ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

295. “ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა,– აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა. ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა. გეცრუო, – ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

296. “წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე ღმერთმან ჰქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე. მაგრა რა ვქნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე?! გული მომეც გაუყრელად, – ჩემი შენთვის დაიჭირე”.

297. “ზედან წიგნსა საფიცარსა შეჰვფიცე და შემომფიცა მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა: “უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა, ღმერთი მომკლავს!– ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთიცა”.

298. “დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით, მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით,– მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით. –

299. “მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ-ბადახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, აწ მიკვირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!”

*

300. დილასა შევჯე, ვუბრძანე: “ჰკარით ბუკსა და ნობასა!” სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა! ლომმან მივმართე ხატაეთს, – ვერვინ მიძრახავს ჴრდლობასა, უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

301. “დავაგდე მზღვარი ინდოთა მევლო პაშტაი ხანია, რამაზის კაცი მემთხვია, – ვინ ხატაეთის ხანია,– მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: “ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, ინდონო, თქვენი თხანია!”

302. “მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი, მითხრეს: “გკადრებს, - ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-საქმნელი, ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

303. “რაცა შეგცოდეთ, შეგვინდე, თვით ჩვენვე შეგვინანია თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდე, აქა ნუ მოვლენ სპანია ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდეს ცანია ჩვენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია”.

304. “გვერდცა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით მითხრეს თუ: “ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ გლახ ენით: არიან მეტად მუხთალნი, ჩვენ ერთჴელ კვლაცა ვნახენით არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

305. “ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა გულმართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა, არ დაგმორჩილდენ, – შეჰრისხდი რისხვითა, კვლა-და-კვლაც-ითა”.

306. “მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები შევსთვალე: “რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, – დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები ლაშქართა დავჰყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები”.

307. “მათ ლაშქართაგან სამასი კარგი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს, წაცავე, დავჰყარენ სპანი ყველანი, დავჰვედრე: “სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მომდევდით, მიშველდით, – გიჴმობ, თუ მინდეს შველანი”

308. “სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა. კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: “მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღნობა ამისთანისა”.

309. “კვლაცა ეთქვა: “მართალია ეზომ ჩემი მონახსენი, მე თვით წინა-მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი”. მოვაჴსენე: “დია, ღმერთო, ბრძანება ვქმნა მეცა თქვენი, ტკბილად ვნახნეთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი”.

310. “მუნით წასული ჩამოვჰხე ტევრისა რასმე კიდესა კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად – არ დამრიდესა წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა. “შენსა ნახვასა მეფენი”, თქვეს, “მართლად ინატრიდესა”.

311. “მითხრეს: “მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები, სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები”. მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები, მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვნეს ვით მაყრები.

*

312. “კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წარჴდების: ერთი კაცი უკმორესწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების: “დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების, გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქმნების.