... (Q-609), XIX ს.

119. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა: ცრემლი ძნელად ეხოცების: ვითა ვერხვი ქარისაგან: ირხევის და იკეცების: რა მილულნის სიახლევე: საყვარლისა ეოცების: შეჰკრთის დიდი დაიზახის: მით პატიჟი ეოცების:

120. მოშორვება საყვარლისა: მას შეჰქნოდა მისად ღაზოდ: ცრემლსა ვითა მარგალიტსა: ტირს ვარდისა დასანაზოდ: რა გათენდა შეეკაზმა: მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ: ცხენსა შეჯდა გაემართა: დარბაზს მივა სადარბაზოდ:

121. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა: მართ მისგან შენარონია: შესთვალა გკადრებ მეფეო: მე ესე გამიგონია: ყოველი პირი მიწისა: თქვენ ჴრლმითა დაგიმონია: აწ თუ სჯობს ესე ამბავი: ცნან რაცა გარემონია:

122. მე წავიდე მოვიარო: ვილაშქრო და ვინაპირო: თინათინის ჴელმწიფობა: მტერთა თქუენთა გულსა ვგმირო: მორჩილ ქმნილთა გავახარო: ურჩი ყუელა ავატირო: ძღვენნი გკადრნე ზედა ზედა: არ სალამი დავაძვირო:

123. მეფესა ეთქუა ამისი: დიადი მადრიელობა: უბრძანა ლომო არა გჭირს: შენ ომთა გამდრეკელობა: აწ მაგა შენსა თათბირსა: გავსო შენივე ქველობა: აწ მაგრა მამხვდეს რაღა ვქნა: თუ სიშორისა გრძელობა:

124. ყმა შევიდა თაყუანისცა: მადლი რამე მოახსენა: ჴელმწიფეო მიკვირს ქება: რად იკადრეთ ჩემი თქვენა: აწ ნუთუ კულავ სიშორისა: ღ~თნ ბნელი გამითენა: პირი თქუენი მხიარული: მხიარულსა კულავ მიჩვენა:

125. მეფე ხელსა მოეკიდა: გარდაჰკოცნა ვითა შვილი: სხვა მათებრი არ ყოფილა: არ გამზრდელი არ გაზრდილი: ყმა ადგა და წამოვიდა: მას დღე მათი ჩანს გაყრილი: როსტან მისთვის აატირა: გონიერი გული ტკბილი:

126. გამოემართა ავთანდილ: მოყმე მხნე ლაღად მავალი: ოც დღე იარა ღამესა: დღეზედა წართო მრავალი: იგია ლხინი სოფლისა: იგია ნივთი და ვალი: არ მისცილდები თინათინ: მისი მას ვისგან სწვავალი:

127. რა მოვიდა სიხარული: შიგან გახდა სამეფოსა: მოეგებნეს დიდებულნი: ძღვენსა სძღვნიდენ იეფოსა: იგი პირ მზე არ მოსცდების: სიარულსა სასწრაფოსა: მიხუდეს მყოფნი მას წინაშე: სიხარულსა სადაფოსა:

128. ქალაქი ჰქონდა მაგარი: საზაროდ სანაპიროსა: გარეთ კლდე იყო გიამბობ: ზღუდესა უქვიტკიროსა: ყმამან მუნ დაყო სამი დღე: ამოსა სანადიროსა: გაზრდილი მისი შერმადინ: დაისვა სავაზიროსა:

129. ესეა მონა შერმადინ: ზემოცა სახელდებული: თანა შეზრდილი ერთგული: და მისთვის თავ დადებული: მან არ იცოდა აქამდის: მის ყმისა ცეცხლი დებული: აწ გაუცხადა სიტყუები: მის მზისა იმედებული:

130. უბრძანა აჰა შერმადინ: ამად მე შენგან მრცხვენიან: ჩემნი საქმენი ყოველნი: გცოდნიან გაგივლენიან: მაგრა არ იცი აქამდის: რანიცა ცრემლნი მდენიან: მე ვისგან მქონდეს პატიჯნი: აწ მასვე მოულხენიან:

131. მიბრძანა მიცან ამბავი: მის ყმისა დაკარგულისა: მოხვიდე სრულ ვჰქმნა მაშინღა: შენი წადილი გულისა: ქმარი არ მინდა უშენო: მამხუდების ხისა რგულისა: მამცა წამალი გულისა: აქამდის დადაგულისა:

132. პირველ ყმა ვარ წასვლა მინდა: პატრონისა სამსახურად: ჴამს მეფეთა ერთგულობა: ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად: მერმე ცეცხლი დაუვსია: აღარა მწვავს გულსა მურად: ჴამს თუ კაცი არ შეუდრკეს: ჭირსა მიუჴდეს მამაცურად:

133. ვართ უმოყვრესნი მე და შენ: ყოველთა პატრონ ყმათასა: ამისთვის გნუკავ სმენასა: შენ ამა ჩემთა ჴმათასა: ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად: თავადად სხუა სპათასა: ამა საქმესა ვერა ვიქ: მე განდობასა სხვათასა:

134. ლაშქართა და დიდებულთა: ალაშქრებდი ნაპირობდი: დარბაზს კაცსა გაგზავნიდი: და ამბავსა მათსა სცნობდი: წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ: უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი: აქა სადმე არ ყოფასა: ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი:

135. ლაშქრობა და ნადირობა: შენი ჩემსა დაასახე: აქათ სამ წელ მამიცადე: ხვაშიადი შემინახე: მე ნუთუმცა შემოვბრუნდი: ალვა ჩემი არ დაჭნა ხე: არ მოვბრუნდე მამიგლოვე: მიტირე და მივაგლახე:

136. მაშინღა ჰკადრე მეფესა: არ საქმე სასურვალია: აცნობე ჩემი სიკუდილი: იყავ მართ ვითა მთურალია: მიხუდა თქო საქმე რომელი: ყოვლთათვის გარდუვალია: გლახაკთა მიეც საჭურჭლე: ოქრო ვერცხლი და რვალია:

137. მაშინ უფრო მომეხმარე: ამისგანცა უფრო მჴნედრე: ნუთუ ადრე დამივიწყო: მახსენებდი ზედა ზედრე: მეტად კარგად დამიურვე: სული ჩემი შეივედრე: ზრდანი ჩემნი მოიგონე: გული შენი მოიმდედრე:

138. რა მონამან მოისმინა: გაუკვირდა შეეზარა: თვალთათ ვითა მარგალიტი: ცხელი ცრემლი გარდმოყარა: მოახსენა უშენომან: გულმან რამცა გაიხარა: ვიცი რომე არ დასდგები: მაგას გიშლი ამად არა: