... (Q-609), XIX ს.

257. მათ აკოცეს ერთმანერთსა: უცხოობით არ დარიდეს: ვარდსა ჰჴლეჩდეს ბაგეთაგან: კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს: ყელი ყელსა გადააჭვდეს: ერთმანერთსა აუტირდეს : ქარვად შეჰქნეს იაგუნდი: მათნი თუცა ლალად ღირდეს:

258. მობრუნდა ყმამან ავთანდილს: ჴელი შეუპყრა ჴელითა: ერდგან დასხდეს და იტირეს: დიდხან ცრემლითა ცხელითა: ასმათი სულსა უღებდა: სიტყვითა საკვირველითა: თავთა ნუ დახოცთ ნუ ბნელ იქთ: მზესა თქვენისა ბნელითა:

259. ტარიელის ვარდი იყო: დათრთვილული არ დაზრული: ყმასა უთხრა მესწრაფების: მითხარ შენი დაფარული: ვინ ხარ ანუ სით მოსულხარ: სადაური სით მოსრული: მე სიკუდილსა აღარ ვახსოვ: ვარ მისგანცა გაწირული:

260. ავთანდილ გასცა პასუხი: სიტყვები ლამაზებია: ლომო და გმირო ტარიელ: ვის თავი გინაზებია: მე ვარ არაბი არაბეთს: არს ჩემი დარბაზებია: მიჯნურობითა დამწვარვარ: ცეცხლი უშრეტი მგზებია:

261. მე პატრონისა ჩემისა: ასული შემყვარებია: თვით მეფედ მათად მას ხედვენ: მონები მკლავ მაგრებია: თუმცა არ მიცნობ გინახავ: თავი ვით გიაზრებია: გახსოვსცა ოდეს დაჰჴოცე: მონები მკლავ მაგრებია:

262. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი: ჩვენ ზედა გარდგეკიდენით: პატრონი ჩემი გაგიწყრა: ჩვენ ჴაფად წაგეკიდენით: გიხმეთ არ მოხველ ლაშქარნი: უკანა გამოგკიდენით: შენ ველნი წითლად შეღებენ: სრულად სისხლისა კი დენით:

263. ყველაკასა მათრახითა: თავი უხრმლოდ გარდაკვეთეთ: მეფე შეჯდა დაგვეკარგე: კვალი შენი ვერ მოვკვეთე: ვითა ქაჯი დაიმალე: მონებიცა დავაფეთეთ: ამან უფრო დაგვაშმაგა: თავი სრულად გავაშეთეთ:

264. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით: ჴელმწიფე ნებიერია: მოგნახეს გძებნეს ყოველგან: მათ რუკა დაუწერია: ვერ ნახეს შენი ნახული: ვერცა ყმა ვერცა ბერია: აწ გამომგზავნა რომელსა: ვერ მზე ჰგავს ვერ ეთერია:

265. მიბრძანა მიცან ამბავი: მის მზისა წარჴდომილისა: მაშინ ვარ მქმნელი საქმისა: მის შენგან მონდომილისა: სამ წლამდის მითხრა დადენა: უმისოდ ცრემლთა მილისა: არ გიკვირს გავძელ ვერ ჭვრეტა: მისისა მე ღიმილისა:

266. აქანამდის მნახავიცა: კაცი შენი არ მენახა: ქურდნი ვნახენ რომე თქვენთვის: სიტყვა რამე გაემკვახა: მათრახითა ჩამოგეგდო: ერთი მკუდართა დაგესახა: მათ მასწავლეს ძმა რომელსა: სულ მობრძავი სამე გლახა:

267. ტარიელსცა აეხსენა: ომი მათი მაშინდელი: იტყვის მახსოვს ეგე საქმე: თუცა არის ადრინდელი: ერთგან გნახენ ნადირობას: შენ და შენი მე გამზრდელი: მით ვტიროდი მამეგონა: მე გლახ ჩემი წამწყმედელი:

268. რას მაქნევდით რა გინდოდათ: ერთმანერთსა რითა ვგვანდით: თქვენ მორჭმულნი თამაშობდით: ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით: რა მონანი მამწიენით: შესაპყრობლად დაგულვანდით: აწ ვეჭვ რომ ჩემად ნაცულად: თანა მკუდართა მიიტანდით:

269. მოვიხედე მამეწია: რა პატრონი შენი ვნახე: ჴელმწიფობით შემებრალნეს: ამად ჴელი არ შევახე: თვალთა წინა გამოვექეც: მეტი არა შევუზრახე: ჩემი ცხენი უჩინოსა გავს: და სხვამცა რად ვასახე:

270. კაცმან ვერ ასწრას თვალისა: დაფახვა დაწამწამება: მას გავექცევი ვისგანცა: ჩემი არას ვსცნა ამება: მათ თურქთა მიღმა გამეგო: მე არას არ შეწამება: ავად შვენოდა მორევნა: და ჩემი დათამამება:

271. აწ ვაშად მოხველ მიამა: ნახვა შენისა პირისა: ტანად სარო და პირად მზე: მამაცად მგზავსი გმირისა: მაგრამ გარჯილხარ არა ხარ: გარდაუხდელი ჭირისა: ძნელია პოვნა კაცისა: ღ~მრთვ ზეცით განაწირისა:

272. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ: საქები ბრძენთა ენისა: მაგისად ნაცულად რამც ვიყავ: ღირსი ქებისა თქვენისა: სახე ხარ მზისა ერთისა: ზეცით მნათისა ზენისა: რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი: ეგზომთა ცრემლთა დენისა:

273. ამა დღემან დამავიწყა: გული ჩემი ვინ დაბინდა: დამიგდია სამსახური: იგი იქნას რაცა გინდა: იაგუნდი ეგრეცა სჯობს: ათასჯერმცა მინა მინდა: შენ გეახლო სიკვდილამდე: ამის მეტი არა მინდა:

274. ტარიელ უთხრა მე შენი: გული აწ მემხურვალების: მიკვირს თუ ნაცვლად მაგისად: შენ ჩემი რა გევალების: მაგრა წესია მიჯნური: მიჯნურსა შეებრალების: შენ საყვარელსა გაგყარო: ესე რად გენაცვალების:

275. წამოსრულხარ ჩემად ძებნად: პატრონისა სამსახურად: ღმერთმან ქნა და გიპოვნივარ: შენცა ცდილხარ მამაცურად: მაგრა ჩემსა რა გიამბობს: გამოჭრილვარ ასრე თუ რად: მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი: ცხელი შემიქს ალად მურად:

276. ამას დაყმუნდა ტარიელ: დამწვარი დავალებული: ასმათს უბრძანა მას აქეთ: შენ ხარ ჩემთანა ხლებული: რად არა იცი უწამლო: არს ლები ესე ლებული: კულავ ესე ყმა მწვავს მტირალი: ცრემლითა დავალებული: