ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

335. ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა; იგი ტკბილნი გონებანი ჩუენთვის მეტად გაამყიფნა; არ აგუიხუნა, არცა დაგუსხნა, ყოლე არად ამოგუკრიფნა, მისნი მკუახედ მოუბარნი მათრაჴითა შეგუამწიფნა!

336. უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით; ხელი მოჰკიდა, “დადეგო!” ესეცა კადრა კიდ ენით; მან ჴრმალსა ჴელი არ მიჰყო, ჩუენ ამად დავერიდენით, თავსა გარდაკრა მათრაჴი, ვნახეთ სისხლისა მიდენით.

337. ჩუენი ძმა, გლახ, დაკოდილი მასვე წამსა ჩამოვარდა; მისმან შიშმან დაგუაწყნარნა, იგი ყოლე არ აჩქარდა; მასმცა მიღმა რაღა ვკადრეთ, ვისმან ყოფა გაგუიმწარდა, ვთქუით თუ “ უჴრმლოდ მოგუერია, ცრმალთა გაგყურის ფარდა ფარდა.

338. “მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა, ვითა მკუდარი უსულო ქნა, ვითა მიწა დაამიწა, მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა, თუალთა წინა წაგუივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა!

339. “აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად; აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთუარებლად”; შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად, ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

340. ვეფხისა ტყავი ენიშნა, ფიცხლავ გარდაჴდა ცხენითა; ღმერთსა მადლობდა ცრემლითა, მინდორთა გასარცხელითა; “ეტყოდა:” თქუენგან გამოვა ყოველთა სიმარცხენითა, კეთილის მქნელად გამოჩნდის, ჩუენ მტერად მაგრა ცხენითა.

341. აჰა მიხუდა ავთანდილსა ღაწუთა ცრემლით არ დათოვნა, რადგან ცუდად არ წაუჴდა მას ეზომი გარეთ ყოვნა; კაცსა მიხუდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა, მაშინ მისგან აღარა ჴამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

342. უთხრა თუ:”ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა, მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა, აწ თქუენგან მივხუდი საქმესა ძნელსა არ საადვილოსა, ღმერთიცა ნურას ნუღარ იქს თქუენსა დასაღრეჯილოსა!

343. “ვითა მე მივხუდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა, აგრემცა ღმერთი ნურას იქს ძმისა თქუენისა ვნებასა!” უჩუენა მისი სადგომი: “მიდითო ნება-ნებასა, ჩრდილსა გარდასუით, მაშვრალნი მიეცით მოსუენებასა”.

344. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა, ვითა გავაზი გაფრინდა, არ გაშუებული ხეზითა, ან მთუარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა; დაივსო ცეცხლი შემწუელი მისითა მან მიზეზითა.

345. მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს: საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! ჴამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

346. “რადგან ისი არის რადმე უცნობოდ და ისრე რეტად, რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭურეტად, მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა ჟლეტად, ანუ მამკლავ, ანუ მოვკლავ,” დაიკარგუის მეტის მეტად.

347. მე იმა ყმისა საკრავად ჴრმალსამცა ვით მივყავ ნები! არც მოვკლავ, არცა მოვკუდები, არც ვავნებ, არცა ვევნები; შორით თუალითა მივსეურავ, უკანა დავედევნები იარეს, გავლეს მრავალი მინდორი, შამბნარ ჴევნები

348. გარდაჴდა და თაყუანი სცა, ახსენა ღმრთისა სახენი: შენ გმონებს ყოვლი ქუეყანა, ყოველნი მონა, სახენი: შენგან მიხუდების წადილსა უღონო, მოვაგლახენი: ავთანდილ გეძებ, სიცოცხლე შენთუის ლაჴუართა ვახენი.“

349. პოვა ავთანდილ ტარიელ წინა უკან მინადენია; თითს უშვერს: “თქვა თუ;, ის არის” უხარის არ თუ სწყენია. მაგრამ ტარიელს ახოვნად შუენიან სინაზენია; მოურწყავს გიშრის ღარითა, ვარდი ყუითელი ტენია.

350. ავთანდილ მისდევს უკანა, ტარიელ მივა წინარე; მას შეეცუალა სალხინოდ იგ ჭირნი მოუთმინარე; იგავთა მნათი ხელ- ქმნილი მოყმე მათთანა ვინ არე შესთხზვია ვარდსა ბროლი და ძოწი გიშრითურთ მინა რე.

351. ავთანდილ იტყვის: “ ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი, რაცაღა არის, არ არის, თუმცა არ ედგნეს ბუდენი; სადაცა მივა, მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი, მუნითგან ვძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი”.

352. წინა უკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი, დღისით და ღამით მაშვრალნი, არ საჭამადთა მჭამენი; არსადა ხანი არ დაყუეს, ერთნი თუალისა წამენი, მათ თუალთა ცრემლნი სდიოდა, მინდორთა მოსალამენი.

353. დღისით ვლეს და საღამო ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, კლდეთა შიგან ქუაბნი იყუნეს, ძირსა წყალი ჩანადენი, წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი, ხე დიდრუან, თუალ უცდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

354. დადგა უჭვრეტს, ალვის შტოსა ანძრევს, გარე ჰქონდა ყელსა, ავთანდილს კუირს, ეგრე ვითა გაანათებს მზეებრ ველსა; პირად მზესა, გულად ლომსა, ტანად შეგავს საროს მზრდელსა; მოიგონებს გულ ამოსკუნით მასვე მისსა საგონელსა.