ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

1912. თუით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს; ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასუეს, ქოსნი ჴმათა დაატკბობდეს; მისცე კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს; “ესეაო მეფე ჩვენი!” იზახდეს და ამას ჴმობდეს.

1913. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს; ზედა დასხდეს ჴელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს, ღმერთმან სხუანი ჴორციელნი მათებრნი ღა რა დაბადნეს! ამბობდიან ჭირთა მათთა, ყუელაკასა გაუცხადნეს.

1914. სუმა, პურობა, გახარება ქნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ჴამს, ეგეთსა გარდიჴდიდეს. მათ ოთხთავე თავის თავის ძღუენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათუის საბოძუარსა საჭურჭლესა ერთგან ყრიდეს.

1915. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან; “თქუენგან გუჭირს კარგი ყუელაი”, მართ ამას მოიტყოდიან; ვითა პატრონსა სჭურეტდიან, რაც სწადდის, მას იტყოდიან, სადარბაზებლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1916. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკდომილსა: “რაცა შენ ჰქენ არ უქნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; აწ ჰინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა ზედან დაგსუამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

1917. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე; მუნიდაღმა გუმსახურებდი, თავი შენი დაგუამონე!” ასმათ ფერჴნი გარდუკოცნა: “შენგანაო ჩემი ღონე, მონობისა უკეთესი რამც გიშოვნე, რამც ვიქონე!

1918. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყუეს ცოტანი დღენია; თამაშობდიან, უსახო მოუდიოდეს ძღუენია; რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია, მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

1919. ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა, უბრძანებდა: “გული, შენი განაღამცა მომემდურვა; აწ ვაგლახ მენ, ჭირი შენი გონებამან შვიდი თუ რვა, მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა!

1920. კულავ ფრიდონცა დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედა ზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა; სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა, თქუენთუის ასრე მომსურდების, წყაროსათუის ვით ირემსა”.

1921. როსტანისთუის წაატანა ძღუნად ტურფები ჯუბაჩები, კულავ ჭურჭელი თუალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები. “ჩემაგიერ მიუტანე, წადი, ნურას მეურჩები”. ავთანდილ თქუა: “ არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები.

1922. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა დაბურვასა ვინმც ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი, წამღებელმან ვერა თქუას თუ ცუდად ვზიდე, ღამე მზეებრ გაანათლოს, ჩნდის, სადაცა შეხედვიდე.

1923. ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა; იგი ორნივე გაყრისა დაწუა ცეხლისა ალამა; სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; ავთანდილ იტყუის: “მამკლაო სოფლისა მე სამსალამა”.

1924. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაყარნა, წავიდეს თავის თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი, ავთანდილ მიჴდა არაბეთს, ნახა არ ცუდნი ჭირენი.

1925. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშუენა მან; ნახა მზე მისი, მირიდა მისთა სურვილთა წყენამან; მის თანა ტახტსა დავეჯდა, ილხინა მჭურეტთა ლხენამან, გააჴელმწიფა გუირგუინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1926. მათ სამთავე ჴელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ჴრმალთათ დავეწყლულდეს, მოიმატნეს სამეფონი, გაჴელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1927. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს; ობოლ ქურივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს; ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ სწოვდეს, შიგა მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

1928. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა; გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა; ვის გრძლად ჰგონია, მისთუისცა არის ერთისა წამისა, ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა და მისა.

1929. ქართუელთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწუელად, ერთგულთა დამამაგრებლად.

1930. დავითის ქნანი, ვითა ვთქუნე სიჩალხე, სიხაფეთანი! ესე ამბავი უცხონი უცხოთა ჴელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, ვპოვე და ლექსად გარდავთქუენ, ამითა ვილაყფეთანი.

1931. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თუალისა და წამწამისა მსწრობელი! რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ, ბედია მაყივნებელი, ვის არ შეუცულის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.