ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

409. მე დილასა მოციქულთა სიტყუა ტკბილი შევუთუალე; რამაზს ჰკადრეთ: “მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე”. ნახევარ დღე სხუა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე. განგებაა, დღესცა მამკლავს, ქუემცა სადა დავიმალე!

410. ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტუერი დავინახე; ვთქუი თუ: “მოვა რამაზ მეფე; მას მოუდგამს თუცა მახე, ჩემი გაჰკუეთს ჴორცსა მათსა ჴრმალი ბასრი, შუბი ახე”. მაშინ უთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დაუსახე.

411. ვთქუი თუ: “ძმანო, ისი კაცნი ჩუენ ღალატსა გუიდგებიან, მკლავთა თქუენთა სიმაგრენი ამისთუისმცა რად დალბიან! აწ შევებნეთ ხატაელთა, ჴრმალნი ცუდად რას გუაბიან?” ვინცა მოკუდეს მეფეთათუის, მათნი სულნი ზეცას რბიან.

412. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყუითა ჴაფითა; დავეკაზმენით საომრად ჯაჭუთა ჯავშან ქაფითა; რაზმი დავაწყევ, მივმართე, წაველ დიდითა სწრაფითა, მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ჴრმალმან დაფითა.

413. მივეახლენით, შეგუატყუეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა; კაცი მოვიდა, მომართუა მეფისა მოციქულობა; ეთქუა თუ: “ჟამად გუაჩნია ჩუენ თქუენი არ ორგულობა, აბჯრითა გხედავთ, შეგქუნია აწ ამად გულ-ნაკლულობა”.

414. შევსთვალე თუ: “მეცა ვიცი, რაცა ჩემთუის გაგიგია; თქუენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ იგია; ბრძანეთ, მოდით, შემებენით, ვითა წესი და რიგია, მეცა თქუენად დასაჴოცლად ჴელი ჴრმალსა დამიგია”.

415. რა მივიდა მოციქული, კულავცა რადღა გამოგზავნეს! კუამლი შექნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს; სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს. შექნეს რაზმი მრავალკეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს

416. შუბნი ვსთხოვენ, ჴელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად; საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად; ერთსა წავსწუდი უტევანსა, წავგრძელდი და წაველ გრძელად; მათ ურიცხუთა რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.

417. ახლოს მიველ, შემამხედნეს, შმაგიაო, ესე თქუესა, მუნ მივმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა; კაცს შევეც, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჴდეს მზესა, შუბი გატყდა, ჴელი ჩავყავ, ვაქებ, ჴრმალო, ვინცა გლესა.

418. შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ კაცისა დავდგი გორი; კაცი, ჩემგან შენატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი, ერთობ სრულად ამოვწყუიტე წინა კერძი რაზმი ორი.

419. ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი; ვკრი რასაცა, ვერ დამიდგნის, სისხლსა მჩქეფრსა ამოღურიდი; ცხენსა კაცი გაკუეთილი მანდიკურად გარდავკიდი. სითაც ვიყუი, გამექციან, მათ შექნია ჩემი რიდი.

420. საღამო ჟამ დაიზახნა ქედით მათმან დარაჯამან; “ნუღარ სდგათხართ, წაედითო, კულავ მოგუხედნა რისხუით ცამან: მოვა მტვერი საშინელი, შეგუაშინა ამად ამან, ნუთუ სრულად ამოგვწყუიდნეს უთუალავმან, ბევრმან სპამან!”

421. ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა, რა ეცნათ, წამოსულიყუნეს, ღამე წამორთვით ეარა; ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა, გამოსჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ჴმა გააზეარა.

422. იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს; შევკივლენით; ველნი, ჩუენგან ნაომარნი, ომითავე გარდავლენით. რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეჴრმლენით, მისნი სპანი ყუელაკანი დავიპყრენით, არ მოვკულენით.

423. უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა, დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა; ძილისა მიხუდა სანაცვლო ძილ მკრთალთა, ღამე-თეულთა, ტყუეთა მრთელთაცა არ აკლდა კუნესა, მართ ვითა სნეულთა.

424. მას ადგილსა ნაომარსა გარდავჴედით მოსვენებად. ჴელსა ჴრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა არ- ნაღებად; ჩემნი სპანი მოვიდიან საჭურეტლად და ჩემად ქებად, ვერ იტყუიან, ვერ მიმხუდარნი ქებასაცა მოხსენებად.

425. ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს; ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს; რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი, ამიტირდეს, ჩემგან ჴრმლითა განაკუეთნი ნახეს, მეტად გაუკუირდეს.

426. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე, ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვაალაღებინე, სისხლთა მებრძოლთა სისხლითა მინდორი შევაღებინე, არ ვბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე.

427. რამაზს ვარქუი: “შემიგნია საქმე შენი სამუხთალე, აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე, სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყუელა ჴელთა მამათუალე, თუარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთუალე?”.

428. “რამაზ მითხრა: “აღარაა ამის მეტი ჩემი ღონე, ერთი ჩემი დიდებული მამეც, ზედა მაბატონე, ციხოანთა გაუგზავნო, საუბარი გამიგონე, ჴელთა მოგცემ ყუელაკასა, განაღამცა შენ გაქონე!”.