. ანაზდად მოყმე გამოჩნდა: კუშტი პირ გამქუშავია ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა: მერანი რამე შავია თავსა და ტანსა ემოსა: გარე თმა ვეფხის ტყავია ჯერთ მისი მზგავსი შვენება: კაცთაგან უნახავია

190. უჭვრიტეთ მისთა ელვათა: შუქნი ძლივ გავიცადენით ვთქვით თუ მზეაო ქვეყნად: ნუ ვეუბნებით ცად ენით მისი მოგვინდა შეპყრობა: ვკადრეთ და შევეცადენით ასრე სულთქმით და ვაებით: მით ვართ ცრემლისა დადენით

191. მე უხუცესმან უმცროსთა: კაცი დავსთოვე ქენებით ჩემან შედეგმან ტაიჭი: მისი თვით აქო ხსენებით ამან მართ ოდენ მორევა: გვითხრა უვალეთ ჩვენებით მივმართეთ იგი აგრევე: წყნარად მივა და შვენებით

192. ბროლმან ლალსა გარეულმან: ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი: ჩვენთვის მეტად გაამყიფნა არ აგვხსნა არცა დაგვსხნა: ყოლე არად მოგვკრიფნა მისნი მკვახედ მოუბარნი: მათრაჴითა დაგვამწიფნა

193. უმცროსსა ძმასა მივეცით: უფროსსა დავეზიდენით ჴელი მოჰკიდა დადეგო: ესეცა ჰკადრა კიდ ენით მან ხრმალსა ჴელი არ მიჰყო: ჩვენ ამად დავერიდენით თავსა გარდაჰკრა მათრახი: ვნახეთ სისხლისა მიდენით

194. მით ერთითა მათრახითა: თავი ასრე გარდაჰფრიწა ვითა მკვდარი უსულო ჰქმნა: ვითა მიწა დაამიწა მისი რასმე მკადრებელი: მოამდაბლა მოამიწა თვალთა წინა წაგვივიდა: ლაღი კუშტი ამაყი წა

195. აღარ დაბრუნდა წავიდა: წყნარად და აუჩქარებლად აგერა მივა ნახეო: იგი მზეებრ და მთვარებლად შორს უჩვენებდეს ავთანდილს: მტირალნი გაუხარებლად ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი: მისი მის მზისა მარებლად

196. აჰა მიხვდა ავთანდილსა: ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა რადგან ცუდად არ წაუხდა: მას ეზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიხვდეს საწადელი: რას ეძებდეს მისი პოვნა მაშინ მისგან აღარა ხამს: გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა