... (Q-609), XIX ს.

177. დღეს ავყარენით ლაშქარნი: სავსენი ირმის ტყავითა: ვთქვით გავაჩინოთ მართალი: ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა: თავსა ვახელებთ მარტონი: დავდგეთ თავის თავითა: თვით დანახულსა მოვკლვიდეთ: ნუ ვესვრით დამნახავითა:

178. ჩვენ ვიახლენით სამთავე: სამნივე მეაბჯრენია: ლაშქართა წასლვა უბრძანეთ: მით არას მოაზრენია: მოვინადირეთ მინდორი: ისი ტყენი და ღრენია: დავხოცეთ მჴეცნი ფრინველი: რაც ზედა გარდაგვფრენია:

179. ანაზდად მოყმე გამოჩნდა: კუშტი პირ გამქუშავია: ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა: მერანი რამე შავია: თავსა და ტანსა ემოსა: გარე თმა ვეფხის ტყავია: ჯერთ მისი მზგავსი შვენება: კაცთაგან უნახავია:

180. უჭურიტეთ მისთა ელვათა: შუქნი ძლივ გავიცადენით: ვთქვით თუ მზეაო ქუჱყნად: ნუ ვეუბნებით ცად ენით: მისი მოგვინდა შეპყრობა: ვჰკადრეთ და შევეცადენით: ასრე სულთქმით და ვაებით: მით ვართ ცრემლისა დადენით:

181. მე უხუცესმან უმცროსსა: კაცი დავსთხოვე ქენებით: ჩემმა შედეგმან ტაიჭი: მისი თვით აქო ხსენებით: ამან მართ ოდენ მორევნა: გვითხრა უალეთ ჩვენებით: მივმართეთ იგი აგრევე: წყნარად მივა და შვენებით:

182. ბროლმან ლალსა გარეულმან: ვარდნი თხელნი ანატიფნა: იგი ტკბილნი გონებანი: ჩვენთვის მეტად გაამყიფნა: არ აგვიხნა არცა დაგვსხნა: ყოლე არად ამოგვკრიფნა: მისნი მკვახედ მოუბარნი: მათრახითა დაგვამწიფნა:

183. უმცროსსა ძმასა მივეცით: უფროსსა დავეზიდენით: ჴელი მოკიდა დადეგო: ესეცა ჰკადრა კიდ ენით: მან ხრმალსა ჴელი არ მიჰყო: ჩვენ ამად დავერიდენით: თავსა გარდაკრა მათრახი: ვნახეთ სისხლისა კი დენით:

184. მით ერთითა მათრაჴითა: თავი ასრე გარდაჰფრიწა: ვითა მკუდარი უსულო ქმნა: ვითა მიწა დაამიწა: მისი რასმე მკადრებელი: მოამდაბლა მოამიწა: თვალთა წინა წაგვივიდა: ლაღი კუშტი ამაყი წა:

185. აღარ დაბრუნდა წავიდა: წყნარად და აუჩქარებლად: აგერა მივა ნახეო: იგი მზეებრ და მთვარებლად: შორს უჩვენებდეს ავთანდილს: მტირალნი გაუხარებლად: ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი: მისი მის მზისა მარებლად:

186. აჰა მიხვდა ავთანდილსა: ღაწუთა ცრემლით არ დათოვნა: რადგან ცუდად არ წაუხდა: მას ეზომი გარეთ ყოვნა: კაცსა მიხვდეს საწადელი: რას ეძებდეს მისი პოვნა: მაშინ მისგან აღარა ჴამს: გარდასრულთა ჭირთა ჴსოვნა:

187. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე: ღარიბი უადგილოსა: მე იმა ყმისა საძებრად: მოვშორდი საგაზრდილოსა: აწ თქვენგან მივხუდი საქმესა: ყოლა არ საადვილოსა: ღ~თიმცა ნურას ნუღარ იქმს: თქვენსა დასაღრეჯილოსა:

188. ვითა მე მივხუდი წადილსა: ჩემის გულისა ნებასა: ეგრემცა ღ~თი ნურას იქს: ძმისა თქუენისა ვნებასა: უჩვენა მისი სადგომი: მიდითო იქს ნება ნებასა: ჩრდილსა გარდასვით მაშურალნი: მიეცით მოსვენებასა:

189. ესე უთხრა და წავიდა: ცხენი გაქუსლა დეზითა: ვითა გავაზი გაფრინდა: არ გაშვებული ხეზითა: ან მთვარე მზისა შემყრელი: მზე სინათლითა ზეზითა: დაივსო ცეცხლი შემწველი: მისითა მან მიზეზითა:

190. მიეწურა იგონებდა: ახლოს შეყრა ვითა აგოს: საუბარმან უმეცარმან: შმაგი უფრო გააშმაგოს: ჴამს თუ კაცმან გონიერმან: ძნელი საქმე გამოაგოს: არ სიწყნარე გონებისა: მოიძულოს მოიძაგოს:

191. რადგან ისი არის სადმე: უცნობოდ და ისრე რეტად: რომე კაცსა არ მიუშვებს: საუბრად და მისად ჭვრეტად: მივეწევი შევიყრებით: ერთმანერთის ცემა ჟლეტად: ანუ მომკლავ ანუ მოვკლავ:დავიკარგეთ მეტის მეტად:

192. ავთანდილ იტყვის ეზომი: ჭირნიმცა რად ვაცუდენი: რაცაღა არის არა არს: თუმცა არ ედგნეს ბუდენი: სადაცა მივა მივიდეს: რამცა მოვლიდეს ზღუდენი: მუნითგან ვძებნე ღონენი: ჩემნი არ დასამრუდენი:

193. წინა უკანა იარეს: ორნი დღენი და ღამენი: დღისით და ღამით მაშვრალნი: არ შეჭამადთა მჭამელნი: არსადა ხანი არ დაჰყვეს: ერთნი თვალისა წამენი: მათ თვალთა ცრემლნი სდიოდა: მინდორთა მოსალამენი:

194. დღისით ვლეს და საღამო ჟამ: გამოუჩნდეს დიდნი კლდენი: კლდეთა შიგან ქვაბნი იყუნეს: პირსა წყალი ჩანადენი: წყლისა პირსა არ ითქმოდა: შამბი იყო თუ რასდენი: ხე დიდრუან თვალ უწთომი: მაღლა კლდემდის ანაყრდენი:

195. მან ყმამან ქვაბსა მიმართა: განვლნა წყალნი და კლდენია: ავთანდილ ცხენსა გარდახდა: მონახა დიდნი ხენია: მაზედა ჭვრეტად გავიდა: ძირსა დააბა ცხენია: მუნით უჭვრეტდა იგი ყმა: მივა ცრემლ მინადენია:

196. რა ტყენი გავლნა მან ყმამან: მოსილმან ვეფხის ტყავითა: ქვაბისა კარსა გამოდგა: ქალი ჯუბითა შავითა: ატირდა მაღლად ცრემლითა: ზღვათაცა შესართავითა: იგი ყმა ცხენსა გარდახდა: ყელსა მოეჭდო მკლავითა: