ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

294. თუით მეფემან მამაჩემი დაიჭირა სწორად თავსა. თქუა: “ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისცა ყავსა!” ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. მას არა გავარ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

295. “ძე არა ესუა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა; ვაი, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამილბარსა! მეფემან თქუა: “შვილად გავზრდი, თუით ჩემივე გუარი არსა”.

296. მეფემან და დედოფალმან მიმიყუანეს შვილად მათად, საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქუეყანათად, ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ჴელმწიფეთა ქცევა-ქნათად; მოვიწიფე, დავემგზავსე მზესა თუალად, ლომსა ნაკუთად.

297. ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერმიჴდილისა, მზესა მე ვჯობდი შუენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა იტყოდეს ჩემნი მნახავნი: ,,მგზავსია ედემს ზრიდილისა, აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.

298. “მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”. ესე რა თქუა, ყმამან სულთქნა, ცრემლით ბრძანა: “შობა ქალი”. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი: თქუა: “მაშინვე მზესა გუანდა, აწ მედების ვისგან ალი!

299. ქება არ ითქუმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა; ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გუარითა. საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძუარითა.

300. საშობელი გაიყარა, ზრდა დაგუიწყეს მე და ქალსა. მართ მაშინვე გუანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა. უყუარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა. აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!”

301. ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა; ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა მურა; ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა; თქუა: “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკუდილისა დღე დასტურ-ა.

302. მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ჴმობილი. შუიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი, მთუარისა მგზავსი,მზისაგან შუენებით არ-შეფრობილი; მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წდობილი!

303. იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესულა ომსა; მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქნისა მწთომსა, მამასავე ჴელთა მიმცეს; რა შევიქენ ამა ზომსა, ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვჴოცდი ლომსა.

304. მეფემან კოშკი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა; ქუად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, თუალისა, პირსაა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის-წყალისა; მუნ იზრდებოდის, მედების ვისგან საჴმილი ალისა!

305. დღე და ღამე მუჯამრითა ეკმევოდის ალვა თლილი; ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქურივი, ქაჯეთს გათხოვილი, მას სიბრძნისა სასწავლელად თუით მეფემან მისცა შვილი.

306. სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა; ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა; ასმათ და ორნი მონანი ყუან, იმღერდის ნარდითა; მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

307. თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა; დღისით ვიყუი მას წინაშე, გამიშუებდის არცა ძილსა; ძალად ლომსა, თუალად მზესა, ტანად ვგუანდი ედემს ზრდილსა, სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქნილსა.

308. მოსრნის მჴეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან, მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან; შევიდი, შევქნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან; აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბალახშეულმან!

309. მამა მომიკუდა, მოვიდა დღე სიკუდილისა მისისა; ქნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა; მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა; ერთგულთა შექნეს ვაება, მტერთა ხსენება იშისა.

310. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული, დღისით და ღამით ვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული; გაყუანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული, ებრძანა: “შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

311. ჩვენ უფრო გუტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა”. ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა, ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა: “შენ გქონდეს ამირბარობა, ქნა მისვე საურავისა”.

312. “ავტირდი, დამწვეს მამისა საჴმილთა დაუშრტელთა; უკანით გამომიყუანეს ხასთა მათ წინამდგომელთა; გამოსლვისათუის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა. შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

313. თუით საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივ- მცემდეს ძისა დარად. მის ჴელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად; ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად. არ მომეშვნეს, დავმორჩილდი, თაყუანი მცეს ამირბარად.