ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

370. მე ვუთხარ: “დაო, შენგან ვეჭუ ამა გულისა წამალსა; ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა; ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყუეტ შენ ზედა-ზედა მავალსა; თუ რას სცნობ ჩემთუის, არა ვეჭუ მე შენგან, არ დანამალსა”.

371. შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოვე, ხელ-ქნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქენ მე ულურჯესი ლილისა; ღამე მერჩია, მეწადა არ გათენება დილისა”.

372. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათის მოსულისა დრონია; სიტყუანი შემოეთუალნეს ლაღნი და უკადრონია: “არცა თუ ჩუენ ვართ ჯაბანნი, არ ციხე-უმაგრონია, ვინ არის თქუენი ჴელმწიფე? ჩუენზედა რა პატრონია?

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელთანა

373. მოეწერა: “რამაზ მეფე ტარიელსა წიგნს გიწერსა; გამიკუირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა! რაგუარა თუ მანდა გეხმე, ვინ პატრონობ ბევრსა ერსა? ამისმეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენ -მიერსა”.

374. უბრძანე წუევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია: იგი ვარსკულავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყუელაი მართ ჩემკენ მონასხპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

375. “ფიცხლა მოვიდეს, არ ექნა მათ შინა ხან-დაზმულობა; აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიკეთე, აბჯართა ხუარაზმულობა.

376. ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართუა ლაშქრითა უთუალავითა, თავსა ვტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: “მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა”.

377. შინა მიველ, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, თუალთათ, ვითა საგუბარი, ცრემლი ცხელი გარდმომჩქებდა,- “ბედი ჩემი უბედური, ვთქუი, თუ, - ჯერცა ვერ გამეფდა! ჴელმან ვარდი რად იხელთა, რადგან ასრე ვერ მოკრეფდა?

378. მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკუირვებულსა; ასმათის წიგნი მომართუა მე, მეტად შეჭირვებულსა. ეწერა: “გიჴმობს შენი მზე შენ, მისთუის მოსურვებულსა, მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა”.

379. “ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო! შეღამდა, წაველ, ბაღისა მე კარი შევიარეო; სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთუარეო”.

380. “შემავლო სახლი. ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა; გამოჩნდა მთუარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა, ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწუანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

381. შეველ, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი გამინათლდა, ზედა ლხინი ადგა სუეტად. მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად, ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამსა ჭურეტად.

382. უბრძანა თუ: “მოაჴსენე, ასმათ, დაჯდეს, ამილბარსა!” მან ბალიში დამართებით დადუა მას მზედ საქებარსა. დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა; მიკუირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყუი მისგან ნაუბარსა.

383. მიბრძანა: “ძოღან გეწყინა გაშუება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭკნე, ვითა ყუავილი ბარისა: დაგრჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, მაგრა ჴამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამილბარისა.

384. თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზეპირ მიცინია, ქუე-ქუე მითქუამს იდუმალ ვა; ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქენ მართლისა შემოთუალვა.

385. ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა. გეტყუო, ღმერთმან მიწა მქნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

386. წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაღირე; ღმერთმან ქნას და გაგიმარჯუდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე. მაგრა რა ვქნა, კულაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე? გული მამეც გაუყრელად, ჩემი შენთუის დაიჭირე”.

387. აწ რასაცა მე მაღირსებ, ჴორციელი არვინ ღირსა; მოწყალება იჩქითია, ღმერთსა ამად არ მიკუირსა; შენთა შუქთა შემომადგამ, გულსა ბნელსა ზედა მჭუირსა, შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა”.

388. “ზედა წიგნსა საფიცარსა შევფიცე და შემომფიცა; მისგან ჩემი სიყუარული ამით უფრო დაამტკიცა: უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა, ღმერთი მამკლავს, ამას იქით თავსა ვეტყუი, ამას ვსწვრთი-ცა”.