... (S-2781), XIX ს.

97. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად ტაიჭი უგავს მერანსა მიეფინების მზე ველად შეიგნა მისლვა მეფისა თვისად უკანა მდეველად

98. რა სცნა მეფე მოვიდაო ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა მასვე წამსა დაიკარგა არ უნახავს თვალსა ჩვენსა გუანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს კვალსა მისგან წანარბენსა

99. კვალი ძებნეს და უკვირდათ ვერ პოვნა ნაკვალევისა აგრე კვალწმიდად წახდომა კაცისა ვითა დევისა ლაშქარნი მკუდართა სტიროდეს სწრაფა აქვთ წყლულთა ხვევისა მეფემან ბრძანა ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა

100. ბრძანა ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება სიკვდილამდის დამაწყლულა ვერვის ძალუც განკურნება მასვე მადლი ესე იყო წადილი და მისი ნება

101. ესე თქუა და შემობრუნდა დაღრეჯილი წამოვიდა არცაღა ჰკრა ასპარეზსა ვამი ვამსა მოურთვიდა ყველაკაი მოიშალა სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა ზოგთა თქვეს თუ მართალია ზოგი ღმერთო უზრახვიდა

102. მეფე საწოლს შერავიდა სევდიანი დაღრეჯილი მისგან კიდე არვინ შეყვა ავთანდილ უჩნს ვითა შვილი ყუჱლაკაი გაიყარა ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი გაბედითდა სიხარული ჩაღანა და ჩანგი ტკბილი

103. თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა ადგა და კარსა მივიდა ჰქონდა მზისაცა ცილობა მოლარე იხმო უბრძანა ძილია თუ ღვიძილობა მან მოახსენა დაღრეჯით ჰზის სჭირსო ფერშეცვლილობა

104. ერთიღა ახლავს ავთანდილ წინაშე უზის სკამითა უცხო ყმა ვინმე უნახავს არს დია შეჭირვებითა თინათინ ბრძანა აწ წავალ შესულვა არ ჩემგან ჟამითა მიკითხოს ჰკადრე იყო თქო აქა ერთისა წამითა

105. ხანი გამოხდა იკითხა ნეტარ რასა იქმს ქალიო ჩემი ლხინი და ჯავარი ჩემი სოფლისა წყალიო მოლარე კადრებს მოვიდა აწეღა ფერნამკრთალიო დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო

106. უბრძანა თუ წადი უხმე უმისობა ვით გავძლეო მოახსენე რად დაბრუნდი შენ მამისა სიცოცხლეო მოდი ჭმუნვა გამიქარვე გულსა წყლულსა მეწამლეო გითხრა ჩემი სამიზეზო მე თუ ლხინთა რად დავლეო

107. თინათინ ადგა მივიდა მიჰყვა მამისა ნებასა უგავს პირისა სინათლე მთოვარის მოვანებასა მამამან გვერდსა დაისვა აკოცა ნებანებასა უბრძანა მახლავ რად არა რად მელი მოყვანებასა

108. ქალმან ჰკადრა ჴელმწიფეო დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს ვინმცა გნახა კადნიერად რაზომ გინდა ამაყობდეს თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს კაცმან საქმე მოიგუაროს ვეჭვ ჭმუნვასა ესე სჯობდეს

109. უბრძანა შვილო რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია მომაქარვები სევდისა მართ ვითა მუფარახია ვეჭუ რა სცნა შენცა მამართლო ჩემი სულთქმა და ახია

110. უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე რა უმძიმდა არ ვიცოდი ან ტიროდა ვისთვის კიდე ჩემად ნახვად არ მოვიდა გავგულისდი წავეკიდე

111. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა თუალთა ცრემლნი მოიხოცნა შესაპყრობლად შევუზახენ სპანი სრულად დამიხოცნა ვითა ეშმა დამეკარგა არ კაცურად გარდამკოცნა ჯერცა ესე არა ვიცი ცხადი იყო თუ მეოცნა

112. ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს დამავიწყდა რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს ვეღარავინ მინეტარნეს სადამდისცა დღენი მესხნენ ვეღარამან გამახარნეს

113. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა ჱე მეფეო რად ემდურვი ანუ ღმერთსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა

114. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ მეფეთა ზედა მფლობელი შორს არის თქვენი სამძღუარი ბრძანებამიუთხრობელი გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი ადრე სცნობ არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი

115. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა უბრძანეს წადით პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა მონახეთ ძებნეთ იგი ყმა სხვად ნურად მოიცლიდეთა მისწერეთ წიგნი სადაცა ვერ მისწვდეთ ვერ მიხვიდეთა

116. კაცნი წავიდეს იარეს მათ ერთი წელიწადია მონახეს ძებნეს იგი ყმა იკითხეს კულა და კვლა დია ვერცა თუ ნახეს მნახველი ღმრთისაგან დანაბადია ცუდად მაშვრალნი მოვიდეს მათსავე გულსა ზადია