... (A-859), 1841 წ.

99. ჩვენ ვიახლენით სამთავე, სამნივე მეაბჯრენია. ლაშქართა წასვლა უბრძანეთ, მით არას მოაზრენია. მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია. დავხოცეთ მჴეცნი ფრინველი, რაც ზედა გარდაგვფრენია:-

100. ანაზდად მოყმე გამოსჩნდა, კუშტი პირ გამქუშავია. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია. თავსა და ტანსა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავია. ჯერთ მისი მსგავსი შვენება, კაცთაგან უნახავია:-

101. უჭვრიტეთ მისთა ელვათა, შუქნი ძლივ გავიცადენით. ვსთქვით თუ მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით. მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით. ასრე სულთქმით და ვაებით, მით ვართ ცრემლისა დადენით:-

102. მე უხუცესმან უმცროსსა, კაცი დავსთხოვე ქენებით. ჩემმან შედეგმან ტაიჭი, მისი თჳთ აქო ხსენებით. ამან მართ ოდენ მორევნა, გვითხრა უალეთ ჩვენებით. მივმართეთ იგი აგრევე, წყნარად მივა და შვენებით:-

103. ბროლმან ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა. იგი ტკბილნი გონებანი, ჩვენთჳს მეტად გაამყიფნა. არ აგვიხვნა არცა დაგვსხნა, ყოლე არად ამოგჰვკრიფნა. მისნი მკვახედ მოუბარნი, მათრახითა დაგვამწიფნა:-

104. უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით. ჴელი მოჰკიდა დადეგო, ესეცა ჰკადრა კიდ ენით. მან ჴრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით. თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით:-

105. მით ერთითა მათრახითა, თავი ასრე გარდაფრიწა. ვითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა. მისი რასმე მკადრებელი, მოამდაბლა მოამიწა. თვალთა წინა წაგვივიდა, ლაღი კუშტი ამაყი წა:-

106. აღარ დაბრუნდა წავიდა, წყნარად და აუჩქარებლად. აგერა მივა ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად. შორს უჩვენებდეს ავთანდილს, მტირალნი გაუხარებლად. ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი, მისი მის მზისა მარებლად:-

107. აჰა მიხვდა ავთანდილსა, ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა. რადგან ცუდად არ წაუხდა, მას ეზომი გარეთ ყოვნა. კაცსა მიხვდეს საწადელი, რას ეძებდეს მისი პოვნა. მაშინ მისგან აღარა ჰხამს, გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა:-

108. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე, ღარიბი უადგილოსა. მე იმა ყმისა საძებრად, მოვშორდი საგაზრდილოსა. აწ თქვენგან მივხვდი საქმესა, ყოლა არ საადვილოსა. ღ~თიმცა ნურას ნუღარ იქმს, თქვენსა დასაღრეჯილოსა:-

109. ვითა მე მივხუდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა. აგრემცა ღ~თი ნურას იქმს, ძმისა თქვენისა ვნებასა. უჩვენა მისი სადგომი, მიდითო ნება ნებასა. ჩრდილსა გარდასვით მაშურალნი, მიეცით მოსვენებასა:-

110. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა. ვითა გავაზი გაფრინდა, არ გაშვებული ხეზითა. ან მთვარე მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა. დაივსო ცეცხლი შემწველი, მისითა მან მიზეზითა:-

111. მიეწურა იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს. საუბარმან უმეცარმან, შმაგი უფრო გააშმაგოს. ხამს თუ კაცმან გონიერმან, ძნელი საქმე გამოაგოს. არ სიწყნარე გონებისა, მოიძულოს მოიძაგოს:-

112. რადგან ისი არის სადმე, უცნობოდ და ისრე რეტად. რომე კაცსა არ მიუშვებს, საუბრად და მისად ჭურეტად. მივეწევი შევიყრებით, ერთმანერთის ცემა ჟლეტად. ანუ მომკლავ ანუ მოვჰკლავ, დავიკარგეთ მეტის მეტად:-

113. ავთანდილ იტყჳს ეზომი, ჭირნიმცა რად ვაცუდენი. რაცაღა არის არა არს, თუმცა არ ედგნეს ბუდენი. აწ ესე სადმე მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი. მუნიდგან ვსძებნნე ღონენი, ჩემნი არ დასამრუდენი:-

114. წინა უკანა იარეს, ორნი დღენი და ღამენი. დღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამელნი. არსადა ხანი არ დაჰყვეს, ერთნი თვალისა წამენი. მათ თვალთა ცრემლნი სდიოდა, მინდორთა მოსალამენი:-

115. დღისით ვლეს და საღამო ჟამ, გამოუჩნდეს დიდნი კლდენი. კლდესა შიგან ქვაბნი იყვნეს, პირსა წყალი ჩანადენი. წყლისა პირსა არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი. ხე დიდროან თვალ უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი:-

116. მან ყმამან ქვაბსა მიმართა, განვლნა წყალნი და კლდენია. ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახა დიდნი ხენია. მას ზედან ჭურეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია. მუნით უჭურეტდა იგი ყმა, მივა ცრემლ მინადენია:-

117. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა. ქვაბისა კარსა გამოდგა, ქალი ჯუბითა შავითა. ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა. იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა:-

118. ყმამან უთხრა დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს. ვეღარ მივხვდით ჟამიერად, ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს. ესე თქვა ჴელნი იკრნა, მკერდსა ცრემლნი გარდმოსწვიმდეს. ქალი შებნდა მოეხვია, ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს:-