ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

1853. ტარიელსცა მოაჴსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს, მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწუნი ღებნეს, მიხუდეს მათსა საწადელსა, იგი პოეს, რაცა ძებნეს, ჴელი ჴადეს ჴრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.

1854. მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდაჴდომილმან. დაუყუნა თუალნი ელვამან, მისთა ღაწუთაგან კრთომილმან; გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან, დაუწყო ქება მეფემან, თუით ვერას ვერ მიჴდომილმან.

1855. ეტყუის: “მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო, შენთუის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, მზიანო და მთუარიანო, ეტლად რაო და რიანო? თქუენ საჭურეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო”.

1856. გაკუირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა; ვით მზემან, დაყუნა მჭურეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა; სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა, მისგან დამწუარნი მისციან გულნი ჭურეტითა ლხენასა.

1857. შინა წავიდეს ყოველნი, შინა თავისა დარებად, ჰქონდეს შუიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად, არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხუდარებად, ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად, არებად.

1858. შევიდეს, ნახეს თინათინ მჭურეტთა მიმცემი ჭირისა; სკიპტროსან გუირგუინოსანსა შუენოდა ცმა პორფირისა; მისრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა, შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მგზავსი გმირისა.

1859. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს, მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააჰამეს, იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს, ბროლ ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.

1860. თინათინ ზედა აწუივნა ტახტსა მეფეთა ზეთასა; ტარიელ უთხრა: “შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა, დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა, მე ლომი ლომთა დაგისუა გუერდსა შენ მზესა მზეთასა”.

1861. ორთავე ჴელი მოკიდეს და დასუეს ტახტსა თავისსა; გუერდსა დაუსუეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა; უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა, ნუ ეჭუ მიჯნურად მათებრსა, ნუცა თუ რამინს და ვისსა.

1862. ქალსა შესწბა, გაუკუირდა ავთანდილის გუერდსა ჯდომა, ფერი კრთა და გაუფიცხა შედაგამო გულმან კრთომა; მეფე ეტყუის: “შვილო, ჩემგან გაქუს სირცხუილი თუ რა ზომა, ბრძენთა უთქუამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ წაჴდომა”.

1863. “აწ, შვილო, ღმერთმან თქუენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა, სუე, სუიანობა, დიდობა, კულა ჭირთა გარდუხდელობა, ცამცა ნუ შეგცულის, მოგჴუდების თუით მისებრ შეუცვლელობა, მე მესწრას თქუენი სამარე, მიწათა შემოყრილობა.

1864. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყუანება: “ესეაო მეფე თქუენი, ასრე იქნა ღმრთისა ნება, დღეს ამას აქუს ტახტი ჩემი, მე სიბერე, ვითა სნება, ჩემად სწორად ჰმსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება”.

1865. ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყუანნეს; მოაჴსენეს: “მიწად ვექმნეთ, ვინცა მიწად მიგუიყუანნეს, მორჩილ ქმნილნი დაგუამდიდნეს, ურჩნი მკუდართა დაგუაგუანნეს, მტერთა მკლავნი შეაძუტნეს, გულნი ჩუენნი აგულვანნეს.”

1866. ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა თავსა დება; ქალსა ეტყვის : “შემიყრიხართ, აღარა გწუავს ცეცხლთა დება, ქმარი შენი ძმაა ჩემი, აგრევე მწადს თქუენი დება. ორგულთა და შემცილეთა თქუენთა მე ვქმნა გაფლიდება”.

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან

1867. მას დღე ავთანდილ ჴელმწიფედ ზის და ჴელმწიფე ზენია, მას თანა მჯდომსა ტარიელს შუენიან სინაზენია; ნესტანჯარ ახლავს თინათინს, ვინ მჭურეტთა ამაზრზენია, გავს თუ, ცა მოდრკა ქუეყანად, შეყრილან ორნი მზენია.

1868. რომე გენახნეს ოთხინივ ერთად ტახტსა ზედა მსხდომნი ჯუფთად, აღზრდილიყო სარო ნორჩი, ყმა ახოვნად, ქალი სუფთად, მუნა მყოფთა მათთუის ეძღუნა უშურველად სულნი, მუფთად, წამწამთაგან დაჭრილიყო მჭურეტელთ გული ყიმა ქუფთად.

1869. აბა ეს არის ლხინი და, თუ გინდა ერთა ჭამება! მათთა შუქთა და ელვათა თუალი არ შეედგამება! მუნ შენა მყოფთა გაყრისა ნდომა არ დაეწამება, როსტან ლხინობს და მასპინძლობს, დღე არ მიუჩანს, ღამება.

1870. ქორწილი ავთანდილისა, იგ სხდომა ოთხთა მზეთასა; მუნ კრთომა ელვა-ქუშისა, ციერთ უზენე ზეთასა; ქალთა უტურფეს მნათობთა, ყმათა უმჴნესთა მჴნეთასა, როსტევან ფრიდონს მუჴლ მოყრით ჴელთ ღუინით სავსე ათასა.

1871. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა, ზროხა და ცხუარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა, შეიქნა ძღუნობა ძღუენისა, მათისა შესამგზავსისა, მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა, მზისა მგზავსისა.