ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

389. დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყუანიცა ტკბილნი ვთქუენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით, მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით, მისთა შუქთა შუენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

390. მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ-ბალახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა; ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, აწ მიკუირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!”

391. დილასა შევჯე, უბრძანე: “ჰკარით ბუკსა და ნობასა”. სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომილად მზობასა. ლომმან მივმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხდლობასა, უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

392. დავაგდე მზღუარი ინდოთა; მევლო პაშტაი ხანია, რამაზის კაცი მემთხუია, ხატაეთს ზედა ხანია, მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: “ჩუენთა მგელთაცა დასჭამენ, ინდოთა, თქუენი თხანია”.

393. მე შემამძღუნეს რამაზისგან ძღუნად საჭურჭლე საშინელი; მითხრეს: “გკადრებს, - ნუ ამოგვწყუეტ, არის შენგან არ-საქნელი, ზენაარი გამოგუიღე, მით გუაბია ყელსა წნელი, მოურვებლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

394. რაცა შეგცოდეთ, შეგუინდე, თუით ჩუენვე შეგუინანია; თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია; ქუეყანა ჩუენი არ ასწყდეს, რისხუით არ დაგუტყდეს ცანია; ჩუენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყუეს ცოტანი ყმანია”.

395. გუერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით; მითხრეს თუ: “ხარო ყმაწვილი, ბრძენი მით გკადრებთ გლახ ენით: არიან ერთობ მუხთალნი, ჩუენ ერთხელ კვლაცა ვნახენით; არამცა მოგკლან ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

396. ჩუენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა; გულ მართლად იყუნეს, მიენდევ, აფიცე ღმრთითა და ცითა, არ დაგმორჩილდენ, შერისხდი რისხუითა, კულა და კულაცითა”.

397. მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები; შევსთუალე: “რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები; სიკუდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვითკირები; ლაშქართა დავყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები”.

398. მათ ლაშქართაგან სამასი კარგი მოყმენი ქუელანი თანა წამომყუეს, წაცაველ, დავყარენ სპანი ყუელანი, დავვედრე: “სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მამდევდით, მიშველდით, გიხმობ, თუ მინდენ შუელანი”

399. სამ დღე ვიარე, მემთხუია სხვა კაცი მისვე ხანისა. კულავ ეძღუნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: “მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, რა შეგეყარო, მაშინ სცნა კულავ ძღვნობა ამისთანისა”.

400. კულაცა ეთქუა: “მართალია აზომ ჩემი მონახსენი, მე თუით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი”. მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანება ვქნა მეცა თქუენი, ტკბილად ვნახეთ ერთმანერთი, ვიყუნეთ ვითა მამა-ძენი”.

401. მუნით წასული ჩამოვჴე ტევრისა რასმე კიდესა; კულავ მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა; წინა ტურფათა ტაიჭთა ძღუნად ჩემთუის მოზიდვიდესა. “შენსა ნახვასა მეფენი”, თქუეს, “მართლად ინატრიდესა”.

402. მითხრეს: “მეფე მოგაჴსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები, სახლით ჩემით წამოსრული ხუალე ადრე შეგეყრები”. მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მზირები, მეტად ამოდ უალერსე, ერთგან დაწუნეს ვით მაყრები.

403. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წაჴდების: ერთი კაცი უკმორესწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების: დიდი მაცო თქუენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიჴდების, გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქუენი არ იქნების.

404. მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი. თქუენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვარდი; მკუდარი მიმძიმ სანახავად, ტანი მჭევრი, პირი ვარდი, ყუელასავე მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი.

405. რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ, ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ; კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ, აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ

406. მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭურეტნი ვერ გელევიან; მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან; კუამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხუევიან. რა ერთსა გცემდეს ათასნი, ეგრეცა მოგერევიან”.

407. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიჴდიდია: “რომე არ მოვკუდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია; აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა ვლიდია, თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია”.

408. არვის გავენდევ სულდგმულსა, დავმალე ვითა ჭორია. რაცა იქნების, იქნების, ყოვლი თათბირი სწორია. მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი, თუ გზაცა შორია, შევსთუალე: “ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია”.