ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

1833. დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა. ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა, ჭურეტა ახელებს მჭურეტელთა, ყოფა ქცევისა და ზმისა, დაუწყო თხრობა მეფესა სიტყუისა, ბრძნად ნაკაზმისა:

1834. “მეფეო, თავი მემცრობის მე მისად მოსაჴსენებლად, მაგრა მოსული თქუენს წინა ვარ შემომხუეწლად მქენებლად. თუით იგი იაჯს, რომელიც ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად, ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად.

1835. აწ ამას გკადრებთ ორნივე ხუეწნით და შემუდარებით, ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით, დავიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩუენთავე დარებით, არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხუდარებით.

1836. თქუენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა, მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ ნამკრთალსა; მუხლ მოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა, რომე მისცე ქალი თქუენი მკლავ მაგარსა, გულ ფიქალსა.

1837. ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა”. ამოიღო ჴელ მანდილი, მოინასკუა ზედან ყელსა, ადგა, მუხლნი მიუყარნა, იაჯების ვითა მზრდელსა, გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მომსმენელსა.

1838. რა ტარიელ მუჴლ-მოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა, შორს უკუდგა, თაყუანი სცა, ქუე მიწამდის დაუვარდა. მოაჴსენა: “ჴელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა, თქუენმან აგრე სიმდაბლემან ნახუა თქუენი ჩამადარდა.

1839. ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს, ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყუედცა გინდეს; გებრძანამცა სახლით თქუენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს; სხუა მისებრი ვერა პოოს, ცათამდისცა გაცაფრინდეს!

1840. მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვპოებ ვერა; თუით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქუს და მას ეფერა; ვარდი ახლად იფურჭკუნების, მე ყუავილი დამებერა, რამცა ვკადრე შეცილება, რასაც ოდენ იგი ჯერა!

1841. ქალსაცა კითხეთ, აცნობეთ, იქს თქუენსა გაგონებასა; მათ ერთმანერთი უნდოდეს, მეცა ღმრთით დავრთავ ნებასა; მემცა ნუ ვნახავ ცოცხალი მე რასმე მათსა ვნებასა, რადგან შეყარა მიზეზი, რა მოაქუს დაყოვნებასა!

1842. თინათინს კადრეს ყოველი მეფეთა ნაუბარია; “გწადიან, მიგცე ავთანდილს პირ ბრძენთა საქებარია? ინდოთა მეფე შექნილა, ჩუენს შუა დამწყობარია, აწყა გათავდეს ყუელაი, გული, გულს შენებარია.

1843. ქალმან კადრა, თუ: “ მეფეო, რადღა ვიხმარებ ენასა მაგრამ მოველი მშობლურად თქუენგან არავე წყენასა; თუ თქუენ გაწყინო, ნუმც ოდეს მოველი ზეცით ლხენასა, ბრძანებას ვექმნე მორჩილი, ესე თურე სწადს ზენასა.

1844. თუ შეგერთო ერთი მონა, თქუენთვის არცა მაშინ მშურდა. ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვით მოგმდურდა! თუ ავთანდილ არ მიყუარდა, ასრე მისთუის რად მამსურდა დია, ღმერთო,წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა”.

1845. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყუა მოისმინა, დადრკა, მდაბლად ეთაყუანა, პირსა ზედან დაეფინა. კულა როსტენცა თაყვანის სცა, წამორევლო, წადგა წინა, ერთმანერთი მოიმადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა.

1846. ტარიელ ფრიდონ გაგზავნა მის ყმისა მოსაყუანელად; შეთუალა;”მოდი, გიბრძანებს იგი, შენ ვისად სჩანს ელად; ჭირნი გარდაგჴდეს, მოგაკლდა ცრემლი ღაწუისა მბანელად, ნუღარ ეშიშვი საჴმილსა, შენი დამწუელია ნელად.“

1847. ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა, ესდენ დიდი სიხარული გაეხარნენ მასცა განა, წავიდა და წამოუძღუა, მოიყუანა, მოყუა თანა, მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.

1848. მეფე ადგა,მოეგება; ყმა გარდაჴდა, რა მივიდა; ხელთა ჰქონდა ჴელმანდილი, პირსა მითა იფარვიდა. მზე ღრუბელსა ეფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზრუიდა, მაგრა მისსა შუენებასა რამცა ვითა დაფარვიდა?!

1849. მეფე კოცნასა ლამობდა, აღარა ცრემლნი სდენიან; ავთანდილ ფერჴთა ეხუევის, შუქნი ქუე დაუფენიან; უბრძანა: “ადეგ, ნუ ირცხუი, შენ ზნენი გამოგჩენიან, რადგან მერჩიო, ნუ მერცხუი, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!”

1850. მოეხუია, გარდაკოცნა მან პირისა არემარე: “დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე მარე; ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არემარე, გუალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკენ არე მარე”.

1851. მეფე ყელსა ეხუეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა, ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭურეტს პირსა; იგი მზე და ჴელმწიფობა ასრე მიხუდა, ვითა ღირსა, მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიჴდის კაცი ჭირსა.

1852. ყმა მეფესა მოაჴსენებს: “მიკუირს, სხუასა რად რას ბრძანებ, რად არ გინდა ნახუა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ? მიეგებვი მხიარული, სახლსა თქუენსა მოიყვანებ, შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ”.