... (S-2781), XIX ს.

78. იგი მინდორი დალივეს მართ მათგან განარბენია მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია ნადირნი ტყესა შეესწრნეს სადა ვერა რბის ცხენია იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს რაზომცა მხნენია

79. ერთმანერთსა თუ მე გჯობო სიცილით ეუბნებოდეს ამხანაგობდეს ლაღობდეს იქით და აქათ დგებოდეს მერმე მოვიდეს მონანი რომელნი უკან ყვებოდეს უბრძანა სთქვითო მართალი ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს

80. მონათა კადრეს მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით მეფეო ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით აწვეცა დაგვხოც ვერა გავ ვერათ ვერ მოგეხმარებით ვისგან ნაკრავნი გვინახავნ მხეცნი ვერ წაღმა წარებით

81. ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია არ დასცთომია ერთიცა რაც ოდენ შეუტყორცია თქვენი მრავალი მიწითა დასურილი წარგვიხოცია

82. მეფესა ესე ამბავი უჩნს ვითა მღერა ნარდისა უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა აქუს მიჯნურობა ამისი ვითა ბულბულსა ვარდისა სიცილით ლაღობს მიეცა გულით ამოსლვა დარდისა

83. იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა ლაშქართა შექმნეს მოდენა მოდგეს უფროსი ტევრთასა ახლოს უდქს მონა თორმეტი უმხნესი სხვათა მხნეთასა თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის ტყაოსნისა

84. ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამაბჯარუნაგირსა ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა გულსა მდუღრად ანატირსა

85. მას ტანსა კაბა ემოსა გარეთმა ვეფხის ტყავისა ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა ჴელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა ნახეს და ნახუა მოუნდა უცხოსა სანახავისა

86. როსტანს ცნობა მოსურდა სჭვრეტს ყმასა განკვირებულსა უბრძანა მონას მიდიო ვინ არს მზებრ განათლებული მოვიდეს ვნახოთ შევიტკბოთ რად არ გლახ დაჭმუნვებული რა უმძმს რა ჭირს გვაცნობოს სწამს თუ ზე დასთა კრებული

87. წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულმდუღარისად თავჩამოგდებით მტირლისა არ ჭურეტით მოლიზღარისად მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა გია გიშრისა ღარი სად ახლოს მივიდა მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად

88. ვერა კადრა საუბარი მონა მეტად შეუზარდა დიდხან უჭურეტს გაკვირვებით თუცა გული უმაგარდა მოახსენა გიბრძანებსო ახლოს მიდგა დაუწყნარდა იგი სტირს და არა ესმის მისგან გაუუმეცარდა

89. მის მონისა არა ესმა სიტყვა არცა ნაუბარი მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი უცხოდ რადმე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი ხმალსა სისხლი ერეოდა გასდის ვითა ნაგუბარი

90. სხუაგან ჰქნის მისი გონება მისმან თავისა წონამან ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კულა კადრა მონამან არცა დააგდო ტირილი არცა რა გაიგონა მან არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან

91. რა პასუხი არა გასცა მონა გარე შემობრუნდა როსტანს ჰკადრა შემიტყვია იმას თქვენი არა უნდა თვალნი მზეებრ გამირეტდეს გული მეტად შემიძრწუნდა ვერ ვასმინე საუბარი მით დავყოვნე ხანი მუნ და

92. მეფე გაკვირდა გაცაწყრა გული უც მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა თორმეტი თვისის წინაშე მდგომარე უბრძანა ჴელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე მიდით და აქა მომგვარეთ ვინ არის იქი მჯდომარე

93. მონანი მიდგეს მივიდეს გახდა აბჯრისა ჩხარია მაშინღა შეკრთა იგი ყმა სტირს მეტად გულმდუღარია თვალნი მოარნა ყოველგან ნახა ლაშქართა ჯარია ერთხელ ესე თქვა ვა მეო სხვად არას მოუბარია

94. თუალთა ჴელნი უკუივლო ცხელნი ცრემლნი მოიწურნა ხრმალკაპარჭი მოიმაგრა მკლავნი გაიმამაცურნა ცხენსა შეჯდა მონათაცა საუბარნი რად იყურნა სხუასა მხარსა გაემართა მათი ჭირი არ განკურნა

95. მონათა ჴელნი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად მან გლახ იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად კრა ერთმანერთსა დახოცნა თავსა ჴელაუპყრობელად ზოგსა გადაკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად

96. მეფე გასწყრა გაგულისდა ლაშქარნიცა შეუზახნა მან დევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა არცა ნახნა რაზომნიცა მიეწივნეს ყოვლნი მკვდართა დაასახნა კაცი კაცსა შემოსტყორცნა როსტან ამად ივაგლახნა