ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

1932. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა დაუშრომელსა, ტარიელ მისსა რუსთველსა, მისთუის ცრემლ შეუშრომელსა.

ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკუდილის ცნობა

1933. ქედსა ზედა გარდმოადგა მეტად დიდი ქარავანი; კაცები და საჴედრები ერთობ იყო შაოსანი; გარეშემო მოეკუეცნეს უკანამო დალალანი; მეფე ბრძანებს: “მოასხითო, ჩუენ დავყოვნოთ აქა ხანი”.

1934. მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია; უბრძანა:”ვინ ხართ, შავითა რად ტანი შეგიგლესია?” მათ მოახსენეს:”სით მოვალთ, მუნ ასრე დანაწესია, ინდოეთს მისრით მოსრულთა გუივლია გზა უგრძესია”.

1935. გაეხარნეს მათ ვაჭართა ინდოეთით მამავლობა, მაგრა თავი უმეცარ ყუეს, არა მისცეს ყოლა გრძნობა; უცხოურად ეუბნების, მათ ვერა ქნეს მათი ცნობა, არ ესმოდა ინდოური, არაბულად ყუეს უბნობა.

1936. უბრძანეს:”გუითხარ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა”. მათ კადრეს: “ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხუა ზეცისა; დიდსა და წურილსა ყუელასა ცრემლი სდის მზგავსი წუეთისა, მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქუს ვითა შეთისა”.

1937. თუით მათვე მათსა ამბავსა უამბობს, არის წყლიანი: “ფარსადან მეფე ინდოთა, იყო ჴელმწიფე სუიანი, მას ესვა ქალი, მნათობი მზისაცა უფრო მზიანი, კბილ მარგალიტი, ტან ალვა, ღაწვ ბალახშ, ყორან თმიანი.

1938. მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყუარდა. ამირბარმან სიძე მოკლა, ჴმა მეფესა დაუვარდა; იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზარდა, ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაქარდა.

1939. მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა; მით შემართა საშინელი, მზე ჴმელეთსა დაუკარგა; თუითცა მოკუდა უბედური, მართ საცოცხლოდ არად ვარგა, იგი ქალი დაუკარგა, ალვა მორჩი სხუაგან დარგა.

1940. ცნა ამირბარმან, წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად; იგიცა წაჴდა, ინდოეთს გაჴდა მთუარე და მზე ბნელად; ორნივე გარდაიკარგნეს, მათი ღა პოვნა არს ძნელად, მეფემან ბრძანა: “ჰე, ღმერთო, რად ცეცხლსა მამიდებ ნელად?”

1941. მეფე გაშმაგდა მათისა უღონო ქმნილი ძებნისა; ვად შეიცვალა ინდოეთს ჴმა ქოს- წინწილთა, ებნისა; ცოტასა ხანსა გავესძლო დება საჴუმილთა გზნებისა, აწ თუითცა მოკუდა, შეიქნა ბოლო სრვისა და ტკეპნისა”.

1942. რა ვაჭარმან ესე საქმე თქუა, სიტყუანი გააკვლადნა. ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიჴადნა. ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა, ნარგისთაგან ნაწუიმარი ღუარი ადგა, თოვლი გადნა.

1943. მამკალ, ქალსა თავ მოჴდილსა თუ მზე ვითა ეურჩოსა; სული ვარდსა დავამგზავსე, თავმოჴდილი ყაყაჩოსა; თუ ბრძენიცა მაქებარი მისი იჴმობს ვირებ “ჩოსა”, გავს, თუ ტყუბი მარგალიტნი სხენ ბროლისა ჴარჴაჩოსა.

1944. ქალი საბრალოდ მამასა სტირს, ბულბულისა მგზავსია. თმა გაიგლიჯა, გაყარა, ღაწუი ცრემლითა ავსია, ვარდი შექნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა მხავსია, მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დავსია.

1945. იხოჭს და იგლეჯს, ჴმა მაღლად ტირს სიტყუა ჴაფი უარე; სისხლი და ცრემლი თუალთაგან ჩამოსდის გარე უარე: “მოვჰკუეო შენთუის, მამაო, შვილი ყოველთა უარე, ვერა გმსახურე ასულმან, ვერც არა შემოგიარე.

1946. ჩემთვის ბნელ ქმნილო მამაო, ნათელო თუალთა ჩემთაო; ჩემთა რა გაცნევს ამბავსა, გულისა მონაცემთაო; მზეო, რადღა გაქუს სინათლე, რად ღა ანათობ თემთაო? რად არ დაიქეც, ქუეყანავ, რად ღა მართიხარ ზე მთაო?”

1947. ტარიელ მოსთქუამს: “გამზრდელო, ჰა, ჰა, რა საქმე მსმენია. მიკუირს, თუ მზეღა რად ნათობს, რად არა დაუჩენია? მზე მოჰკუე ყოვლთა სულდგმულთა, სოფელი აღარ შენია, ღმერთსა მიმადლე, შემინდევ, რაცა შენ ჩემგან გწყენია”.

1948. მაშინ გაჴდეს ყუელაკანი მტირალად და ცრემლთა მღურელად; დიდი ხანი მოიტირეს თავის თავის გაუყრელად; ავთანდილ და ფრიდონ ტირან გულ სადაგად, არ თუ ჭრელად მაგრა ექნეს სულსა მღებელ, კათოლიკოს მაწყვერელად.

1949. ზე ადგეს და მოაჴსენეს: .. ჰე მნათობნო, ცისა მზენო, დასთმეთ, გული დაიწყნარეთ, ქენით, რაცა მოგახსენო; იგი ღმერთმან გაამაღლა, ვითა ორბი, მისნო ფრთენო. აქ ყოფნა არა გუმართებს, არცაღა გუცალს გლოვად ჩვენო”.

1950. მადლი უბრძანეს, აწუიეს, ქუე დასხეს ზე ადგომილნი მუნვე დგეს იგი ვაჭარნი, პირსა ფერ აერ კრთომილნი; გაკვირვებულნი საბრალოდ, მართ ვერას ვერ მიჴდომილნი; ებრძანა: “ ძმაო, რა გიკუირს, ჩუენ ვართო იგ წახდომილნი.