... (Q-609), XIX ს.

79. კვალი ძებნეს და უკვირდათ: ვერ პოვნა ნაკვალევისა: აგრე კვალ წმიდად წაჴდომა: კაცისა ვითა დევისა: ლაშქარნი მკუდართა ტიროდეს: სწრაფა აქუთ წყლულთა ხვევისა: მეფემან ბრძანა [ვ]ნახეო: მიზეზი ლხინთა ლევისა:

80. ბრძანა ღ~თსა მოეწყინა: აქანამდის ჩემი შვება: ამად მიყო სიამისა: სიმწარითა დანაღვლება: სიკუდილამდის დამაწყლულა: ვერვის ძალუცს განკურნება: მასვე მადლი ასე იყო: წადილი და მისი ნება:

81. ესე თქუა და შემობრუნდა: დაღრეჯილი წამოვიდა: აღარცა ჰკრეს ასპარეზსა: ვამი ვამსა მოურთვიდა: ყველაკაი მოიშალა: სადაცა ვინ მჴეცთა სრვიდა: ზოგთა თქვეს თუ მართალია: ზოგი ღ~თო უზრახვიდა:

82. მეფე საწოლს შემოვიდა: სევდიანი დაღრეჯილი: მისგან კიდე არვინ შეჰყვა: ავთანდილ უჩნს ვითა შვილი: ყველაკაი გაიყარა: ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი: გაბედითდა სიხარული: ჩაღანა და ჩანგი ტკბილი:

83. თინათინს ესმა მამისა: ეგეთი დაღრეჯილობა: ადგა და კარსა მივიდა: ჰქონდა მზისაცა ცილობა: მოლარე იხმო უბრძანა: ძილია თუ ღუიძილობა: მან მოახსენა დაღრეჯით: ზის სჭირსო ფერ შეცვლილობა:

84. ერთი ღა ახლავს ავთანდილ: წინაშე უზის სკამითა: უცხო ყმა ვინმე უნახავს: ასრე დაღრეჯით ამითა: თინათინ ბრძანა აწ წავალ: შესულა არს ჩემგან ჟამითა: [მი]კითხოს ჰკადრე იყო თქო: აქა ერთისა წამითა:

85. ხანი გამოხდა იკითხა: ნეტარ რასა იქს ქალიო: ჩემი ლხინი და ჯავარი: ჩემი სოფლისა წყალიო: მოლარე კადრებს მოვიდა: აწაღა ფერ ნამკრთალიო: დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა: წინაშე მამავალიო:

86. უბრძანა თუ წადი უჴმე: უმისობა ვით გავძლეო: მოახსენე რად დაბრუნდი: შენ მამისა სიცოცხლეო: მოდი ჭმუნვა გამიქარვე: გულსა წყლულსა მეწამლეო: გითხრა ჩემი სამიზეზო: მე თუ ლხინთა რად დავლეო:

87. თინათინ ადგა მივიდა: მიჰყვა მამისა ნებასა: უგავს პირისა სინათლე: მთვარისა მოვანებასა: მამამან გვერდსა დაისუა: აკოცა ნება ნებასა: უბრძანა მახლავ რად არა: რად მელი მოყვანებასა:

88. ქალმან ჰკადრა ხელმწიფეო: დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს: ვინმცა გნახა კადნიერად: რაზომ გინდა ამაყობდეს: თქვენი აგრე დაღრეჯანი: მნათობთაცა დაამხობდეს: კაცმან საქმე მოიგვაროს: ვეჭუ ჭმუნვასა ესე სჯობდეს:

89. უბრძანა შვილო რაზომცა: მჭირს საქმე სავაგლახია: შენი ჭვრეტა და სიცოცხლე: ლხინადვე დამისახია: მამაქარვები სევდისა: მართ ვითა მუფარახია: ვეჭუ რა სცნა შენცა მამართლო: ჩემი სულთქმა და ახია:

90. უცხოსა და საკუირველსა: ყმასა რასმე გარდვეკიდე: მისმან შუქმან გაანათლა: სამყარო და ხმელთა კიდე: რა უმძიმდა არ ვიცოდი: ან ტიროდა ვისთვის კიდე: ჩემად ნახუად არ მოვიდა: გავგულისდი წავეკიდე:

91. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა: თვალთა ცრემლნი მოიჴოცა: შესაპყრობლად შევუზახენ: სპანი სრულად დამიხოცნა: ვითა ეშმა დამეკარგა: არ კაცურად გარდამკოცა: ჯერთცა ესე არა ვიცი: ცხადი იყო თუ მეოცა:

92. ტკბილნი მისნი წყალობანი: ბოლოდ ასრე გამემწარნეს: დამავიწყდა რაცა დღენი: მხიარულსა წამეარნეს: ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს: ვეღარავინ მინეტარნეს: სადამდისცა დღენი მესხნეს: ვეღარამან გამახარნეს:

93. ქალმან კადრა მოგახსენებ: მე სიტყვასა დანაყბედსა: ჰე მეფეო რად ემდურვი: ანუ ღ~თსა ანუ ბედსა: რად დასწამებ სიმწარესა: ყოველთათვის ტკბილად მხედსა: ბოროტიმცა რად შეექმნა: კეთილისა შემოქმედსა:

94. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ: მეფეთა ზედან მფლობელი: შორს არის თქვენი სამზღვარი: ბრძანება მისათხრობელი: გაგზავნე კაცი ყოველგან: მისთა ამბავთა მცნობელი: ადრე სცნობთ არის იგი ყმა: შობილი თუ უშობელი:

95. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს: ოთხთავე ცისა კიდეთა: უბრძანეს წადით პატიჟთა: თავიმცა რად დარიდეთა: მონახეთ ძებნეთ იგი ყმა: სხუად ნურად მოიცლიდეთა: მისწერეთ წიგნი სადაცა: ვერ მისწუდეთ ვერ მიხვიდეთა:

96. კაცნი წავიდეს იარეს: მათ ერთი წელიწადია: მონახეს ძებნეს იგი ყმა: იკითხეს კულა და კულა დია: ვერცა თუ ნახეს ნახული: ღ~თისაგან დანაბადია: ცუდად მაშვრალნი მოვიდეს: მათსავე გულსა ზადია:

97. მონათა ჰკადრეს მეფეო: ჩვენ ხმელნი მოვიარენით: მაგრა ვერ ვჰპოვეთ იგი ყმა: მით ვერა გავიხარენით: მისა მნახავსა სულდგმულსა: კაცსა ვერ შევეყარენით: ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი: სხვანი რამ მოიგვარენით:

98. მეფე ბრძანებს მართალ იყო: ასული და ჩემი ძეო: ვნახე ვინმე ეშმაკისა: სიცუდე და სიბილწეო: ჩემად მტერად წამოსრული: გარდმოჭრილი ზეცით ზეო: გამიშვია შეჭირვება: არა მგამა ყოლა მეო: