ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

1970. მართ ამაზედა შეიქნა შეტევებ შემოტევება; ხატაელთ ღმერთი შეისხდა, შეექნა გამომჟღავნება; ლაშქარნი სრულად მოვიდეს, რაც რამაზს გულში ენება; ავთანდილ ბრძანა: “ ამათი მე ესე ასრე მენება.

1971. აქეთ არაბნი გაუჴდეს და შეუტივეს ცხენები, ტარიელ ჴელთა აიღო, შუბსა აჴმარა მძლე ნები უკრა და ცხენსა გაავლო იგ სიკუდილისა მქენები; რამაზს შეყარა აწ ღმერთმან სამთა გმირთაგან სენები.

1972. უბრძანა თუ : სიმუხთალე ორჯელ შენი შემიტყუია არ გაგიშვებ თუ ცოცხალსა, ესე ჩემგან შეგიტყუია, არც გაუშვებ ხატაელთა, რაცა ჩუენთა ჴელთა ტყუეა, შიში მოჰკლავს უსაცილოდ რამაზს, ესე შემიტყუია.

1973. ცხენთა ფერხთა მოეხუია, მუჴლ მოყრილი შეეხუეწა; მოახსენა: “შემიბრალე, მისსა ძალსა ვინცა გხუეწა! ნუ დამარჩენ, ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკუდარი მე, წა! გული თქუენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა.

1974. დაიკარგენით, წახუედით თქუენ, წელნი მეათენია, გაჴდეს ფრინველნი უმეფოდ, არწივსა მოსტყდეს ფრთენია; ამად შევმართენ საქმენი მათნი საკამათენია, ადრე გამიტყდა სოფელი, მართ ვითა კამათელნია.

1975. შინა წავიდეს, გარდაჴდეს, ეს თურე არ ლაყაბია; რამაზ ჰყავს ორთა დედათა, ყელსა მანდილი აბია. შეშინებული, საბრალო დუღდა, მართ ვითა ქუაბია; მართალ ხარ, მამკალ მე ხვალემ, რამცა ვინ მიასაბია.”

1976. ვიაჯი, მომკალ მე ხოლემ, ყუელაი ჩემი ბრალია; მერმე ხუთასი ვაზირი მყავს აქათ წაუვალია; თავები დასჭერ, ადინე, სისხლი მართ ვითა ღუარია, სპა უბრალოა, ნუ დაჰჴოც, ვტირ ამად გულმდუღარია”.

1977. ყოვლთა მისცეს ზენაარი, მიუყარნეს მუხლნი წინა; ნუ დაგუჴოცო მისსა ძალსა, ვინცა აგრე მოგაწყინა! ტარიელ დგას დაყმუნვებით, რამაზ წინა მოეფინა. ღმერთი ალხენს მონანულთა, არ შეუნდობს კაცი ვინა!

1978. კაცი ცრემლითა შეინდობს, თუ ცოდვა მის თანაც არსა, ვით ნინეველი ისხემდეს თავსა მტუერსა და ნაცარსა, ამით დაესხნნეს რისხუასა, ზეცით მოსრულსა ნაცარსა, წაღმავე წაგრეხს სოფელი კულა მისგან უკუ ნაცარსა.

1979. ბრძენმან ვინმე სასწავლელად საკითხავი ესე ვპოვნე: ესეაო მამაცისა მეტის მეტი სიგულოვნე: “ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე; გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყუა დაიჴსოვნე”.

1980. ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე მგზავსად იგ წარმართულია; “აღარ დაგჴოცო”, უბრძანა, ძლეული შიშმან თუ ლია, “წაღმავე წაგრეხს საქმესა რაცა უკუღმა სთულია, ნაქმარი მრუდი ყუელაი აწ ჩემგან გამართულია”.

1981. თაყუანი სცეს და დალოცეს, ყოველთა ჴმა ერთად იერეს, ღმერთსა შევედრეს ზახილით, სუე მათი გააძლიერეს, თავები დახსნეს სიკუდილსა, სიცოცხლე ამის მიერეს; ტარიას ჴრმალნი ვერ დაძღეს, ჯერთ ჴორცი მოიმშიერეს.

1982. ტარიას ნახუად მოსრული მუშთარი ახლოს მჭურეტია; რისხუისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია; მოვიდეს, ნახეს; რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია, ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა, მართ ვითა სუეტია.

1983. ერთი კაცი მახარობლად მათ ლაშქართა მიუვიდა: “არ დაგჴოცსო, შეგიწყალნა”, ყუელაკაი დალოცვიდა; ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ბევრი ამას მოზრახვიდა: “მოვიდა იგი მოყმე, რომე ერთი ბევრთა სურიდა”.

1984. მოეგებნიან ტარიელს, შორი-შორ უსალამიან; შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, — აალამიან. ვერ გამოენდვნეს ჰინდონი; თქვეს, თუ “ღალატსა ჰლამიან”, არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან.

1985. ტარიელ მიდგა, უყივლა: “მე მოველ მეფე თქუენიო, თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო, ჩუენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო, გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო”.

1986. მაშინღა იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია, სრულად მჭვრეტლითა აივსო ზღუდე და ბანის- ბანია; ჴმა მაღლად ხმობდეს, იზახდეს: “მოგვშორდეს სალმობანია, აქამდის რისხუა მაღალმან აწ მოგუცა წყალობანია”.

1987. კარნი გაახუნეს, გამოჩნდეს, მოიხუნეს მათ კლიტენია; ერთობ ფლასითა მოსილნი მათ მზეთა ზედ მჭურეტენია; ტირან ორნივე ქალ ყმანი, ვარდისა ბაღსა ტენია, ზახილით თავსა იგლეჯდეს, ყორნის თმა ბროლსა ტენია.

1988. ვითა გამზრდელსა მართებდა, გაზრდილი ეგრეც ხელია; რომე სდის ცრემლი თუალთაგან ცეცხლი უფრო ცხელია; თავსა იგლეჯს და იზახდეს, ტირს მეტად გულ ფიცხელია, გიშრისა ტევრსა მოფოცხდა ბროლისა საფოცხელია.

1989. რა ნახნა ხასნი, ვაზირნი ფლასითა დამოსილნია, კულა დაიზახნა ტარიელ, უფროსნი დანაკივლნია; სისხლი და ცრემლი თუალთაგან სდის და მიწყობით მილნია. მოვიდეს, ყელსა მოეჭუდნეს, ვითა ძმანი და შვილნია.