ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

332. “უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა, დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა ძილისა მიჰხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა, ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა.

333. “მას ადგილსა ნაომარსა გარდავჰხედით მოსვენებად. ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა არ ნაღებად ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად, ვერ იტყვიან, ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოჴსენებად.

334. “ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი, ამიტირდეს, ჩემგან ხრმლითა განაკვეთი ნახეს, მეტად გაუკვირდეს. –

*

335. “გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე, ერთობ სავსენი მოვიდეს, – თავი ავალაღებინე, სისხლთა მძენელთა ჩემთა სად მინდორი შევაღებინე, არ ვჰბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე”.

336. რამაზს ვარქვი: “შემიგნია საქმე შენი სამუხთალე, აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე, სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ჴელთა მომათვალე, თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე”.

337. “რამაზ მითხრა: “აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე, ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე, ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე, ჴელთა მოგცემ ყველაკასა, – განაღამცა შენ გაქონე”.

338. “მივეც ერთი დიდებული, თანა ყმანი წავატანენ, ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ, ჴელთა მომცეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ, საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგვანენ!

339. “მაშინ–ღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: “იყვენით თქვენ უკრძალავად, მზემან არ დაგვწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად”–

340. “საჭურჭლენი გარდავნახენ თავის თავის, კიდის კიდე. უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე, თუცა ჰნახენ, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!

341. “ვერა შევიგენ, – რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად. ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არ ორხაულად, სიმტკიცე ჰგვანდის ნაჭედსა ,ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.

342. “იგი საძღვნოდ მისად დავდევ, ვისი შუქი მანათობდა. მეფისათვის დავარჩივე საარმაღნოდ რაცა სჯობდა ჯორ-აქლემი ათჯერ-ასი, ყველაკაი წვივ-მაგრობდა. დატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა”.

343. წიგნი დავწერე: “მეფეო, სვემცა არს თქვენი სვიანად! მე ხატაელთა მიმუხთლეს, თუცა მათ ეცა ზიანად ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად, მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან–ტყვიანად”.

*

344. “რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე, წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე, ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე, მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.

345. “ხატაეთისა ჴელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია. ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია რა ქება მითხრა, არ ითქმის, – ჩემგან სათქმელად წბილია, ჴელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.

346. “ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა, საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა. მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა მიალერსებდა, მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.

347. “მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით, დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით მეფემან ბრძანა: “ლაშქარნი უხმენით, შემოჯარენით, დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით”.

348. “რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე ტკბილად ნახა ჴელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე. ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე,– ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!–

349. “მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა, ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა. ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა: “შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?”