ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

1951. კულა უბრძანებდეს: “გუიამბეთ ამბავი დანარჩომია”. მათ მოაჴსენეს: “პატრონო, ინდოეთს დიდი ომია, მოსულა ხატათ ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია, რამაზ არს ვინმე ჴელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია.

1952. ჯერთ დედოფალი ცოცხალ ა, მკუდართაგან უფრო მკუდარია; იბრძუის ლაშქარი ინდოთა, თუც იმედ გარდამწყდარია; გარეთ ციხენი წაუხუამს ყუელაი გარდამჴდარია, მზეო, თქუენ შუქნი მიფინეთ, ჰაი, რა ავი დარია!

1953. მუნა მყოფსა ყუელაკასა შეეკერა, ჩუენცა, შავი; რამაზს წინა გამოვედით, მისრულად ვთქუით ჩუენი თავი; მეფე ჩუენი დიდი არის, მათ ეწადა მისი ზავი, გამოგუიშვა, წავიდეთო, არა გუიყო ყოლა ავი”.

1954. რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა; ეჯი სამ დღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა; დროშა მისი აიმართა, წინა არა აიფარა, აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა!

ტარიელისაგან ინდოეთს მისულა და ხატაელთ დამორჩილება

1955. ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია; აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკუირუელა, ჰე, დია; ტარიელ ბრძანა: “მოყმენო, აწ თქუენგან რა იმედია? ადრე მოვიცლი იმათგან, ღმერთი და ჩემი ბედია!

1956. ამა ლაშქართა უნახვან კულავ ჴრმალთა ჩემთა კუეთანი; ერთხელ შემებნეს, დავჴოცენ, შევქნენ აბჯართა ფეთანი”. ავთანდილ უთხრა: “რად უნდა თქმანი სიტყუისა მძლეთანი? მათ ვითა მტუერთა წავიჴუამთ, მიხუდეს ფერჴითა ცუეთანი”.

1957. დაეკაზმნეს საომარად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს, ცხენთა შესხდეს უკეთესთა, საჴედარი ასუბუქდეს; ერთმანერთსა აჯობინეს, მჭურეტელთაგან არ გაუქდეს, იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაგან უფრო ბუქდეს.

1958. წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდნეს; ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს, მოაგებეს მჴარ დაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს, აიზიდნეს; “ვისნი ხართო? კითხეს, ხანსა დაზმიდეს.

1959. მათ მოაჴსენეს: “მეფეო, ჩუენ ცუდად დაღორებულნი, რამაზის ჴელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი”. უბრძანა: “წადით, რეგუენნო, თქუენ ჩვენგან გაფიცხებულნი, აცნობეთ თქუენსა პატრონსა, მოვლენ გულითა ქებულნი”.

1960. “უთხარით: “ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია, იგი ჴელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია; ჩემსა ამბავსა გაცნევენ თქუენივე დარაჯანია, შიში ვერ გიჴსნის სიკუდილსა ცუდი ღა დაღრეჯანია!

1961. დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო! ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო? აჰა, მოველ იგი ცეცხლი, რომე წმიდად ამოგდაგო, ჴრმალი ჩემი მოლესული შენსა ზედა დავაბლაგო.

1962. აწ დაემზადე, მოპარვა მე შენი არა მწადიან; შემები, რაზმი დაამწყევ, პირველვე გამიცხადიან: პირ ბოზო, ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან? მე ჩაბალახად გაჴმარებ, რაცა გიმუზარადიან”

1963. დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს. რამაზს უთხრეს ყუელაკაი, დამალვასა ვერა სთმობდეს: “მოვიდაო ინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ყმობდეს, ვინცა ვითა გარდეხუეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს”.

1964. ინდოთა დროშა ტარიელს აქუს და ალამი უბია; დროშა არაბთა მეფისა მისსა თანავე ყუდია; არაბთა, იცის ყუელამან, მათი აბჯარი შუბია, ფრიდონ მზე მოყმე, რომელმან შექმნა სისხლისა გუბია.

1965. ცოტაი წავლეს, გამოჩნდა ხუთასი ცხენოსანანი; შეტევებასა ლამობდეს ყმანი არაბთა თანანი: ტარიელ გაწყრა: “ნუ იქთო”, მისცნა სიტყუისა ნანანი, მოვიდეს, აჩნდეს უაბჯროდ, ქონდეს არც თუ დანანი.

1966. უბრძანა: “ერთხელ კულავც ვნახე რამაზის სიმუხთალია, იმათი ისრე მოდენა ჩუენზედა არ მართალია, ფიცი არა მწამს დღე კრულსა, არცა მაჰმადის რჯულია, ღალატს ეცდების უცილოდ, ეს მათგან გაზრახულია.

1967. აწ შეუტიოთ, ნუ ვარჩევთ, მათ გაუცუდოთ ფლიდობა” ავთანდილ ბრძანა: “ ვაცალოთ, ქნან ჩუენკენ მონაზიდობა; ჩუენცა ცოტანი ვეჩუენნეთ, ვსცნათ მათი ჴმალთა დიდობა, გამოაცხადებს უცილოდ, სადა ჰყავს ლაშქართ ყრილობა.

1968. რამაზ ბრძანა: “ შევეხუეწნეთ, შევეტყუვნეთ საქმით ჩუენით, ვერას უზამთ გოლიათთა, თუ არ ხერხით, თუალთა ჩვენით, შეგუანანებს აქ მოსლუასა, ამოგუაგდებს ლაშქრით ჩუენით, შევეხუეწნეთ ნუ დაგუჴოცო, მოუვიდეთ ნებით ჩუენით.

1969. აღარ აცალეს მათ გმირთა მათ ჴერჴთა გამამრჩევლობა, შესძახეს: “ ნახეთ აწ, რამაზ, ამ ჩუენთა ჴმალთა მკვეთლობა ცოტა წინარე წამოდეგ, არას გიშველის დედლობა, ფრიდონის სიკისკასობა, შენს ლაშქარზედა ქუელობა.