ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

355. მან ყმამან ქვაბსა მიმართა, განვლნა წყალნი და კლდენია; ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია, მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია, მუნით უჭვრეტდა; იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.

356. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა, ქუაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა, ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღუათაცა შესართავითა, იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

357. ყმამან უთხრა: “დაო ასმათ, ჴიდნი ზღუასა ჩაგუიცუივდეს; ვეღარ მივხუდით ჟამიერად ჩუენ ვისიცა ცეცხლნი გუწუიდეს”; ესე თქუა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსწუიმდეს, ქალი შებნდა, მოეხუია, ერთმანერთსა სისხლით სწუმიდეს.

358. გარდაჴდა და თაყვანი სცა, ახსენა ღმრთისა სახენი: შენ გმონებს ყოვლი ქუეყან, ყოველნი მონა, სახენი: შენგან მიხუდების წადილსა უღონო, დანასახენი მისად საძებრად სიცოცხლე ვქენ ლაჴუარ შესასახენი.

359. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა; ერთმანერთსა ეხუეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა, იზახდიან, მოთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ჴმასა, ავთანდილ ჭურეტს გაკუირვებით მათსა ეგრე ქცევა ზმასა.

360. სული დაიღო მან ქალმან, დასთმო გულისა წყლულობა, ქუაბს შეიყუანა ტაიჭი, მოჴადა აკაზმულობა, მას ყმასა შეხსნა, შეიღო აბჯრისა წელ მორტყმულობა; შინა შევიდეს, მას დღესა გარდაჴდა გამოსრულობა.

361. ავთანდილს უკუირს, ამბავი ისი თუ ვსცნაო მე რითა?” გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა; შავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წუერითა, შეკაზმა, მოაქუს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

362. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არ ასე ჯდა. ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა; ერთმანერთსა მოეხუივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა, ასმათ, აგრე დაღრეჯილი, კულავ უფრორე დაიღრეჯდა.

363. ავთანდილ ახლოს კულავ ნახა სახე მისივე კაცისა, ულვაშ-აშლილი, წუერ გამო, “ნუ თუ მზეაო”, თქუა, “ცისა?” ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა, ასრე უჩს მოკულა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.

364. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა, შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა; ავთანდილ ჭურეტს გაკუირვებით, მალვით ხესა მოეფარა, თქუა თუ: “ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მამიგუარა.

365. ავთანდილ თქუა: “ჟამად ვპოე, ვრბოდი ვისთუის სურვილითა; მისგან კიდე მომსახურე, ვნახო, ჰყუანდეს ნუთუ ვითა; ნუთუ რასაც მოველოდდე, მითხრას ამან მე ამბავთა, არა მე ვარ იგი ლომი, რომე მჴეცთა მოვსრავ ჴრმლითა?“

366. “აწ ამას ჩემთუის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო? ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო, ჩემიცა უთხრა ყუელაი, მართალი გავაბჭობინო, მას ყმასა ჴრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო”.

367. ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული, ზედა შეჯდა, გაემართა, ქუაბი დახუდა კარ გახმული; მუნით ქალი გამოიჭრა გულ მდუღარე, ცრემლ დასხმული, ეგონა თუ, დაბრუნდაო პირი ვარდი, ფერ ბაკმული.

368. ვერ იცნა, სახე არ გუანდა მისი მის ყმისა სახესა; ფიცხლა გაიქცა, მიმართა ზახილით კლდესა და ხესა. ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა, ჴმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა.

369. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭურეტადცა ებილწებოდა, ვითა კაკაბი არწივსა ქუეშე, მიდამო წრწებოდა, ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა, ავთანდილ მუჴლთა უყრიდა, თითითა ეხუეწებოდა.

370. ქალი კიოდა ტირილით, ჴმასა მოსცემდეს მთა ვითა; უძახის: ლომო,ტარიელ“, არ იყო ამად ზავითა; ავთანდილ ეტყუის: “ ნუ შმაგობ, ნუ ხარ ცნობითა ავითა, ღარიბი უადგილოსა მოველ მართ ოდენ თავითა.“

371. ეტყოდა: “სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი; უფერო ქნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი; მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან სარო, პირ-ბაკმიანი? სხუად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ყივი აგრე ჴმიანი”.

372. ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა: “თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა; აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკავ ადვილად თხრობასა; ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა”.

373. კულა ეტყვის: “ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა? მაგა საქმესა ვერა იქს ვერცა კალამი წერასა; შენ ერთხელ მეტყვი: “მითხარო”, მე ასჯერ გეტყუი: “ვერასა”; ვითა სიცილი ტირილსა,ვაგლახი მიჯობს მღერასა”.

374. ყმა ეტყვის: “ ხედავ, სისხლისა თუალთა მდის ცრემლთა წყალები, დრო გამიგრძელდა, მიმჭირდა,ამად მაჩნია წყალები, ვიცი, არ მამკლავ, ღარიბი ღარიბსა შეგებრალები; მაგა ამბვითა დამივსე ცეცხლისა მევე ალები.“