ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

1990. დიდებულნი მოეხუივნეს, მოუზრუნვეს მათ ცოლ-ქმართა; ქალი დაბნდა, მამისათუის ტირილიცა ვერ შემართა, ვარდსა შტონი შთამოსცუივდეს, ზე ვერავინ წამომართა, მუნა კაცთა ვერ ვხედევდი გაცინებით მოღიმართა.

1991. დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად; უბრძანებდა: “რად ვინ სტირთო”, ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად: “ღმერთმან რისხუა მოაქცია წყალობისა გამოსახვად, გუმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გუცალს გლოვა ახვად.

1992. ტარიელ ზედა მოიჭდო მჴურვალთა ცრემლთა მდენელმან; იტყუის თუ: “ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწუა მე ნელმან; დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან, თქუენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან”.

1993. ქალმან დედასა შესტირნა: “ჰაი, მე რა ვქნა, დედაო! წითელ ყუითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო, მამამან ტახტი დასცალა, აღარ სადა ზის ზედაო!” დედამან ცრემლნი მოსწურნა,ეტყუის: “ დადუმდი, ბედ-აო”.

1994. გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები, ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გაჴდა ალვისა მთხელები, დარეჯანს ეტყუის: “რაღა ვთქვათ სიტყუები ბედით ხელები? ჩუენ ყოვლთა გუმართებს ნეტარძი ათასი, არ ერთხელები.

1995. რა გარდაჴდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად; დიდებულნი ეთაყუანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად; იგი მზენი მიეგებნეს, მოეხუივნეს გულის გულად, აკოცეს და მოიკითხეს თავის თავის, თუითეულად.

1996. ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება; ტარიელ თქუა: “დედოფალო, გჭირს ამათი არა მცნება, ესენია მხსნელნი ჩუენნი, აწ არა გუცალს გრძლად უბნება, ამათგან გუაქვს ჩუენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება

1997. ადგეს და ქალაქს შევიდეს, თუით გარდაჴდეს სრასა მთასა; ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყუასა ვითამ ათსა: “ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩუენნი, ვერ დაგუცემენ ყოლ შამათსა, ამად შევიქ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა”.

1998. უბრძანა: “გლოვა გაჴსენით, ქოს წინწილასა კარითო; დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩუენით კარითო: ნახლები თქუენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო, იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო”.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა

1999. დედოფალმან მათ ცოლქმართა თუითო ხელი დაუჭირა, ზედა დასხმა მეფისასა ტახტსა ერთგან გაუპირა, მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქუიტკირა, გლოვა ცუალა სიხარულად, აღარავინ აატირა.

2000. დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიჴადა; დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა; ყუელაკაი დამოსა და საბოძუარი უდიადა, ბრძანა: “ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგუებადა.

2001. ტახტსა ზედა ერთად მსხდომი ტარიელ და ცოლი მისი ერთმანერთსა შეფერობდეს, ქალი ყმისა შესატყუისი; გონება და ანუ ენა გამოსთქმიდა მათმცა ვისი! რამცა გვანდა ჴორციელი სოფელს შვილი ადამისი!

2002. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხუდა მათი საწადელი შვიდი ტახტი საჴელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი, ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

2003. თუით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს; ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასუეს, ქოსნი ჴმათა დაატკბობდეს; მისცე კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს; “ესეაო მეფე ჩვენი!” იზახდეს და ამას ჴმობდეს.

2004. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს; ზედა დასხდეს ჴელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს, ღმერთმან სხუანი ჴორციელნი მათებრნი ღა რა დაბადნეს! ამბობდიან ჭირთა მათთა, ყუელაკასა გაუცხადნეს.

2005. სუმა, პურობა, გახარება ქნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ჴამს, ეგეთსა გარდიჴდიდეს. მათ ოთხთავე თავის თავის ძღუენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათუის საბოძუარსა საჭურჭლესა ერთგან ყრიდეს.

2006. დედოფალმან ასრე ბრძანა: “ობოლ ქურივნი მოასხენით: ყუელაკაი დაამდიდრეთ, საბოძურითა აავსენით”; თუით უბოძა უსაზომო, რომ არ ითქმის კაცთა ენით, “ულოცეთო დღეგრძელობა, ესე ღმერთსა შევედრენით”.

2007. ტარიელ თქუა: “დედოფალო, გკადრებ ერთსა მოსაჴსენსა: “შეიწყალე რამაზ მეფე, მიავალე ღმერთსა შენსა; ვნახე, მეტად შემებრალნეს, შეუშინდა ჴრმალსა ჩუენსა, ღმერთი ალხენს მონანულსა მოცდომილსა, ცრემლ ნადენსა”.

2008. დედოფალმან ლმობიერად “შეუნდობო”, ესე ბრძანა; მოიყუანეს რამაზ მეფე, ჴელმწიფეთა ათაყვანა; ყოვლით კერძო მომღერალთა ჴმები გაეთანისთანა, ჭირთა მათგან გარდაჴდილთა ესე ლხინი შეაგუანა.