ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

2009. ოქრო, თუალი, მარგალიტი, შუენიერი სანახავად, ყოვლგნით იდვის ვითა გორი, მოდის ველთა მოსარწყავად; ვისცა სწადდის, ალაფობდის, წაიღიან უკითხავად, მანდატური არვის სცუიდეს, ბოლოს ვინ ჯდის, ანუ თავად.

2010. ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყუის მეფე დიდი: “სტუმარნი ხართ, შოებისა სირცხუილი და ნუ გაქუ რიდი”; თიითოს კაცსა თიითო ჯორი, მარგალიტი ანაკიდი, ესე მისცა საბოძიარსა, სხიასა ყიელას ვერ დავსთილიდი.

2011. ავთანდილ და ფრიდონისას საბოძუარსა ვინ დასთვალავს! ვერ გამოსთქუამს სიმრავლესა ენა, ამად თავსა კრძალავს! რაცა იდვა, უკეთესსა დედოფალი არ დამალავს, მათ ხედავდა მხსნელად მათად, ტკბილად უჭურეტს, არა ლალავს.

2012. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან; “თქუენგან გუჭირს კარგი ყუელაი”, მართ ამას მოიტყოდიან; ვითა პატრონსა სჭურეტდიან, რაც სწადდის, მას იტყოდიან, სადარბაზებლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

2013. ტარიელ რამაზ მეფესა უბოძა საბოძუარია; უბრძანა: “ხარკსა მოგვცემდი, მართ ვითა შენი გუარია”; მან თაყუანი სცა, პირსა ქუე მდაბლად დამდებარია, წავიდა მისი მლოცუელი, არ ომთა მაკუეხარია.

2014. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკდომილსა: “რაცა შენ ჰქენ არ უქნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; აწ ჰინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა ზედან დაგსუამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

2015. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე; მუნიდაღმა გუმსახურებდი, თავი შენი დაგუამონე!” ასმათ ფერჴნი გარდუკოცნა: “შენგანაო ჩემი ღონე, მონობისა უკეთესი რამც გიშოვნე, რამც ვიქონე!

2016. მოაჴსენა: ჴელმწიფეო, ვიკადრებ და ნუ გაწყრები: თუ ჴმელეთი სრულად მქონდეს, ვერცა მაშინ გაგეყრები, მე მეყოფა შუქი თქუენი, ვარ მზის ეტლთა შენასწრები, ვერ გავსწირავ ჩემგან ზრდილსა, არცა სხუაგან ვიარები.

2017. კულაცა უბრძანა ტარიელ: “კმარს შენი ჭირთ ნახულები; გუახსოვან შენი ჩუენზედა თუალნი ცრემლ ნაფახულები, სჯობს, მოისმინო ნათქუამი, ქნა ჩემგან გაზრახულები, ბოროტი სცუალო კეთილად, გყუენ სპანი ჴრმალ მაჴულები .

2018. დამორჩილდა, მოაჴსენა: “ჭირთა ჟამი ერთხელია”; მოიყუანეს კარგი მოყმე, გონიერი, არ ხელია: ასმათ მისცეს, მიუძღუების, დაუჭირა საჴელია, იგი კაცი გაადიდეს, აქუს მეფობის საჴელია.

2019. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყუეს ცოტანი დღენია; თამაშობდიან, უსახო მოუდიოდეს ძღუენია; რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია, მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

2020. ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა, უბრძანებდა: “გული, შენი განაღამცა მომემდურვა; აწ ვაგლახ მენ, ჭირი შენი გონებამან შვიდი თუ რვა, მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა!

2021. კულავ ფრიდონცა დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედა ზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა; სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა, თქუენთუის ასრე მომსურდების, წყაროსათუის ვით ირემსა”.

2022. მასცა უბოძა ფარმანი: “წა, სახლი მოიარეო, მე ნუ გამწირავ, მიახლე, ადრე მობრუნდი გარეო”; ავთანდილს უთხრა: “უშენოდ რამცაღა გავიხარეო, რადგან ისწრაფი, რაღა ვქნა? მოგელის ლომსა მთუარეო!”

2023. როსტანისთუის წაატანა ძღუნად ტურფები ჯუბაჩები, კულავ ჭურჭელი თუალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები. “ჩემაგიერ მიუტანე, წადი, ნურას მეურჩები”. ავთანდილ თქუა: “ არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები.

2024. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა დაბურვასა ვინმც ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი, წამღებელმან ვერა თქუას თუ ცუდად ვზიდე, ღამე მზეებრ გაანათლოს, ჩნდის, სადაცა შეხედვიდე.

2025. ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა; იგი ორნივე გაყრისა დაწუა ცეხლისა ალამა; სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; ავთანდილ იტყუის: “მამკლაო სოფლისა მე სამსალამა”.

2026. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაყარნა, წავიდეს თავის თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი, ავთანდილ მიჴდა არაბეთს, ნახა არ ცუდნი ჭირენი.

2027. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშუენა მან; ნახა მზე მისი, მირიდა მისთა სურვილთა წყენამან; მის თანა ტახტსა დავეჯდა, ილხინა მჭურეტთა ლხენამან, გააჴელმწიფა გუირგუინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

2028. მათ სამთავე ჴელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ჴრმალთათ დავეწყლულდეს, მოიმატნეს სამეფონი, გაჴელმწიფდეს, გამორჭმულდეს.