... (A-859), 1841 წ.

218. საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა. მართ მაშინვე ჰგვანდა იგი, მზისა შუქთა ნასამალსა. უყვარდით და სწორად უჩნდით, მეფესა და დედოფალსა. აწ ვახსენებ ვისგან ჩემი, დაუდაგავს გული ალსა:-

219. ყმა დაბნდა რა სახელისა, ხსენებასა მიეწურა. ავთანდილსცა აეტირა ,მისმან ცეცხლმან გულსა მურა. ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი მოაპკურა. თქვა ისმენდი მაგრა ჩემი, სიკუდილისა დღე დასტურა:-

220. მას ქალსა ნესტან დარეჯან, იყო სახელად ხმობილი. შვიდისა წლისა რომ შეიქმნა, ქალი წყნარი და ცნობილი. მთვარისა მგზავსი მზისაგან, შვენებით ვერ შეფრობილი. მისსა ვით გასძლებს გაყრასა, გული ალმასად წდობილი:-

221. იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა. მეფე ქალსა ვით ხედვიდა, მეფობისა ქნისა მწთომსა. მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქენ ამა ზომსა. ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა:-

222. მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა. ქვად ფაზარი სხდა დათლილი, იაგუნდისა ლალისა. ძირსა ბაღჩა და საბანლად, სარაჯი ვარდის წყალისა. იგი მუნ იყვის მედების, ვისგან სახმილი ალისა:-

223. დღე და ღამე მუჯამრითა, ეკმევოდის ალვა თლილი. ზოგჯერ კოშკს ჯდის ზოგჯერ ბაღჩას, ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი. მას სიბრძნისა სასწავლებლად, თჳთ მეფემან მისცა შვილი:-

224. სრა ედგა მოფარდაგული, ოქსინოთა და შარდითა. ვერვინ ვხედევდით შეიქნა, პირითა მინა ვარდითა. ასმათ და ორნი მონანი, ყვიან იმღერდის ნარდითა. მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა:-

225. თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა. დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა. ძალად ლომსა თვალად მზესა, ტანად ვგავდი ედემს ზრდილსა. სროლასა და ასპარეზსა, აქებდიან ჩემგან ქნილსა:-

226. მოსრნის მჴეცნი და ნადირნი, ისარმან ჩემგა რეულმან. მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან. შევიდი შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან. აწ საწუთროსა გამყარა, პირმან ბროლ ბალახშეულმან:-

227. მამა მამიკვდა მოვიდა, დღე სიკვდილისა მისისა. ქნა გაუცუდდა ფარსადანს, ნიშატისა და ნიშისა. მათ გაუხარდეს ვის ზარი, დალევდა მტრისა შიშისა. ერთგულთა შექნეს ვაება, მტერთა ხსენება იშისა:-

228. მე წელიწდამდის ბნელსა ვსჯდე, საწუთრო გაცუდებული. დღისით და ღამით ვაებდი, ვერვისგან სულ დაღებული. გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული. ებრძანა შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული:-

229. ჩვენ უფრო გვტკივის იგი ვინ, დაგვაკლდა სწორად თავისა. ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა. ბოძება მისეულისა, სრულისა საკარგავისა. შენ გქონდეს ამილბარობა, ქმნა მისვე საურავისა:-

230. ავენთი დამწვეს მამისა, სახმილთა დაუშრტელთა. უკუნით გამომიყვანეს, ხასთა მათ წინამდგომელთა. გამოსლვისათჳს ზეიმი, შეჰქნეს ინდოეთს მფლობელთა. შორს მამეგებნეს მაკოცეს, პატივით ვითა მშობელთა:-

231. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივი მცეს ძისა დარად. მის ჴელისა საურავი, მათ ორთავე მითხრეს წყნარად. ურჩ ვექმენ და მისეულთა, წესთა ქცევა მიჩნდა ზარად. არ მომეშუნეს დავმორჩილდი, თაყვანის ვეც ამილბარად:-

232. აღარა ვიცი დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია. გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია. ცრუ და მუხთალი სოფელი, მიწყივ ავისა მქნელია. მისთა ნაკვეთთა წინწალი, დამეცეს ხანგრძლად მწველია:-

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გამიჯნურდა.

233. კულავ დაიწყო თქმა ანბისა მან რა ხანნი მოიტირა. დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით გვენადირა. მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ ხელი ხელთა დამიჭირა. მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გვიკვირა:-

234. ბახჩა ვნახე უტურფესი, ყოვლისავე სალხინოსა. მფრინველთაგან ჴმა ისმოდა, უამესი სირინოსა. მრავლად იყო სარაჯები, ვარდის წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოჰფარვიდა, ფარდაგები ოქსინოსა:-

235. მეფემან აღჴმა დურაჯთა, მითხრა მიტანად ქალისა. გამოუხვენ და წავედით, ჩემად სადებლად ალისა. მაშინ დავიწყე გარდახდა, მე საწუთროსა ვალისა. ალმასისა ხამს ლახვარი, ლახვრად გულისა სალისა:-

236. ვიცოდი სწადდა არვისგან, ნახვა მის მზისა დარისა. მე გარე ვდეგ და მეფემან, შევლო ფარდაგი კარისა. ვერას ვხედვიდი ოდენ ჴმა, მესმოდა საუბარისა. ასმათს უბრძანა გამოჴმა, დურაჯთა ამილბარისა:-