... (Q-609), XIX ს.

60. ერთმანერთსა თუ მე გჯობო: სიცილით ეუბნებოდეს: ამხანაგობდეს ლაღობდეს: იქით და აქათ დგებოდეს: მერმე მოვიდეს მონანი: რომელნი უკან ჰყვებოდეს: უბრძანეს თქვითო მართალი: ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს:

61. მონათა ჰკადრეს მართალსა: გკადრებთ და ნუ გემცდარებით: მეფეო ყოლა ვერ ვიტყვით: შენსა მაგისა დარებით: აწეცა დაგვხოც ვერა ჰგავ: ვერათ ვერ მოგეხმარებით: ვისგან ნაკრავნი გვინახავნ: მჴეცნი ვერ წაღმა წარებით:

62. ორთავე ერთგან მოკლული: ყველაი ასჯერ ოცია: მაგრა ავთანდილს ოცითა: უფროსი დაუხოცია: არ დასცდომია ერთიცა: რაც ოდენ შეუტყორცია: თქვენი მრავალი მიწითა: დასვრილი დაგვიხოცია:

63. მეფესა ესე ამბავი: უჩანს ვითა მღერა ნარდისა: უხარის ეგრე სიკეთე: მისისა განაზარდისა: აქუს მიჯნურობა ამისი: ვითა ბულბულსა ვარდისა: სიცილით ლაღობს მიეცა: გულით ამოსლვა დარდისა:

64. იგი ორნივე საგრილად: გარდახდეს ძირსა ხეთასა: ლაშქართა შექნეს მოდენა: მოდგეს უფროსი ბზეთასა: ახლოს უთქმს მონა თორმეტი: უმჴნესი სხვათა მჴნეთასა: თამაშობდეს და უჭვრეტდეს: წყალსა და პირსა ხევთასა:

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის ტყაოსნისა:

65. ნახეს უცხო მოყმე ვინმე: ჯდა მტირალი წყლისა პირსა: შავი ცხენი სადავითა: ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა: ხშირად ესხა მარგალიტი: ლაგამ აბჯარ უნაგირსა: ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა: გულსა მდუღრად ანატირსა:

66. მას ტანსა კაბა ემოსა: გარე თმა ვეფხის ტყავისა: ვეფხის ტყავისა ქუდივე: იყო სარქმელი თავისა: ხელთა ნაჭედი მათრახი: ჰქონდა უმსხოსი მკლავისა: ნახეს და ნახვა მოუნდა: უცხოსა სანახავისა:

67. მოვიდა მონა საუბრად: მის ყმისა გულ მდუღარისად: თავ ჩამოგდებით მტირლისა: არ ჭვრეტთა მოლიზღარისად: მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა: ჰგია გიშრისა ღარისად: ახლოს მოვიდა მოსცალდა: სიტყვის თქმა აღარისად:

68. ვერა კადრა საუბარი: მონა მეტად შეუზარდა: დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით: თუცა გული უმაგარდა: მოახსენა გიბრძანებსო: ახლოს მიდგა დაუწყნარდა: იგი ტირს და არა ესმის: მისგან გაუუმეცარდა:

69. მის მონისა არა ესმა: სიტყვა არცა ნაუბარი: მათ ლაშქართა ძახილისა: იყო ერთობ უგრძნობარი: უცხოდ რამე ამოსკვნიდა: გული ცეცხლთა ნადებარი: ცრემლსა სისხლი ერეოდა: გასდის ვითა ნაგუბარი:

70. [……………………………………..……...........................] ესე მეფისა ბრძანება: ერთხელ კულავ კადრა მონამან: არცა დააგდო ტირილი: არცარა გაიგონა მან: არცა გახლიჩა ბაგეთათ: თავი ვარდისა კონამან:

71. რა პასუხი არა გასცა: მონა გარე შემობრუნდა: როსტენს კადრა შემიგტყვია: იმას თქვენი არა უნდა: თვალნი მზეებრ გამირეტდეს: გული უფრო შემიძრწუნდა: ვერ ვასმინე საუბარი: მით დავყოვნე ხანი მუნ და:

72. მეფე გაკვირდა გაცაწყრა: გული უცს მისთვის მწყრომარე: გაგზავნა მონა თორმეტი: მისი წინაშე მდგომარე: უბრძანა ჴელთა აიღეთ: აბჯარი თქვენ საომარე: მიდით და აქა მამგუარეთ: ვინ არის იქი მჯდომარე:

73. მონანი მიდგეს მივიდეს: გახდა აბჯრისა ჩხარია: მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა: ტირს მეტად გულ მდუღარია: თვალნი მოარნა ყოველგან: ნახა ლაშქართა ჯარია: ერთხელ ესე თქუა ვამეო: სხვად არას მოუბარია:

74. თვალთა ჴელი უკუივლო: ცრემლნი ცხელნი მოიწურნა: ჴრმალ კაპარჭი მოიმაგრა: მკლავნი გაიმამაცურნა: ცხენსა შეჯდა მონათამცა: საუბარნი რად იყურნა: სხვასა მხარსა გაემართა: მათი ჭირნი არა განჰკურნა:

75. მონათა ჴელი გამართეს:[...............................................] მან გლახ იგინი დახადნა: მტერთაცა საწყალობელად: კრა ერთმანერთსა დაჴოცნა: თავის ჴელ აუპყრობელად: ზოგსა გადაკრის მათრახი: მკერდამდის გასაპობელად:

76. მეფე გასწყრა გაგულისდა: მონანიცა შეუზახნა: მან მდევართა მიწევნამდის: არ უჭურიტა არცა ნახნა: რაზომნიცა მიეწივნეს: ყოვლნი მკუდართა დაასახნა: კაცნი კაცსა შემოსტყორცნა: როსტან ამად ივაგლახნა:

77. შესხდეს მეფე და ავთანდილ: მის ყმისა მისაწეველად: იგი ლაღი და უკადრი: მივა ტანისა მრხეველად: ტაიჭი მიუქს მერანსა: მიეფინების მზე ველად: შეიგნა მისვლა მეფისა: მისად უკანა მდეველად:

78. რა ცნა მეფე მოვიდაო: კრა მათრახი მისსა ცხენსა: მასვე წამსა დაიკარგა: არ უნახავს თვალსა ჩვენსა: გვანდა ქვესკნელს ჩანაძრომსა: ანუ ზეცად ანაფრენსა: ეძებდეს და ვერ პოებდეს: კვალსა მისგან წანარბენსა: